
რა წერია „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე მიღებულ ერთობლივ განცხადებაში საქართველოს შესახებ
10/05/2021 17:03:41 პოლიტიკა
დღეს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ვირტუალურ სამიტზე 9 ქვეყნის ლიდერმა ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელშიც, მათ შორის, საქრთველოზეც არის საუბარი.
"ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცედ მხარდაჭერას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში. თავიანთი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებისას ამ ქვეყნებს კვლავ ექნება ჩვენი მხარდაჭერა, მათ შორის, ძალისხმევაში განამტკიცონ მდგრადობა ნებისმიერი გარე ჩარევის წინააღმდეგ", – ნათქვამია პოლონეთის, რუმინეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, სლოვაკეთის, უნგრეთის, ბულგარეთისა და ჩეხეთის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ვირტუალურ სამიტში 9 ქვეყნის ლიდერთან ერთად მონაწილეობა აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც მიიღეს. სამიტზე ყურადღება გამახვილდა ტრანსატლანტიკურ კავშირებზე, შავი ზღვის რეგიონსა და უკრაინაში უსაფრთხოებაზე.