ამირან გამყრელიძე "სინოფარმით" აიცრა
04/05/2021 05:45:02 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ჩინური ვაქცინით "სინოფარმით" პირდაპირ ეთერში აიცრა.
გამყრელიძემ აცრა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიკეთა.
"აცრის და იმუნიზაციის გარეშე ეს პანდემია არ დამთავრდება. მთავარი გზა პანდემიის დასრულებისკენ გადის ჩვენს ქცევებზე. ყველას გვიკეთია დღეს ნიღბები, მივეჩვიეთ ამას, არა? აუცილებელია და გარკვეული პერიოდი კიდევ დაგვჭირდება. ჩვენი მოსახლეობის 60% თუ ავიცრებით ორჯერ, გარე სივრცეში ნიღაბს მოვიხსნით, ანუ თუ ჩამოგვიყალიბდა კოლექტიური ანუ საზოგადოებრივი იმუნიტეტი.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, აქტიურად მივიდეთ ამცრელ პუნტებში და ავიცრათ",- განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში სინოფარმით იმუნიზაციის პროცესი დღეს დაიწყო. ამ დროისთვის ვაქცინაციისთვის 18 წელს ზემოთ 17 613 მოქალაქეა დარეგისტრირებული.
ცნობისთვის: სინოფარმს ამ დრომდე არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული ავტორიზაცია. ჯანმოს ექსპერტთა სტრატეგიული მრჩეველთა ჯგუფი სინოფარმის შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომლითაც გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს მიმართავს. გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ვაქცინის ეფექტიანობა, მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგების მიხედვით, 78.1%-ია.


