ჯანმო–ს ექსპერტთა სტრატეგიული მრჩეველთა ჯგუფი "სინოფარმის" შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს
03/05/2021 15:13:59 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა სტრატეგიული მრჩეველთა ჯგუფი ჩინური ვაქცინის "სინოფარმის" შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს მიმართავს.
გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედით, მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგების მიხედვით, ვაქცინის ეფექტიანობა 78.1%-ია. რაც შეეხება კონკრეტულ ქვეყანას, მაგალითად, ბაჰრეინში ვაქცინის ეფექტიანობა 18-დან 60 წლამდე ადამიანებს შორის 90%-ია. 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შორის - 91%.
ირკვევა, რომ ვაქცინის უსაფრთხოების კვლევაში 16 671 ადამიანი მონაწილეობდა და კვლევის შედეგად არ გამოვლენილა საფრთხის შემცველი გვერდითი მოვლენები;არ ყოფილა ანაფილაქსიის არც ერთი შემთხვევა; ძირითადი გვერდითი მოვლენები იყო ტკივილი ინექციის გაკეთების ადგილას, თავის ტკივილი და დაღლილობა.
კვლევის მესამე ფაზაზე ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მას პლაცებო ჰქონდა მიღებული. კვლევის მესამე ფაზაზე ერთ ადამიანს გამოუვლინდა თრომბი. სავარაუდოდ, გულისრევის 1 და მწვავე დისემინირებული ენცეფალომიელიტის 1 შემთხვევა დაკავშირებულია ვაქცინასთან.
ცნობისთვის: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სინოფარმის ავტორიზაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია.


