რატომ არის ინდოეთის Covid-19–ის კრიზისი გლობალური პრობლემა
29/04/2021 06:50:54 მსოფლიო
ინდოეთი კოვიდ–ანტირეკორდების დამყარებას განაგრძობს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 379 257 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებამ 3 645 ადამიანი იმსხვერპლა. ერთ დღეში ინფიცირების ამდენი შემთხვევა მსოფლიოში დღემდე არსად დაფიქსირებულა.
ინფექცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან სწრაფად ვრცელდება. გადატვირთულია საავადმყოფოები. კლინიკებს ჟანგბადის მარაგი აღარ გააჩნიათ. ქვეყანაში კრემატორიუმები სრული დატვირთვით მუშაობენ.
ინდოეთში Covid-19–ის სხვადასხვა შტამი, მათ შორის ახალი, ინდური ვარიანტი ცირკულირებს. რა როლი აქვს ახალ სახეობას ვირუსის სწრაფ გავრცელებაში და რამდენად საშიშია იგი ჯერ–ჯერობით სრულფასოვნად შესწავლილი არ არის. თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ არსებობს რისკი, კოვიდ–გადატანილი ან კორონავირუსზე ვაქცინირებული პირი ინდური შტამით მაინც დაინფიცირდეს.
ახალი ვარიანტის საშიშროების გარდა, ინდოეთის კორონავირუსის მეორე ტალღა მსოფლიოს სხვა მწვავე პრობლემასაც უქმნის. კერძოდ, ინდოეთი მთავარი მომმარაგებელია "კოვაქსის" პლატფორმის, რომელიც მსოფლიოს დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ვაქცინების სამართლიანი გადანაწილების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.
ინდოეთი "კოვაქსის" პლატფორმას კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების 200 მილიონი დოზის მიწოდებას დაჰპირდა, რომელიც მსოფლიოს 92 ღარიბ ქვეყანაში უნდა გადანაწილდეს. თუმცა თავად ინდოეთში სწრაფად გაუარესებულმა ეპიდვითარებამ, დელი აიძულა პრიორიტეტი საკუთარი მოქალაქეებისთვის მიენიჭებინა.
როგორც "კოვაქსი" აცხადებს, ინდოეთის სერუმ ინსტიტუტმა პლატფორმას ინდოეთში წარმოებული "ასტრაზენეკას" 28 მილიონი დოზა მარტში მიაწოდა, თუმცა ქვეყანას პლატფორმისთვის მარტ–აპრილის პერიოდში კიდევ 90 მილიონი დოზა უნდა გაეგზავნა.
დელიმ უკვე განაცხადა, რომ ეს მიწოდებები შეფერხდება.
"მსოფლიო ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რამდენად ცუდი შეიძლება, იყოს ვაქცინების მიწოდებების დაგვიანება. ეს ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებში მაგალითად, როგორიცაა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ბრაზილია ეპიდვითარება მკვევეთრად გაუარესდება", – განაცხადა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მერკატუსის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა შრუტი რაჯაგოფალანმა.
ცოტა ხნის წინ აფრიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ჯონ ნკენგასონგმა განაცხადა, რომ ინდოეთის მიერ ვაქცინების ექსპორტის შეჩერება, "მთელი კონტინეტისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება".
"კოვაქსი" აცხადებს, რომ ცდილობს, დაგეგმილი დოზების მიწოდებისთვის ყველაფერი გააკეთოს და ამ მიზნით ვაქცინების უფრო მეტ მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
როგორ მეცნიერები აცხადებენ, სწრაფ ვაქცინაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან Covid-19 სწრაფად მუტირებს და სადღეისოდ არსებული ვაქცინების დამცველობა გარკვეული პერიოდის შემდეგ იკლებს.
იხილეთ ასევე: ინდოეთი დახმარების მოლოდინში – კრემატორიუმები კრემაციას ვეღარ აუდიან და სახელდახელოდ აწყობენ ფართებს კოცონებისთვის


