ინდოეთი დახმარების მოლოდინში – კრემატორიუმები კრემაციას ვეღარ აუდიან და სახელდახელოდ აწყობენ ფართებს კოცონებისთვის
28/04/2021 07:30:59 მსოფლიო
ბოლო რამდენიმე კვირაა, მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი ინდოეთში ფიქსირდება. დღე–ღამის განმავლობაში დაავადება 360 960 პირს დაუდასტურდა, კორონავირუსმა 2771 ადამიანი იმსხვერპლა.
ყველაზე მძიმე ვითარება ამჟამად დედაქალაქ დელისა და დასავლეთით მდებარე შტატ მაჰარაშტრაშია, თუმცა ინფექცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან სწრაფად ვრცელდება.
გადატვირთულია საავადმყოფოები. არაერთ ქალაქში კლინიკებს ჟანგბადის მარაგი აღარ გააჩნიათ, რის გამოც მართვითი სუნთქვის საჭიროების მქონე პაციენტები შესაბამისი დახმარების გაწევის გარეშე იღუპებიან.
კრემატორიუმები კრემაციას ვეღარ აუდიან და სახელდახელოდ აწყობენ ფართებს კოცონებისთვის
ქვეყანაში კრემატორიუმები სრული დატვირთვით მუშაობენ. თუმცა როგორც BBC იუწყება, ისინი კრემაციას ვეღარ აუდიან და სახელდახელოდ აწყობენ ფართებს კოცონებისთვის, სადაც დაღუპულებს წვავენ.
ვრცელდება ცნობები, რომ ხელისუფლება ქალაქის პარკებში თავად ჭრის ხეებს, რათა კრემატორიუმებს დაეხმაროს. BBC–ს ინფორმაციით, გარდაცვლილების ახლობლებს კოცონისთვის საჭირო შეშის მიტანასაც სთხოვენ.

WhatsApp, როგორც გადარჩენის საშუალება
ინდოეთის მოსახლეობა საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლების, პრეპარატების, ჟანგბადის მოძიებას WhatsApp-ს საშუალებით ცდილობს. შექმნილია უამრავი ჯგუფი, სადაც ინდოელები ინფორმაციას ცვლიან. ბევრი მათგანი დახმარებას ჟურნალისტებს სთხოვს.
"თითქმის ყველა მათგანს ერთი რამე სურს - თავისუფალი საწოლი საავადმყოფოში, ახლობელი ადამიანებისთვის. ხან მათ დახმარებას ვახერხებ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში - არ გამომდის. არცერთი ექიმი თუ თანამდებობის პირი, რომელსაც მე ვიცნობ, ტელეფონის ზარებს არ პასუხობს. არიან ისეთებიც, ვინც მედიკამენტებს ეძებენ - ძირითადად, ანტივირუსულ "რემდესივირს", რომელსაც ექიმები მხოლოდ ძალიან მძიმე პაციენტებს უწერენ. შავ ბაზარზე წამალი ოფიციალურ ფასზე 10-ჯერ ძვირად იყიდება, თუმცა არც იქ არის მისი შოვნა ადვილი. ამას გარდა, მირეკავენ ჟანგბადის ბალონებისთვის, რომ მათმა ახლობელმა ადამიანებმა სუნთქვა შეძლონ", - წერს BBC-ს კორესპონდენტი ინდოეთში ვიკას პანდი.

როგორ მივიდა ინდოეთი ასეთ რთულ ეპიდვითარებამდე
იანვარში ინდოეთში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი დაახლოებით 20 000–მდე იყო, თებერვალში – 10 000–მდე. თუმცა მარტიდან ინფიცირების მაჩვენებელმა აღმავლობა დაიწყო. აღნიშნულის მიზეზად პირბადეების ტარების და კოვიდ–რეგულაციების დაცვის მკვეთრად შემცირება სახელდება.
გარდა ამისა, ინფიცირების ზრდას ხელი შეუწყო არჩვენების შედეგების გასაპროტესტებლად გამართულმა მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა, ასევე – "ჰინდუს" ფესტივალმა.
ინფიცირების მაჩვენებლი მკვეთრ ზრდასთან ერთად სიკვდილიანობის მაჩვენებელმაც მკვეთრი ზრდა დაიწყო, რადგან კლინიკები კოვიდ–პაციენტების მკურნალობას ვეღარ აუდიან. ქვეყანაში სასიცოცხლო მნიშვნელობის წამლების, ჯანგბადის ბალონებისა და საწოლების დეფიციტია.
რა ვიცით Covid-19–ის ინდური შტამის შესახებ
![]()
ოფიციალური ინფორმაციით, პირველად ინდური შტამი, რომელიც B.1.617–ის სახელითააა ცნობილი, ინდოეთში 2020 წლის ოქტომბერში დაფიქსრდა – დიდი ხნით ადრე პანდემიის მეორე ტალღამდე, რომელიც ქვეყანაში ახლა მიმდინარეობს.
B.1.617–ს “ორმაგი მუტაციის” ვარიანტსაც უწოდებენ.
ინდური შტამის “ორმაგი მუტაციის” სახელით მოხსენიება უკავშირდება იმას, რომ B.1.617-ს აქვს ორი ძირითადი მუტაცია, რაც მას პირველყოფილი ვარიანტისგან განასხვავებს.
მეცნიერების განცხადებით, არსებობს რისკი, რომ კოვიდ–გადატანილი ან კორონავირუსზე ვაქცინირებული პირი ინდური შტამით მაინც დაინფიცირდეს. მათივე ცნობით, რა როლი აქვს ახალ ვარიანტს ვირუსის სწრაფ გავრცელებაში და რამდენად საშიშია იგი ჯერ–ჯერობით სრულფასოვნად შესწავლილი არ არის.
ორმაგი მუტაციური Covid-19–ის შტამი, ამჟამად მსოფლიოს 20–მდე ქვეყანაში, მათ შორის, იაპონიაში, გერმანიაში, ბელგიაში, გაერთიანებულ სამეფოში, შვეიცარიაში, აშშ–ში, სინგაპურში, ავსტრალიასა და საბერძნეთში უკვე ცირკულირებს.
დღეიდან ინდოეთში 18+ პირებს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაზე რეგისტრაცია შეუძლიათ, თუმცა ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტია
დღეიდან ინდოეთში 18+ პირებს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაზე რეგისტრაცია შეუძლიათ, თუმცა ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტია.
ინდოეთში ვაქცინაციის პროცესში იყენებენ, ჩინურ "სინოფარმს", რუსული სპუტნიკ V–ს, ეროვნული წარმოების "Covaxin"–ს და ოქსფორდისა და "ასტრაზენეკას" ერთობლივად შექმნილ ვაქცინას.
მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი მსოფლიოში ვაქცინების უდიდესი მწარმოებელია, ამ დროისთვის მოსახლეობის მხოლოდ 1.6% -ია ვაქცინის ორივე დოზით აცრლი.
ინდოეთში ამჟამად ვაქცინაციას ჯანდაცვის მუშაკებს, ე.წ. ფრონტის წინა ხაზის მუშაკებსა და 45+ ადამიანებს უტარებენ.
ინდოეთი საერთაშორისო დახმარების მოლოდინში
ინდოეთი საერთაშორისო დახმარების მოლოდინშია. დიდი ბრიტანეთიდან გაგზავნილი მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობა უკვე ქეყანაშია. ინდოეთს დახმარებას ჰპირდება საფრანგეთი, ირლანდია, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს ინდოეთში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები გაგზავნოს. მისი თქმით, უკვე ესაუბრა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის და რა რაოდენობის ვაქცინას გაგზავნის.
ინდოეთი ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 201 187 პირი იმსხვერპლა.


