"ფაქტია, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები მუშაობს"
28/04/2021 18:23:21 საზოგადოება
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმის ზურაბ გურულის განცხადებით, ფაქტია, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები მუშაობს.
„ამერიკაში უკვე სერიოზულად შესუსტდა პანდემია. ზრდასრულთა 37% უკვე სრულად აცრილია, 54 %-ს კი ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული. ვაქცინები მუშაობს! ფაქტი სახეზეა. ახლა მთავარია, ბავშვების ვაქცინაციაც ასევე წარმატებით განხორციელდეს და დაავადების გავრცელების ყველა წყარო ამოიკეტება რანდენიმე თვეში", – წერს გურული სოციალურ ქსელში.
ამასთან, იგი გამოეხმაურა "ფაიზერის" განცხადებას, რომლის თანახმად, კოვიდ–საწინააღმდეგო წამალი PF-07321332 შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლოს იყოს მზად:
"ყველაზე სასიამოვნო ცნობა კი, ალბათ, „ფაიზერის“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორის ალბერტ ბურლას განცხადებაა, რომ წლის ბოლოსთვის კომპანია გამოუშვებს წამალს, რომელიც კოვიდის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე მიღებისას მაქსიმალურად შეამცირებს ვირუსის გამრავლების უნარს და დაავადება ძალიან მსუბუქად წარიმართება. ეს წამალი ე.წ. პროტეაზების ინჰიბიტორებს მიეკუთვნება, იმავე კლასისაა, რომლებსაც C-ჰეპატიტის და შიდსის სამკურნალოდ იყენებენ და თრგუნავს იმ ფერმენტს, რომელიც ვირუსს სჭირდება ადამიანის უჯრედებში გასამრავლებლად. ეს უკვე მართლა ფინიშის ხაზზე გასვლას ნიშნავს, მანამ კი გავუფრთხილდეთ ერთმანეთს".


