გამყრელიძე აანონსებს, ვის აცრიან ჩინური “სინოფარმით“
23/04/2021 10:57:18 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინური “სინოფარმით“ ვაქცინაცია, შესაძლოა, გარკვეულ ჯგუფებს ჩაუტარდეთ, კერძოდ, მასწავლებლებს, ბაღის აღმზრდელებს, პოლიციას, იუსტიციის სახლებსა და „ფრონტ-ოფისებში“ მომუშავე ადამიანებს.
„იცით, რომ ქვეყანაში 3 ვაქცინა გვაქვს. „ფაიზერი“, რომლითაც უკვე აიცრა 14 ათასამდე ადამიანი, 2 დღეა მათი მეორე ინექციით აცრა დაიწყო. გვაქვს, „ასტრაზენეკა“, რომლითაც აცრილია დაახლოებით 20 ათასამდე ადამიანი, 15 მაისიდან დაიწყება ხელმეორე აცრები „ასტრაზენეკაზე“. 4 მაისიდან დაიწყება „სინოფარმით“ აცრა, ეს გახლავთ ჩინური ვაქცინა, რომლითაც მსოფლიოში დაახლოებით 150 მილიონი ადამიანია აცრილი. ეს ვაქცინა 100 ათასი დოზით გვაქვს, მალე შემოვა მეორე ჩინური კიდევ 100 ათასი და „სინოფარმის“ დამატებითი ნახევარი მილიონი დოზა კიდე ვიქნება ივნის-ივლისში. გარდა ამისა, ახლა შემოდის „ასტრაზენეკას“ 86 ათასი დოზა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ფაიზერთან“, „ნოვავაქსთან“ და რამდენიმე ვაქცინის მოწოდებაზე. ჩვენ წელს ერთად უნდა შევაგროვოთ დაახლოებით 3.5-3.9 მილიონი დოზა ვაქცინა, რომ ორჯერადად ავცრათ მილიონ 700 000-მდე ადამიანი. თუ ჩვენ ეს ერთად გავაკეთეთ, წლის ბოლოს წერტილს დავუსვამთ ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებას, თანდათან ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რითმს დაუბრუნდება“, - აცხადებს გამყრელიძე.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, სხვადასხვა, მათ შორის, ჩინური კვლევებით, "სინოფარმის" ვაქცინის ეფექტიანობა 79%–დან 86%–ის ფარგლებში მერყეობს. მისი თქმით, "სინოვაკის" ვაქცინამ ბრაზილიური კვლევების თანახმად, 51%–იანი ეფექტიანობა აჩვენა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი მინიმალური ზღვარი 50%-იანი დაცვის ეფექტია.
"შესაბამისად, ორივე ჩინური ვაქცინა ჯდება ჯანმო–ს მიერ დაწესებული ზღვრის ფარგლებში", – დასძინა მან.
11 აპრილს ჩინეთმა აღიარა, რომ მის მიერ წარმოებული, კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა დაბალია და ეფექტის გასაზრდელად მათი კომბინირების შესაძლებლობა განიხილება.
- საქართველომ "სინოფარმის" 100 000 დოზა შეიძინა. ვაქცინა უკვე ქვეყანაშია და როგორც გამყრელიძემ განაცხადა აცრის პროცესი 4 მაისიდან დაიწყება. გარდა ამისა, ჩინეთმა საქართველოს “სინოვაკის” ვაქცინის 100 000 დოზა საჩუქრად გადასცა. აღნიშნული ვაქცინა ჯერ ქვეყანაში შემოტანილი არ არის. როდის დაიწყება ამ პრეპარატით ვაქცინაციის პროცესი უცნობია.


