Accentnews.ge
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „სინოფარმის“ დამტკიცების საკითხს 26 აპრილს განიხილავს, ხოლო „სინოვაკისას“ – 3 მაისს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „სინოფარმის“ დამტკიცების საკითხს 26 აპრილს განიხილავს, ხოლო „სინოვაკისას“ – 3 მაისს

22/04/2021 15:18:20 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდ–საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინების – „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ დამტკიცების საკითხის განხილვას უახლოეს დღეებში გეგმავს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „სინოფარმის“ დამტკიცების საკითხს 26 აპრილს განიხილავენ, ხოლო „სინოვაკისას“ – 3 მაისს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სხვადასხვა, მათ შორის, ჩინური კვლევებით, "სინოფარმის" ვაქცინის ეფექტიანობა 79%–დან 86%–ის ფარგლებში მერყეობს. მისი თქმით, "სინოვაკის" ვაქცინამ ბრაზილიური კვლევების თანახმად, 51%–იანი ეფექტიანობა აჩვენა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი მინიმალური ზღვარი 50%-იანი დაცვის ეფექტია.

"შესაბამისად, ორივე ჩინური ვაქცინა ჯდება ჯანმო–ს მიერ დაწესებული ზღვრის ფარგლებში", – დასძინა მან.

11 აპრილს ჩინეთმა აღიარა, რომ მის მიერ წარმოებული, კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა დაბალია და ეფექტის გასაზრდელად მათი კომბინირების შესაძლებლობა განიხილება.

ჩინური წარმოების ვაქცინა შეძენილი აქვს არაერთ ქვეყანას, მათ შორის – თურქეთს, მექსიკას, ბრაზილიას, ჩილეს, ინდონეზიას, უნგრეთს, სერბეთს და საქართველოს.

  • საქართველომ "სინოფარმის" 100 000 დოზა შეიძინა. ვაქცინა უკვე ქვეყანაშია და როგორც გამყრელიძემ განაცხადა აცრის პროცესი 4 მაისიდან დაიწყება. გარდა ამისა, ჩინეთმა საქართველოს “სინოვაკის” ვაქცინის 100 000 დოზა საჩუქრად გადასცა. აღნიშნული ვაქცინა ჯერ ქვეყანაში შემოტანილი არ არის. როდის დაიწყება ამ პრეპარატით ვაქცინაციის პროცესი უცნობია.

ამჟამად საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია "ფაიზერისა" (29 250 დოზა) და "ასტრაზენეკას" (43 200 დოზა) ვაქცინებით მიმდინარეობს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, UNICEF-სგან მიიღეს ინფორმაცია, რომ 30 აპრილს საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინის 46 000 დოზა ჩამოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S