Accentnews.ge
გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთის აღიარება ვაქცინის არასაკმარისად ეფექტიანობის თაობაზე მხოლოდ "სინოვაკს"  ეხებოდა

გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთის აღიარება ვაქცინის არასაკმარისად ეფექტიანობის თაობაზე მხოლოდ "სინოვაკს"  ეხებოდა

12/04/2021 10:17:22 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთის აღიარება კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის არასაკმარისად ეფექტიანობის თაობაზე ეხებოდა მხოლოდ "სინოვაკს" და არა "სინოფარმს".

"სინოვაკით" აცრილია დაახლოებით, 16 მილიონამდე ადამიანი. ეს ვაქცინა დიდი რაოდენობით შეიძინა, მათ შორის, ბრაზილიამ და ჩილემ და სწორედ ერთ–ერთ ბრაზილიურ კვლევას ეყრდნობოდნენ, როდესაც გუშინ ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა გაო ფუმ განცხადება გააკეთა", – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, სხვადასხვა, მათ შორის, ჩინური კვლევებით, "სინოფარმის" ვაქცინის ეფექტიანობა 79%–დან 86%–ის ფარგლებში მერყეობს. მისი თქმით, "სინოვაკის" ვაქცინამ ბრაზილიური კვლევების თანახმად, 51%–იანი ეფექტიანობა აჩვენა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი მინიმალური ზღვარი 50%-იანი დაცვის ეფექტია.

"შესაბამისად, ორივე ჩინური ვაქცინა ჯდება ჯანმო–ს მიერ დაწესებული ზღვრის ფარგლებში", – დასძინა მან.

ცნობისთვის: გუშინ ჩინეთმა აღიარა, რომ მის მიერ წარმოებული, კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა დაბალია და ეფექტის გასაზრდელად მათი კომბინირების შესაძლებლობა განიხილება.

ჩინური წარმოების ვაქცინა შეძენილი აქვს არაერთ ქვეყანას, მათ შორის – თურქეთს, მექსიკას, ბრაზილიას, ჩილეს, ინდონეზიას, უნგრეთს, სერბეთს და საქართველოს.

საქართველომ "სინოფარმის" ვაქცინის 100 000 დოზა შეიძინა. გარდა ამისა, ქვეყანამ ჩინეთისგან საჩუქრად მიიღო "სინოვაკის" ვაქცინის 100 000 დოზა. თუმცა საქართველოში მათი გამოყენება ჯერ–ჯერობით არ დაუწყებულა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ამ ვაქცინების ავტორიზაციას ელოდებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S