ანდრია ჯაღმაიძე: "როდესაც თბილ სიტყვებს გეუბნებიან, მადლობას უხდი"
09/04/2021 13:00:21 საზოგადოება
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, რატომ გადაუხადა მადლობა საპატრიარქომ „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორებსა და შეკრების მონაწილეებს.
როგორც დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, ეს ადამიანები პატრიარქისადმი სიყვარულს დაუფარავად გამოხატავდნენ.
„რატომ ატყდა ასეთი დიდი ამბავი, საპატრიარქომ მადლობა გადაუხადა ხალხსო? ეს ადამიანები პატრიარქისადმი სიყვარულს გამოხატავდნენ დაუფარავად. ეს ადამიანები არ იღებენ პატრიარქისადმი გამოხატულ შეურაცხყოფას და მოსახლეობის უდიდესი ნაწილია ეს. მადლობა მათ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სახელით, მათ ესმით ჩვენი. უამრავი უცხო ადამიანი დღეს ქუჩაში მაჩერებდა და მადლობას გვიხდიდა და პატრიარქთან თბილ სიტყვებს მაბარებდა. როდესაც თბილ სიტყვებს გეუბნებიან, მადლობას უხდი, ეს მარტივი თავაზიანობაა. დარწმუნებული ვარ ასევე იქცევიან თავად ისინი, ვინც ეს გაიკვირვა“, - აცხადებს ჯაღმაიძე.
ცნობისთვის: გია გაჩეჩილაძის ("უცნობი") ორგანიზებით დღეს დილიდან „ევროპის მოედანზე“ მოქალაქეები შეიკრიბნენ. მოგვიანებით, ისინი საპატრიარქოსთან შეძახილებით –„გვიყვარხარ“, „მადლობა" მივიდნენ. მოგვიანებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა შეკრების ამსახველი ფოტოები წარწერით „მადლობა“.


