წამება, მკვლელობა, სექსუალური ძალადობა, შიმშილი, ქიმიური და კასეტური იარაღი - სირიელები პასუხისმგებლობას პუტინსა და ასადს აკისრებენ
05/04/2021 11:41:44 მსოფლიო
რუსმა უფლებადამცველებმა მოხსენება «10 საშინელი წელი. ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები სირიის ომის დროს» გამოაქვეყნეს. თვითმხილველი სირიელების 100-ზე მეტ ინტერვიუზე დაფუძნებულ დოკუმენტში არაადამიანური წამებისა და მკვლელობის ათასობით ფაქტი, დაბომბვებისა და ბლოკადის რეალობაა ასახული. რუსი უფლებადამცველები პასუხისმგებლობას კონფლიქტის ყველა მხარეს აკისრებენ, თუმცა დარღვევების მნიშვნელოვან ნაწილში დამნაშავედ ასახელებენ ასადსა და მის მფარველ რუსეთს.
დოკუმენტის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა რუსეთს არა მხსნელად, არამედ “დესტრუქციულ გარე ძალად” მიიჩნევს, რომლის “სამხედრო და პოლიტიკურმა ჩარევამ ბაშარ ალ ასადი ხელისუფლების სათავეში გაამაგრა”. “ასადი დიდი ხნის წინ გაქრებოდა, რომ არა პუტინი” – ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოსაზრებაა გამოკითხულთა შორის. «რუსეთი აღიქმება მხარედ, რომელიც უშუალოდაა პასუხისმგებელი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უხეშ დარღვევაზე. გამოკითხულთა ნაწილი პირდაპირ აცხადებს, რომ მათი ახლობლები და ნათესავები რუსულ დაბომბმევს ემსხვერპლნენ», — ნათქვამია მოხსენებაში.
**********************************************************************************************************************************************
წამება
სირიის ციხეში დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა დღემდე ვერც ერთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ვერ მოახერხა. "Human Rights Watch" 2018 წელს წერდა, რომ 2011 წლიდან ოფიციალური ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მიერ დაკავების შემდეგ 90 000-ზე მეტი სირიელი უგზო-უკვალოდ იყო დაკარგული.
ყველაზე ხშირ შემთხვევაში ოპოზიციურ განწყობებში ეჭვმიტანილ მოქალაქეებს სახლებში, სამსახურში ან პირდაპირ ქუჩაში აკავებდნენ. მას შემდეგ მათთან კავშირი თვეობით ან სულაც წლობით წყდებოდა. დაკავებულებს ჯერ პოლიციის განყოფილებებში ამყოფებდნენ, შემდეგ ციხეში გადაჰყავდათ, სადაც ასაკისა და სქესის განურჩევლად ცემდნენ და აწამებდნენ.
«დაკითხვისას ცემა დამიწყეს. მეტალის მილს მირტყამდნენ. შემდეგ ყველანი კამერაში დაგვაბრუნეს, სადაც ერთი კვირა ვრჩებოდით. ახალი დაკითხვები უკვე სხვაგვარი იყო. გვემუქრებოდნენ გაუპატიურებით, ხელებს გვიფათურებდნენ. ასე გრძელდებოდა ორი თვის განმავლობაში: მოითხოვდნენ, “ყველაფერი გვეამბო”, — ყვება მოზარდი გოგო, რომელიც სკოლაშივე დააკავეს.
«დამასკოში ყველანაირი კოშმარი ვნახეთ. ასნი ვიყავით 5 კვადრატული მეტრი ფართის ოთახში. გვეძინა მორიგეობით, ისიც – მხოლოდ გვერდზე. ადამიანები იმ ოთახში უბრალოდ გიჟდებოდნენ. საპირფარეშოში არ გავყავდით – ყველაფერი იქვე ხდებოდა», — ყვება კიდევ ერთი დაკავებული. - "თუკი ვინმე დაიწუწუნებდა, ყველას თვალწინ კლავდნენ".
უფლებადამცველებს კიდევ რამდენიმე ასეთი მაგალითი მოჰყავთ: «ერთმა დიაბეტიანმა ტყვემ თქვა, რომ მისთვის ბრინჯის ჭამა არ შეიძლებოდა. სიკვდილამდე ცემეს, კამერაში მყოფი დანარჩენი ტყვეები კი ერთი თვე აშიმშილეს. ბევრი მათგანი შიმშილით დაიღუპა»; «კიდევ ერთმა ქალმა, პროფესიით მასწავლებელმა, დროზე ადრე იმშობიარა დაკითხვისას, რომლის დროსაც ცემეს. ჯერ ბავშვის ტირილის ხმა გავიგეთ, რომელიც მალევე შეწყდა, მერე – დედის ყვირილი, “რა დაგიშავათ? რატომ მოკალითო?”. ის ქალი აღარასოდეს გვინახავს».
წამებაზე საუბრისას მოწმეები ყველაზე ხშირად პლასტმასის შლანგებითა და რკინის მილებით ცემას, დენით წამებას, რეზინის საბურავში ჩასმული ადამიანების ჯოხებით ცემასა და “გერმანულ სკამს” ახსენებენ. «ხელებს ზურგსუკან გიკრავენ, ფეხებს - სკამის ფეხებზე და გაუძულებენ, უკან გადაიხარო. ბევრმა ვერ გაუძლო, ხერხემალში გადატყდა და დაიღუპა», — ყვება ერთ-ერთი ყოფილი ტყვე.

ციხეში გარდაცვლილთა ნათესავებისა და ახლობლების ის მცირე ნაწილი, რომელსაც ცხედრები გადასცეს, დასკვნებში ან “ინსულტს”, ან “გულის უკმარისობას” კითხულობდა.
ციხეებში წამებისა და სიკვდილიანობის მასშტაბების შეფასება 2014 წელს გახდა შესაძლებელი, როცა ქვეყნიდან სამხედრო პოლიციის საშტატო ფოტოგრაფი-კრიმინალისტი გაიქცა. იგი პირადად იღებდა ციხეებში ფოტოებს და მონაწილეობდა მათი არქივის შედგენაში, რომელშიც ათასობით მსგავსი შემთხვევაა ასახული. ფოტოგრაფმა თან 50 ათასზე მეტი კადრის წაღება მოახერხა.
ხშირად წამება დაკავებისთანავე, უკვე დაკითხვის დროს იწყებოდა. «ჩემი და ჩემს თვალწინ თმით გაათრიეს “დაკითხვების ოთახში” და იქ რაღაც სამთავიანი შლანგით ცემდნენ, სანამ გონება არ დაკარგა. მერე 12 დღე კომაში იყო», — უამბო უფლებადამცველებს ალეპოს უნივერსიტეტის ყოფილმა სტუდენტმა.
გაუპატიურება, როგორც წამების დაშვებული მეთოდი
ციხეების მცველები წამების მეთოდად სექსუალურ ძალადობასაც იყენებდნენ. «ისინი დგებოდნენ მამაკაცების კამერის წინ და ამბობდნენ: “დღეს ერთ ქალს ავირჩევ და გავერთობიო”. უსახელებდნენ მამაკაცებს ნათესავი ან ახლობელი ქალი ტყვეების სახელებს. თუკი რომელიმე ტყვე მამაკაცი საპასუხოდ მათ ქმედებებს გააპროტესტებდა, შედიოდნენ კამერაში და ცემდნენ. ჩემი მეგობარი გოგო მამისა და ძმის წინაშე გააშიშვლეს და ამცირებდნენ – უნდოდათ, მამაკაცებისგან ოპოზიციის მხარდაჭერის აღიარება მიეღოთ. მსგავს შემთხვევებში მამაკაცები, როგორც წესი, ტყდებოდნენ», — ყვება ერთ-ერთი ყოფილი ტყვე ქალი.
ხშირ შემთხვევაში ქალები მათ მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებს მალავენ, რადგან სირიულ საზოგადოებაში ეს ითვლება ლაქად, რომელსაც ვერასოდეს მოიშორებ. უფლებადამცველებს რამდენიმე მსგავსი ფაქტი მოჰყავთ. ერთ-ერთი ქალი 2015 წელს, იმ დროს გაუჩინარდა, როცა სახლიდან მაღაზიაში იყო გასული. რამდენიმე თვეში იგი დაბრუნდა. მთელი სხეული დალურჯებული ჰქონდა, დაფარული სისხლჩაქცევებითა და სიგარეტის ნამწვის კვალით. ქალის სიტყვებით, რეჟიმის ჯარისკაცებმა იგი დაიჭირეს და დამასკოს სიახლოვეს, ქაბუნის განაპირას მდებარე განყოფილებაში გადაიყვანეს. ყოველ საღამოს სამხედროები ტყვე ქალებს შორის ერთს ან ორს ირჩევდნენ და ჯგუფურად აუპატიურებდნენ. შინ დაბრუნებულ ქალს მედიკოსებისთვის არ მიუმართავს – რცხვენოდა და სახლიდან არ გადიოდა, ქმარმა და ნათესავებმა ზურგი აქციეს. დაბრუნებიდან 25 დღეში იგი გარდაიცვალა.
სექსუალურ ძალადობას მამაკაცებიც ექვემდებარებოდნენ. სირიელი იურისტი, რომელიც წამების მსხვერპლებთან მუშაობს, ყვება, რომ მის მიერ გამოკითხულ 400 მამაკაცს შორის ყოველი მეოთხე გაუპატიურებული იყო. 2018 წელს გაერო-ს საერთაშორისო კომისიამ გამოაქვეყნა მოხსენება, რომლის თანახმად, სირიის სამთავრობო ძალების წარმომადგენლებმა არათუ იცოდნენ სექსუალური ძალადობის ფატქების შესახებ, არამედ, მაღალი ალბათობით, დაკავებულთა მიმართ ზეწოლის ამ მეთოდის გამოყენების ბრძანებებსაც გასცემდნენ.
მშვიდობიანი მოსახლეობისა და საავადმყოფოების დაბომბვები
Amnesty International-ის ცნობით, 2011-2014 წლებში დაბომბვებს 200 000-ზე მეტი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. 2015 წელს ომში აშშ და რუსეთი ჩაერთვნენ, რის შემდეგაც საჰაერო თავდასხმების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. «როცა რუსები ან ამერიკელები ბომბავდნენ, იღუპებოდნენ მშვიდობიანი მაცხოვრებლები, “დაეშის” წარმომადგენლები კი იმალებოდნენ… როცა დაბომბვა იწყებოდა, ისინი გვირაბებში ქრებოდნენ, მერე კი – დაბომბვის დასრულების შემდეგ ისევ ჩნდებოდნენ», — უამბო უფლებადამცველებს ერთ-ერთმა ადგილობრივმა. მეორეს თქმით კი, “დაეში” (იგივე “ისლამური სახელმწიფო” – რუსეთში აკრძალული ტერორისტული ორგანიზაცია) მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებდა.
«2016 წლის 25 სექტემბერს რუსული ავიაცია ქალაქს კასეტური იარაღით ბომბავდა, — ყვება ალეპოს მკვიდრი, — როცა პირველი დარტყმა განხორციელდა, კამერა ავიღე და გადასაღებად გავიქეცი. ტაქტიკა ასეთი ჰქონდათ: ჩამოაგდებდნენ ბომბს, ხოლო როცა მისი დაცემის ადგილზე ხალხი შეიყრებოდა დაჭრილების დასახმარებლად, თვითმფრინავი ბრუნდებოდა და მეორე დარტყმას ახორციელებდა. შედეგად გარკვეული მომენტისთვის ხალხს დაჭრილების დასახმარებლად გასვლა უკვე ეშინოდა».
«ბუნკერები ან სხვა თავშესაფრები არ იყო. ხალხი სახლებში რჩებოდა, ოთახებში, რომლებიც მათ ყველაზე უსაფრთხოდ ეჩვენებოდათ, — ყვება ჰომსას მკვიდრი, — მაგრამ როცა რუსები მოვიდნენ, ისეთი ბომბების გამოყენება დაიწყეს, რომლებიც სახურავზე მოხვედრის შემდეგ ვერტიკალურად მთელს შენობას ხვრეტდნენ და შიგნიდან მთლიანად აფეთქებდნენ». მისივე თქმით, ადგილობრივებმა ისწავლეს რუსული თვითმფრინავების ამოცნობა ფრენის სიმაღლით, ხმითა და დამიზნების სიზუსტით: «სირიელი პილოტები მშიშრები არიან, დიდი სიმაღლიდან ისვრიან, რუსები კი უფრო ქვემოთ ეშვებიან და უფრო ზუსტად ახვედრებენ მიზანში».
ცალკე აღნიშნავენ უფლებადამცველები, რომ ასადის რეჟიმი რეგულარულად ახორციელებდა შეიარაღებულ შეტევებს საავადმყოფოებსა და მედპუნქტებზე. ორგანიზაცია Medecins du Monde-ის ცნობით, 2016 წლის ბოლოს, მთელი ალეპოს ასადის რეჟიმის კონტროლქვეშ გადასვლის მომენტისთვის ქალაქში, რომელიც მანამდე ფაქტობრივად ქვეყნის დედაქალაქად ითვლებოდა, არც ერთი მოქმედი საავადმყოფო აღარ დარჩა. ომის დაწყების დროიდან 2020 წლის თებერვლამდე საერთაშორისო ორგანიზაციამ «მედიკოსები – ადამიანის უფლებებისთვის» სულ მციე, 350 სამედიცინო პუნქტზე 595 თავდასხმა აღრიცხა. ამასთან, შეტევების 90%-ზე მეტი სირიის სამთავრობო ძალებისა და მათი მოკავშირეების მიერ იყო განხორციელებული, რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და რუსული არასახელმწიფო შეიარაღებული ფორმირებების ჩათვლით.

ზოგიერთი საავადმყოფო შეტევებს რამდენჯერმე დაექვემდებარა, მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს მათი კოორდინატები ჰქონდათ გადაცემული. «ეს შეტევების გამიზნულ ხასიათზე შეიძლება, მეტყველებდეს», — წერენ უფლებადამცველები. რუსეთს არაერთგზის წაუყენეს სწორედ იმ საავადმყოფოების დაბომბვის ბრალდება, რომელთა კოორდინატებიც გაერო-ს დეკონფლიქტური მექანიზმის ფარგლებში ჰქონდა გადაცემული.
თავის მხრივ, თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს მუდმივად უარყოფდა, აკრძალული იარაღის გამოყენებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვების შესახებ ინფორმაციებს კი “უსაფუძვლო მანიპულაციებს” უწოდებდა.
აკრძალული იარაღის გამოყენება
ომში რუსეთის ჩაბმის შემდეგ უფლებადამცველებმა კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების შემთხვევების მატება დააფიქსირეს. ორგანიზაციის ცნობით, იმ დროიდან აღმოჩენილი ბევრი კასეტური ბომბი რუსეთში ან ყოფილ სსრკ-შია წარმოებული. თავად რუსეთი ამ ბრალდებასაც უარყოფს.
თუმცა ნამდვილად უპრეცედენტოდ სირიის ომი ქიმიური იარაღის გამოყენების თვალსაზრისით იქცა. 2012-და 2018 წლამდე პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციებმა, სხვადასხვა გათვლით, 40-დან 300-მდე ქიმიური შეტევა დააფიქსირეს. ყველაზე სერიოზულად 2012 წელს აღმოსავლეთ გუთაში ზარინის გამოყენებით განხორციელებული შეტევა მიიჩნევა. მას შემდეგ დამკვირვებლები მსგავსი შეტევების ფიქსირებას განაგრძობდნენ. ერთ-ერთი მათგანის – 2017 წლის მარტში განხორციელებული შეტევის შემდეგ მოწამლვისგან თითქმის 100 მოქალაქი დაიღუპა. ამ შემთხვევის კომენტირებისას რუსეთმა, რომელიც სირიასთან ერთად ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფდა, მსოფლიოს მომხდარის თავისებური განმარტება შესთავაზა: სირიის სამხედრო-საჰაერო ძალების დაბომბვას ქიმიური იარაღის წარმოების ცეხები დაექვემდებარა, რომლებსაც ტერორისტები აკონტროლებდნენ და მომწამლველი ნივთიერებების გაჟონვა ამ ცეხების ნგრევამ განაპირობაო.
სწორედ ქიმიური იარაღის გამოყენება იქცა დასავლეთის ქვეყნებისთვის (ბრიტანეთი, საფრანგეთი, აშშ) ერთ-ერთ საბაბად საიმისოდ, რომ 2014 წელს ომში ჩაბმულიყვნენ. რუსეთი ალტერნატიულ წინადადებას აყენებდა: როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, თუ აშშ სამხედრო დარტყმაზე უარს იტყოდა, სირია ქიმიური იარაღის ამკრძალავ კონვენციას შეუერთდებოდა და დაუყოვლებლივ შეუდგომებოდა ვალდებულებების შესრულებას. ასეც მოხდა და 2014 წელს სირიამ მის მიერ გაცხადებული მთელი იარაღი გაანადგურა. თუმცა ქიმიური შეტევები გაგრძელდა, რის საფუძველზეც დამკვირვებლებმა დაასკვნეს, რომ სირიამ საერთაშორისო თანამეგობრობას იარაღის მარაგების ნაწილი დაუმალა. რუსეთი ბლოკავდა გაერო-ს ყველა მცდელობას, გამოძიება ჩაეტარებინა. ჯამში მას სირიასთან დაკავშირებული ინიციატივების მიმართ 12 ვეტო აქვს გამოყენებული.
ზარინით შეტევის შედეგები უფლებადამცველებს გუთელმა ექიმმა აღუწერა:
«ადამიანები ჯერ მხედველობას კარგავენ, შემდეგ სუნთქვის პრობლემები ეწყებათ, პირიდან ქაფი გადმოსდით, დგება პარალიჩი. 30 ბავშვი მყავს ნანახი — უკვე მკვდრები იწვნენ, მაგრამ მაინც ასხამდნენ წყალს. რატომღაც თევზებს მივამსგავსე. ეს არასოდეს დამავიწყდება. მივეჩვიე, რომ დაჭრილები, როგორც წესი, კვნესიან და ტირიან, აქ კი – სრული სიჩუმე. ნაწილი, რომელიც ეპიცენტრთან ახლოს იყო, მაშინვე დაიღუპა. ექიმებმაც კი არ იცოდნენ, რა უნდა მოემოქმედათ, გამოცდილება არ გვქონდა. ასე სწრაფად არ უნდა დაგვეკრძალა. ამას გვიან მივხვდით, როცა 48 საათში ორი ადამიანი, რომელსაც გარდაცვლილად ვთვლიდით, გონზე მოვიდა».
ქალაქები ბლოკადაში
«იყო შემთხვევები, როცა ადამიანები მანქანებს ბავშვის საკვებში ცვლიდნენ. ავეჯს არ ყიდდნენ – შეშად იყენებდნენ და თბებოდნენ. ჭამდნენ კატებს, კუებს, გაზაფხულზე - ბალახს. ქალაქის პარკში სასაფლაო მოაწყვეს – მკვდრებს სხვაგან ვეღარ ატევდნენ», — ასე აღწერდა ერთ-ერთი ადგილობრივი მისი რაიონის ბლოკადაში მოქცევის შემდეგ შექმნილ ვითარებას.
გაერო-მ სირიის არმიის მეთოდი ასე აღწერა: “შიმშილი ან კაპიტულაცია”. ბლოკადის მიზანი კი ის იყო, რომ ეიძულებინათ ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მოსახლეობა, ეს რაიონები დაეტოვებინა. ბლოკადის სხვადასხვა ფორმა სირიის მთლიანი მოსახლეობის 10%-მა გამოიარა, - დაითვალეს უფლებადამცველებმა.
«წარმოიდგინეთ, ქუჩას მიუყვებით, იქ კი ხალხი შიმშილისგან ეცემა … მახსოვს, ადამიანები მაღაზიასთან იდგნენ და უბრალოდ უყურებდნენ საკვების სურათებს... როცა დასაძინებლად მივდიოდით, საკვებზე ვოცნებობდით... გარკვეულ ეტაპზე ძაღლებისა და კატების ჭამა დავიწყეთ. მე, მაგალითად, მომიწია, შემეჭამა კატა სახელად სოფია... ეს როგორ უნდა დავივიწყო?!»
ადგილობრივი ქალის თქმით, ალყაშემორტყმულ ქალაქებს “ბოევიკები” ეუფლებოდნენ:
«იქ რეალურად მოედინებოდა სისხლის მდინარე – თითქოს ჰორორის ჟანრის ფილმში ვიყავით. მერე, როცა შიიტები და სირიის თავისუფალი არმია (ასადის მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი შეიარაღებული დაჯგუფება – რედ.) დაამარცხეს, ერთმანეთში დაიწყეს გარჩევები. უდანაშაულო მოქალაქეები კი ამ დროს შიმშილით იხოცებოდნენ. ხალხი მეტისმეტად იყო დასუსტებული შიმშილით და წინააღმდეგობის გაწევის ძალა ფიზიკურად აღარ ჰქონდა... რომ არა შიმშილი, ისლამისტები ჩვენთან ფეხს ვერასოდეს მოიკიდებდნენ».
2016 წლის ივლისის ბოლოს რუსეთისა და სირიის მთავრობებმა ალეპოდან, სადაც დაახლოებით 250 000 მშვიდობიანი მაცხოვრებელი რჩებოდა, ხალხის გასაყვანად და პროდუქტების შესატანად ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობა დაიწყეს. სერგეი შოიგუმ ასევე ჰაერიდან საკვების, მედიკამენტებისა და პირველადი საჭიროების ნივთების დესანტირების ბრძანება გასცა.
თუმცა ადგილობრივთა მონათხრობის თანახმად, ბევრი დადგა არჩევანის წინაშე: დარჩენილიყო ქალაქში საკვების გარეშე, მუდმივი დაბომბვების პირობებში, თუ ასადის მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე გადასულიყო, სადაც გაურკვეველი მომავალი ელოდა. «მთავრობის მხრიდან მიცნობენ და მდევნიან, რადგან წარსულში რეპორტიორი ვიყავი. ვფიქრობ, თუ იქით გადავალ, დამაპატიმრებენ და მაწამებენ, ან სულაც მომკლავენ. ასეთი საკმაოდ ბევრი კონკრეტული შემთხვევა ვიცი», — განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
სირიელი დევნილები რუსეთში
ომის შედეგად წარმოქმნილი მიგრაციული კრიზისი ყველაზე მასშტაბურად იქცა მეორე მსოფლიო ომის კრიზისის შემდეგ. ყველაზე მეტი დევნილი - 3,6 მლნ ადამიანი თურქეთმა მიიღო, 1 მილიონამდე – ლიბანმა, 790 ათასამდე – გერმანიამ, 700 ათსამდე - იორდანიამ. რუსეთმა კი – ომის საკვანძო მონაწილემ – 9 წლის განმავლობაში თავშესაფარი ჯამში მხოლოდ 4,5 ათასამდე ადამიანს მისცა, თან ისე, რომ დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში რუსეთში სირიიდან 2000-ზე მეტი დევნილი არასოდეს ყოფილა. მაგალითად, 2020 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, რუსეთში სირიიდან მხოლოდ ორი დევნილი იყო, კიდევ 370-მა კი დროებითი თავშესაფარი მიიღო.
ამასთან, დაწყებული 2014 წლიდან, როცა ყველა ქვეყანაში დევნილების რაოდენობამ მკვეთრი ზრდა დაიწყო, რუსეთში იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც დევნილის სტატუსის ან დროებითი თავშესაფრის მისაღებად შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვა მოახერხეს, მკვეთრად შემცირდა. «ამას სხვას ვერაფერს დავარქმევთ – ეს რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტების მიზანმიმართული ქმედებებია სირიის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში თავშესაფრის მოპოვებისა და ცხოვრების გაუსაძლისი პირობების შესაქმნელად», - წერს “მემორიალი”.
«მემორიალი» რუსეთში 16 სირიელ დევნილს გაესაუბრა. შემთხვევათა უმრავლესობაში ქვეყნის არჩევანი ვიზის ხელმისაწვდომობით, ან დამსაქმებლის, ნათესავებისა თუ ახლობლების მიწვევით იყო განპირობებული. სამიგრაციო სამსახურებში ყველა მათგანი წააწყდა უხეშ დამოკიდებულებას, ფორმალობებსა და თანხების გამოძალვას.


