საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი Oxford-AstraZeneca-ს შესახებ "ევროპის წამლის სააგენტოს" განცხადებას ეხმიანება
16/03/2021 17:40:14 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე "ევროპის წამლის სააგენტოს" განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, Oxford-AstraZeneca-ს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინასა და ადამიანის სისხლში თრომბის წარმოქმნას შორის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.
"ბოლო პერიოდში Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებული შეშფოთებების საპასუხოდ დღეს "ევროპის წამლის სააგენტოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ემერ კუკმა განაცხადა, რომ არ არსებობს არც ერთი ნიშანი იმისა, რომ Oxford-AstraZeneca-ს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა ამ პრობლემას იწვევს", – წერს ტიკარაძე სოციალურ ქსელში.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ემერ კუკმა აღნიშნა, "დარწმუნებით შეუძლიათ, თქვან, რომ ვაქცინის სარგებელი მის შესაძლო რისკს გადაწონის".
ცნობისთვის: 15 მარტიდან საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყო. 13 მარტს საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca/Oxford) ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა მიიღო. საქართველოში პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო განმეორებითი აცრა მას შემდეგ ჩატარდება, რაც ქვეყანაში ვაქცინის დამატებითი პარტია შემოვა.
იხილეთ ასევე: ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება არ შეაჩერონ


