Accentnews.ge
"როგორ შეიძლება, განჩინებაში ეწეროს, რომ პროპორციული ძალის გამოყენება შეუძლია პოლიციას?! ეს სასამართლოს ჩანაწერი პირდაპირ მუქარას შეიცავს"

"როგორ შეიძლება, განჩინებაში ეწეროს, რომ პროპორციული ძალის გამოყენება შეუძლია პოლიციას?! ეს სასამართლოს ჩანაწერი პირდაპირ მუქარას შეიცავს"

11/03/2021 11:35:49 საზოგადოება

ადვოკატი ბაჩანა შენგელია სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, პროკურატურას უფლება ეძლევა "ტვ პირველიდან" მასალები ამოიღოს და აცხადებს, რომ განჩინება მუქარის შემცველია.

იგი მიიჩნევს, რომ გამოძიება ჩანაწერების შინაარსთან დაკავშირებით უნდა დაწყებულიყო და არა მხოლოდ მათ გავრცელებაზე.

მისი თქმით, ქვეყენაში ორმაგი სტანდარტი მოქმედებს:

"ამ ქვეყანაში ორმაგ სტანდარტზე დიდი ხანია ვსაუბრობთ. წარმოუდგენელია, როდესაც ჩვენ ამ ჩანაწერებიდან, რაც ტვ პირველის ეთერში გავიდა, გავიგეთ უმძიმესი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია და ეს ჩანაწერები, მათი შინაარსი შეიცავდა უმძიმეს დანაშაულს, ეს იყო ადამიანების დაშინება, ადამიანების წინააღმდეგ ძალადობა, არასრულწლოვანის წინააღმდეგ ძალადობა, რაც იყო ჯგუფურად განხორციელებული, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული...გამოძიება ამ ფაქტებზე უნდა აღძრულიყო, ჩანაწერების შინაარსზე, უნდა გამოკითხულიყო ყველა მონაწილე ადამიანი, და არა ის რომ ამ ჩანაწერების გავრცელებაზე დაწყებულიყო გამოძიება".

ადვოკატი ამბობს, რომ ტვ პირველის მიერ გავრცელებული ჩანაწერები არ შეიძლება, ჩაითვალოს პირად ჩანაწერებად, რადგან "ეს არ არის პირადი და ინტიმური საუბრები", როგორც შენგელიას თქმით,"იყო მაგალითად ყოფილი საგარეო მინისტრის მაია ფანჯიკიძის ჩანაწერი".

"ეს არ შეიძლება პირად ჩანაწერებად ჩავთვალოთ. ეს იყო უმძიმეს დასრულებულ დანაშაულზე საუბარი. პირადი ჩანაწერები იყო, როდესაც ეს ხელისუფლება ავრცელებდა ჩანაწერებს ჰაკიმ ფაშასთან დაკავშირებული, ქალბატონ მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან, ასევე ქალბატონ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით... ხელისუფლების ყველა შტო ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ამ დანაშაულის ჩაფარცხვას. გაუგონარია, სასამართლო განჩინებაში - როგორ შეიძლება ეწეროს, რომ პროპორციული ძალის გამოყენება შეუძლია პოლიციას?! ეს სასამართლოს ჩანაწერიც პირდაპირ მუქარას შეიცავს იმისა, რომ თუ არ მივცემთ, ჩვენ გამოვიყენებთ ძალას. ეს ძალის გამოყენება მათ უკვე ენმ-ის ოფისში სცადეს", - განაცხადა შენგელიამ.

სასამართლომ პროკურატურას "ტვ პირველიდან" მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა. თუმცა, როგორც ირკვევა, პროკურატურამ არა სკანდალური აუდიო ჩანაწერები მოითხოვა, არამედ, კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც ჟურნალისტებს მიაწოდეს.

მოგვიანებით, პროკურატურამ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ არავინ აპირებს "ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას".

ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც „ტვ პირველმა" სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილისა და სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული სატელეფონო საუბარი გაავრცელა, ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები მისი შინაარსის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვდნენ. პროკურატურამ ჩანაწერების გავრცელების მესამე დღეს თქვა, რომ გამოძიებას იწყებდა უკანონო მიყურადებისა და არა საუბრის შინაარსის გამო.

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: „სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს", - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: „ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო".

9 მარტს ბერა ივანიშვილმა "იმედს" ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ საუბარი მისი მოზარდობის პეროდს – 2011 წელს ესება, გარკვეული ჯგუფი მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებდა მისი და მისი მხარდამჭერების მისამართით, დაცვის სამსახურმა კი კანონის ფარგლებში მოახდინა რეაგირება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პასუხს აგებინებს ყველას, ვინც მის ოჯახს შეურაცხყოფს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S