სასამართლომ პროკურატურას "TV პირველიდან" მასალების ამოღების ნებართვა მისცა
11/03/2021 07:57:52 სამართალი
სასამართლომ პროკურატურას "TV პირველიდან" მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა. თუმცა, როგორც ირკვევა, პროკურატურამ არა სკანდალური აუდიო ჩანაწერები მოითხოვა, არამედ, კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც ჟურნალისტებს მიაწოდეს.



ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც „TV პირველმა" სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილისა და სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული სატელეფონო საუბარი გაავრცელა, ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები მისი შინაარსის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვდნენ. პროკურატურამ ჩანაწერების გავრცელების მესამე დღეს თქვა, რომ გამოძიებას იწყებდა უკანონო მიყურადებისა და არა საუბრის შინაარსის გამო.
ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: „სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს", - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: „ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო".
9 მარტს ბერა ივანიშვილმა "იმედს" ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ საუბარი მისი მოზარდობის პეროდს – 2011 წელს ესება, გარკვეული ჯგუფი მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებდა მისი და მისი მხარდამჭერების მისამართით, დაცვის სამსახურმა კი კანონის ფარგლებში მოახდინა რეაგირება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პასუხს აგებინებს ყველას, ვინც მის ოჯახს შეურაცხყოფს.


