
საწვავის, უფუნქციო შტატები, ავტოპარკი, ტენდერები – აუდიტის მიერ აღმოჩენილი დარღვევები თელავის, გურჯაანის, დმანისისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში
26/02/2021 16:23:19 პოლიტიკა, რეგიონები
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა რამდენიმე მუნიციპალიტეტში კვლევა სახელმწიფო ფინანსდების ხარჯვის და ქონების განკარგვის შესწავლა დაასრულა და მთელი რიგი დარღვევები გამოავლინა: საუბარია ხელოვნურად გაზრდილ შტატებზე, ბიუჯეტის არასათანადო ხარჯვაზე, მათ შორის უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე, ტენდერების დროს კონკრეტული კომპანიების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებაზე.
ბორჯომი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი და გამოავლინა, რომ მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2018-2019 წლებში, შესაბამისად, 29% და 14% დააკლდა.
სახელმწიფი აუდიტი მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტში სათანადოდ არ ფუნქციონირებს უკანონო მშენებლობების აღმოჩენისა და მათზე რეაგირების კონტროლის სისტემა. შედეგად, დაბა ბაკურიანში კერძო პირების მიერ მშენებლობების უკანონოდ წარმოება სისტემურ ხასიათს ატარებს. თავის მხრივ, მერია მშენებლების მიმართ არ ატარებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სათანადო ღონისძიებებს.
გარდა ამისა, როგორც სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშია მითითებული, მუნიციპალიტეტმა მგზავრთა შიდა საქალაქო გადაყვანის სატრანსპორტო საშუალებების და ნაგავმზიდების შესყიდვის პროცესში სათანადოდ არ ჩაატარა ბაზრის კვლევა. ამასთანავე, შესასყიდი საქონლის ტექნიკური პარამეტრები განისაზღვრა ისე, რომ ერთი მიმწოდებელი აღმოჩენილიყო უპირატეს მდგომარეობაში. შესყიდვის პროცესში არსებული ნაკლოვანებების შედეგად, მუნიციპალიტეტს არ მიეცა საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად ხარჯვის შესაძლებლობა. განხორციელებული შესყიდვების ფარგლებში მიმწოდებელმა მერიას სამგზავრო ავტობუსები 410.8 ათასლარიანი (31%) ფასნამატით მიაწოდა.
როგორც უწყება აღნიშნავს, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არასაკმარისია: მიუხედავად იმისა, რომ მერიამ წყალმომარაგების სისტემაზე 2018-2019 წლებში 935.8 ათასი ლარი დახარჯა, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მიეწოდება ისეთი წყალი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ სტანდარტებსა და ნორმებს.
გამოვლინდა, რომ 2018-2019 წლებში 413.4 ათასი ლარის ღირებულების სამუშაო შესრულებულია უხარისხოდ და დაზიანებულია.
ამასთან, დასკვნის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მერიამ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ნაცვლად, დააფინანსა ისეთი ბინების რეაბილიტაცია, რომლებსაც მფლობელები ძირითადად გასაქირავებლად იყენებენ.
აუდიტის სამსახურის დასკვნით, ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის ადმინისტრაციამ დაუსაბუთებლად მიიღო გადაწყვეტილება, შეეჩერებინა ცენტრალურ პარკში არსებული საცურაო აუზის ფუნქციონირება. შენობის ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ უფუნქციოდ დარჩენილ აუზს სათანადოდ აღარავინ უვლიდა, რის შედეგად შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია.
ა(ა)იპ – ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის ადმინისტრაცია სათანადოდ არ იყენებს შემოსავლების აღრიცხვის სისტემას. ა(ა)იპ-ს არ აქვს დანერგილი სათანადო კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შემოსავლების სრულად და სამართლიანად ასახვას ბიუჯეტში.
გარდა ამისა, აუდიტის სამსახურმა გამოავლინა, რომ მერიის საკუთრებაში რეგისტრირებულ ავტოსადგომებზე არაუფლებამოსილი პირები ახორციელებდნენ პარკირების საფასურის აკრებას, მაშინ როდესაც მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით ავტოსადგომით სარგებლობა ბორჯომის ტერიტორიაზე არის უფასო.
ამასთან, აუდიტის სამსახური ხელოვნურად გაზრდილ შტატებზე მიუთითებს:
„მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში არ არის შემუშავებული სათანადო საკადრო პოლიტიკა. თანამშრომელთა ნაწილი ფუნქციურად დაუტვირთავია და ზოგიერთი შტატის არსებობა არ არის ობიექტური საჭიროებებით განპირობებული. შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება თანხების არაეკონომიური განკარგვა“.
ამ ფონზე აუდიტის სამსახურმა დაასკვნა, რომ მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახური ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდა არასათანადოდ და ვერ უზრუნველყოფდა მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული რისკების მართვას და შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას.
გურჯაანი
სახელმწიფო აუდიტმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობა შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებასა და კონტროლში არსებული სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო პროექტების განხორციელება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ცხრა ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ 527.3 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს აღენიშნება სხვადასხვა ხარვეზი და პროექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერებით შესყიდვის განხორციელებისას, დაბალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტებს დისკვალიფიკაცია მიანიჭა დაუსაბუთებლად და ხელშეკრულება გააფორმა მაღალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტებთან, რითაც დაკარგა 47.5 ათასი ლარის სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.
დასკვნის მიხედვით, მოსახლეობის წყალმომარაგება ძირითადად ხორციელდება შეფერხებით და დადგენილი სტანდარტების შეუსაბამო წყლით. მუნიციპალიტეტში მცხოვრები 25,087 ოჯახიდან 21,444 ოჯახს წყალი მიეწოდება გრაფიკით. პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს, თუმცა მუნიციპალიტეტს სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია.
აუდიტის სამსახურმა აღმოაჩინა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. მუნიციპალიტეტი შვიდი სამორიგეო ავტომანქანის ნაცვლად, 2018 წელს სარგებლობდა 11, ხოლო 2019 წელს − 18 მუნიციპალური ან თანამშრომლების საკუთრებაში არსებული ავტომანქანით. მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით, რაც იწვევს საბიუჯეტო ასიგნებების არაეკონომიურ ხარჯვას.
როგორც დასკვნაშია მითითებული, მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული კონტროლის მექანიზმები კუთვნილი შემოსავლების ადმინისტრირების მხრივ სათანადოდ არ ფუნქციონირებს:
- მუნიციპალიტეტმა იჯარით გაცემული ქონებიდან 2019 წლის ბოლოსათვის ვერ მიიღო კუთვნილი შემოსავალი 55 ათასი ლარის ოდენობით;
- ბიუჯეტში მობილიზებულმა დასუფთავების მოსაკრებელმა 22.6 ათასი ლარი შეადგინა, რაც ბიუჯეტით დაგეგმილის მხოლოდ 29%-ია.
დმანისი
როგორც ირკვევა, გამოვლენილი დარღვევების კუთხით უკვე მიმოხილულ მუნიციპალიტეტებს არც დმანისი ჩამორჩება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტის ანალოგიური პერიოდის საქმიანობა შეაფასა და აღმოაჩინა, რომ მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები: მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2018 წელს დააკლდა 76%, ხოლო 2019 წელს − 37%.
ამასთან, დასკვნის მიხედვით, ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვის პროცესში არსებული კონტროლის სისუსტეების შედეგად, სამი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ 890.3 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე აღინიშნება ხარვეზები და მათი მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.
გარდა ამისა, ქონების განკარგვის პროცესში არსებული ხარვეზების გამო, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო საიჯარო შემოსავალი და საურავი 195.5 ათასი ლარის ოდენობით.
ირკვევა, რომ წყალმომარაგების პრობლემები დმანისშიცაა: მოსახლეობის წყალმომარაგება ზოგ შემთხვევაში ხორციელდება შეფერხებით, სასმელი წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება. მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია სათანადო ღონისძიებები აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად და არ შეუმუშავებია სამოქმედო გეგმა.
თელავი
აუდიტის დასკვნის მიხედვით, როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები არსებობს თელავის მუნიციპალიტეტშიც: მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას, შესაბამისად, 33.9% და 27.6% დააკლდა.
საყურადღებო მიგნებაა ტენდერებთან მიმართებაში. კერძოდ, დასკვნის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, კონტროლის სისუსტის გამო, მუნიციპალიტეტმა სატენდერო პროცესი წარმართა იმგვარად, რომ დაბალფასიანი სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტი არასამართლიანად იქნა დისკვალიფიცირებული. შედეგად, შესყიდვის ღირებულება 37.8 ათასი ლარით გაიზარდა, რაც არაეკონომიურად განკარგული საბიუჯეტო რესურსია.
ამასთან, ირკვვა, რომ მუნიციპალიტეტმა 291.3 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტის მოწყობაში არაეფექტიანად დახარჯა საბიუჯეტო სახსრები და ვერ მიაღწია პროექტის განხორციელებით დასახულ მიზანს.
სასმელი წყლის პრობლემა: მოსახლეობის წყალმომარაგება ზოგ შემთხვევაში ხორციელდება შეფერხებით და დადგენილი სტანდარტების შეუსაბამოდ, სასმელად უვარგისი წყლით, თუმცა მუნიციპალიტეტს არც სათანადო ღონისძიებები გაუტარებია პრობლემის გადასაწყვეტად და არც სამოქმედო გეგმა შეუმუშავებია. ამასთანავე, წყლის სისტემების მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვაში არსებული კონტროლის სისუსტეების შედეგად, 21.8 ათასი ლარის საბიუჯეტო სახსრები ზედმეტად არის ანაზღაურებული.
ამასთან, ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ ქონების განკარგვა ხორციელდება არაპროდუქტიულად და ბიუჯეტი კარგავს კუთვნილი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.
დასკვნის მიხედვით, მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით, რაც ხელს უწყობს საბიუჯეტო ასიგნებების არაეკონომიურ და არარაციონალურ ხარჯვას.