"რუსეთი ოკუპანტია!" – ქართველი მწარმოებლის მოსმენა რუსეთშიც მოუწიათ

24-02-2021 16:05:50 საზოგადოება

ერთ–ერთი უკრაინელის მიერ სინგაპურში გადაღებულ ფოტოს, რომელიც ანტისაოკუპაციო განაცხადს ასახავს, სოციალურ ქსელში მნიშვნელოვანი გამოხმაურება მოჰყვა: ფოტო ათასობით მოწონებას აგროვებს.

„ჩემი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. რუსეთი ოკუპანტია!“, – ამ ანტისაოკუპაციო ლოზუნგის მატარებელი ქართული ღვინო „კაბის ტონს“ ეკუთვნის.

„პატივისცემა ქართველებს“,– წერს სოციალური ქსელის უკრაინელი მომხმარებელი და ინტერესდება, რამდენ მწარმოებელ-ექსპორტიორს შეუძლია მსგავსი ფორმით სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება.

მეწარმე, რომელსაც სამოქალაქო პოზიციის დემონსტრირების სითამამე ეყო და ინარჩუნებს კიდეც, „აქცენტს“ უყვება, ჟესტი პროტესტს – მოქალაქეობრივ პოზიციას გამოხატავს და კატეგორიულად არ უკავშირდება მარკეტინგულ გათვლებს. ამდენად, რეაქცია მისთვის მოულოდნელიც კი აღმოჩნდა.

კომპანიის ხელმძღვანელი, ღვინის საერთაშორისო ექსპერტი ქეთი ჯურხაძე ამბობს, რომ მსგავსი სურვილი ყოველთვის ჰქონდა, თუმცა მისი რეალიზებისკენ კონკრეტულმა ფაქტმა უბიძგა: აღმოჩნდა, რომ ღვინომ რუსეთის მოქალაქეებისგან დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა:

„სწორედ მაშინ შინაგანი პროტესტის გამო ვთქვი, რომ „მათ ჩემი სათქმელიც უნდა გაიგონ“. ყველა მეუბნებოდა, რომ რეალიზაციის თვალსაზრისით დიდ პრობლემებს წავაწყდებოდი, რომ მსუბუქი ფორმა შეგვერჩია“.

საბოლოოდ კომპანიამ გადაწყვეტილების აღსრულება გადაწყვიტა და ეტიკეტის გამოყენებაც აქტიურად დაიწყო.

ამის შემდეგ იყო დისკუსია, აგრესია: ჯურხაძე ამ კონტექსტში ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე თავის რუს კოლეგებთან კომუნიკაციას იხსენებს:

„გამოფენაზე იყო რუსების სტენდიც. მსგავს პოზიციას რატომღაც, პირად შეურაცხყოფად აღიქვამენ. მათ ჰქონდათ ტრადიციული რიტორიკა, რომ საქართველო რუსეთის გარეშე ვერ იარსებებს“, რომ „ჩვენ დავიწყეთ ომი, რომ რუსულ ბაზარზე ამ ღვინოს ვერ შევიტანდი, რომ ბიზნესს და პოლიტიკას ერთმანეთში ვურევ და ა.შ. ჩემი პასუხი იყო, „ჩვენ არ გვაინტერესებს რუსული ბაზარი, ვინაიდან ყველაზე არამდგრადია“. ავუხსენი, რომ ბევრი რუსი მეგობარი, კოლეგა მყავს და ისინი იზიარებენ ჩემს პოზიციას. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, უბრალოდ მაქვს პერსონალური დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ. მე ვიცი, რა არის ომი, ჩემი ვაჟი სამხედროა. ჩემს ქვეყანას რომ სტუმრობ, მიმტკიცებ სიყვარულს, როდესაც ჩემს თავზე ბომბები ცვიოდა, რატომ არავინ აღმოჩნდა, რომელიც წითელ მოედანზე იგივეს ხმამაღლა იტყოდა?! გამოდის, რომ ყველას ერთი პატარა კაცის შეეშინდა?! ჩემდა გასაკვირად, ამ საუბრის შემდეგ მათი დამოკიდებულება შეიცვალა, სტენდთან მიმიწვიეს და ჩვენი ღვინოც იყიდეს“.

ჯურხაძე გვიყვება, რომ ღვინოს, რომელსაც ისედაც შეზღუდული რაოდენობით აწარმოებს, რუსეთში არ გზავნის, მაგრამ ღვინო ამავე ეტიკეტით იქაც აღმოჩნდა მოქალაქის მცდელობით – ის სხვადასხვა პროდუქციის შესყიდვითა და შემდეგ ქვეყნის ფარგლებს გარეთ რეალიზებითაა დაკავებული.

კომპანიას ღვინო შეაქვს შვედეთში, გერმანიაში, ჩინეთში, აშშ–ში ნიმუშებია გაგზავნილი, სინგაპურში კი ეტიკეტის გამო იყო მცირე პრობლემები, რადგან იმპორტიორისთვის ღვინის შესაფუთ ყუთსა და თავად ღვინის ბოთლებზე დატანილი ეტიკეტი მოულოდნელი აღმოჩნდა:

„სინგაპურში კანონი კრძალავს ნებისმიერ პოლიტიკურ განაცხადს. იმპორტიორის თხოვნა იყო, რომ თუ რეალიზება გაუჭირდებოდა, გვეფიქრა ეტიკეტის შეცვლაზე“.

თუმცა მწარმოებელმა პრინციპული პოზიცია შეინარჩუნა, ღვინო ბაზარზე მოხვდა და ფოტო, რომლითაც ამბის თხრობა დავიწყეთ, სინგაპურშია გადაღებული:

„ეტიკეტი შენარჩუნდება სანამ რამე არ შეიცვლება“,– ამბობს ჯურხაძე და ახალი პარტიის რეალიზაციისთვის ემზადება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები