ქოქიაშვილი: „ბატონმა იმნაძემ საკუთარ თავს მიაყენა შეურაცხყოფა და არა ჩვენ“
04/02/2021 15:26:11 საზოგადოება
გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებას დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.
„ბატონმა იმნაძემ თავის საქმეს მიხედოს. საცივს ვინც აკეთებს, იმიჯით დაბლა მდგომი ადამიანია, თუ რას ნიშნავდა მისი განცხადება? ეს ძალიან მადესკრიდიტირებელი განცხადება იყო და ამით ბატონმა იმნაძემ თავის თავს მიაყენა შეურაცხყოფა, არა ჩვენ, რადგან ჩვენ ძალიან გემრიელ საცივს, ხინკალს და ა.შ. ვაკეთებთ. ბატონი იმნაძე თავის სექტორში სწორ ნაბიჯებს რომ დგამს, ამაში ეჭვი მეპარება, ჩვენ რომ გემრიელ საკვებს ვამზადებთ, ამაში ეჭვი არავის ეპარება“,– განაცხადა თემის კომენტირებისას რესტორატორმა "ფორმულას" ეთერში.
მანამდე იმნაძემ რესტორატორთა მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა: „მე სხვის საქმეში არ ვერევი და საცივის გაკეთებას არავის ვასწავლი, არც ხინკლის მოხვევას, არ არის ეგ ჩემი საქმე, ამიტომ ყველამ თავის საქმეს მიხედოს“.
რესტორატორები შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით 6 თებერვალს დაუმორჩილებლობის აქციას და გახსნას გეგმავდნენ, თუმცა აქცია 20 თებერვლისთვის გადადეს.


