Accentnews.ge
რესტორატორებმა პროტესტი გადადეს

რესტორატორებმა პროტესტი გადადეს

04/02/2021 15:04:38 საზოგადოება

რესტორატორებმა დაუმორჩილებლობის აქცია 20 თებერვლამდე გადადეს,– ამის შესახებ „ფორმულას“ ეთერში გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ქოქიაშვილმა განაცხადა.

მან დადებითად შეაფასა მთავრობის გადაწყვეტილება რიგი შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე, მათ შორის ის, რომ 15 თებერვლიდან იხსნება რესტორნების ღია სივრცეები, თუმცა თვლის, რომ ეს რესტორატორთა პრობლემებს არ აგვარებს, რომ მნიშვნელოვანია დახურული სივრცეების გახსნა, რათა იჯარის გადახდა იყოს შესაძლებელი.

„ვიმსჯელეთ რესტორატორებმა. 6 თებერვალს აუცილებლად მივალთ აქციაზე, მაგრამ გადავწყვიტეთ, დაველოდოთ 15 თებერვალს – გახსნას, 5 დღე გავითვალისწინოთ რეგულაციები, დავანახოთ, რომ ჩვენი სექტორი ამ ხუთი დღის განმავლობაში სწორად მართავს რეგულაციებს. 20 თებევრლიდან აუცილებლად გავიხსნებით, თუ ხელისუფლება არ მოგვაწოდებს სამოქმედო გეგმას, რომელიც, სამწუხაროდ, დღევანდელ შეხვედრაზე [მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან – რედ.]არ არსებობდა. საჯარო უწყებებიდან პასუხი იყო, „დაველოდოთ, როგორ განვიარდება სიტუაცია და ამის მიხედვით მოგცემ გახსნის საშუალებასო“. ამდენად, შაბათს დაუმორჩილებლობას არ ვაცხადებთ, მაგრამ 20 თებერვალს აუცილებლად გავიხსნებით, ხელისუფლებას კი მოვუწოდებთ, წარმოდგვიდგნოს სამოქმედო გეგმა“,– განაცხადა ქოქიაშვილმა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება პრემიერ–მინისტრის დღევანდელ განცხადებასთან არაა კავშირში და მას მოუწოდებს, „მუქარას შეეშვას“:

„ეს მუქარა გაჭირვებულ ხალხში მეტ აგრესიას იწვევს. ჩვენ უკან არ დაგვიხევია. უბრალოდ ვამბობთ, ორი კვირა რაღაცნაირად მოვითმენთ, თუმცა სასწრაფოდ მოგვაწოდონ რეგულაციები და ეს რეგულაციები, სამოქმედო გეგმა ერთად გავაკეთოთ – ჩვენც ჩაგვრთონ. თუ ასე არ მოხდება, 20 თებერვალს ვაპირებთ, გახვსნათ რესტორნები, როგორც ვაპირებდით 6 თებერვალს“.

მისი თქმით, 6 თებერვალს 200–მდე რესტორანი აპირებდა დაუმორჩილებლობის აქციაში ჩართვას, მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომელიც სექტორში პროტესტზე ერთგვარ გამოძახილადაა აღქმული, სექტორს მეტი თავდაჯერება შესძინა, რომ მსგავსი პროტესტი მუშაობს და 20 თებერვალს მეტი რესტორანი გეგმავს გახსნას, ვიდრე აქამდე გეგმავდა.

დღეს, 4 თებერვალს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ რესტორატორებს დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სანქციები დაეკისრებათ, ამასთან, ვერ ისარგებლებენ სამთავრობო პროგრამებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S