ჟღენტი – სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: „რუსეთი რეაგირების 3 გზას აირჩევს, ერთ-ერთი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაა“

21-01-2021 21:41:48 კომენტარი

საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის (GIEV) დამფუძნებელს, ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილ ელჩს მამუკა ჟღენტს რუსული მედიის მთავარი აქცენტი, თითქოს ევროსასამართლომ აგვისტოს ომზე რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი არ დააკმაყოფილა, ჩრდილოეთ კორეის მედიის ნიუსებს ახსენებს, როდესაც მათ 2014 წელს მოსახლოებას მსოფლიო ჩემპიონატზე დამარცხებული გუნდის გამარჯვება აზეიმეს:

„სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი საქმეები თითზეა ჩამოსათვლელი და კიდევ უფრო იშვიათია, როდესაც ასეთ საქმეებში მოპასუხე სახელმწიფოს მიიჩნევენ კონვენციისა და მისი ოქმების ისეთი მნიშვნელოვანი მუხლების დამრღვევად, რაც დღეს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ვიხილეთ საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღდმდეგ“. მეტიც, ევროპულმა სასამართლომ, რუსეთი ასევე სცნო კონვენციის 38-ე მუხლის დამრღვევად, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი სრულად არ თანამშრომლობდა სასამართლოსთან ამ საქმის მსველობისას.

რუსულ მედიაში გავრცელებული „ფეიქ“–ნიუსები, თითქოს, სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს სარჩელი, დაახლოებით, იგივე კატეგორიის ინფორმაციაა, როგორიც მაგალითად, ჩრდილო კორეის მედიით გავრცელებული ნიუსი, რომ ამ ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა გაიმარჯვა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე“.

ჟღენტი „აქცენტთან“ ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი მიდგომა პროგნოზირებადი იყო:

„ველოდი რომ რუსეთი აირჩევდა რეაგირების სამ ფორმას:

  • იგნორს ან ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას ქვეყნის შიგნით ძირითადად, პროკრემლინური მედიის მეშვეობით;
  • ე.წ.ზორკინის "სუვერენული დემოკრატიის" დოქტრინის პრიმატს, რომლის თანახმადაც, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და გაუქმდება, თუ ამას ასეთად მიიჩნევს რუსეთის საკონსტიტუციო ან უზენაესი სასამართლო;
  • გააჭიანურებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას - ჯერ არ წარადგენს სასამართლოს მიერ მოთხოვნილ გადაწყვეტილების შეფასებას 12 თვის განმავლობაში, ხოლო შემდგომ ან პარალელურადაც ეცდება პროცესის გაწელვას მინისტრთა კომიტეტში, რომლის მანდატშიც შედის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობა“.

ჟღენტის შეფასებით, საქმე, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოში ბოლომდე დასრულებული არ არის და მიუხედავად იმისა, რომ „რაც მივიღეთ, თითქმის იმის მაქსიმუმია, რისი მოლოდინიც გვქონდა ან უნდა გვქონოდა, აუცილებელია მუშაობის გაგრძელება რათა მოხდეს მაგალითად, კომპენსაციის საკითხის გადაწყვეტა, მინისტრთა კომიტეტში პროცესის ჩვენთვის სასარგებლოდ წარმართვა, მათ შორის – ვადების თვალსაზრისით“.

რაც შეეხება ევროსასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილს, რომელიც 8-12 აგვისტოს პერიოდს ეხება და რაზეც აპელირებს რუსეთის იუსტიციის სამინისტრო, ჟღენტის შეფასებით, „სასამართლოს არსად უთქვამს, რომ რუსეთი არ ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ამ პერიოდში“:

„უბრალოდ, სასამართლომ რამდენიმე არგუმენტი აირჩია, რომლის თანახმადაც:

  1. ეს უფრო ჰუმანიტარული სამართლის, ვიდრე ადამიანის უფლებათა სფეროს განეკუთვნება,
  2. დარღვევათა სიხშირის გამო სასამართლო მოკლებული რესურს ეფექტურად გამოიძიოს აღნიშული დარღვევები და შესაბამისად, არ „მოკიდა ხელი“. აღსანიშნავია, რომ ეს პოზიცია არ იქნა ერთხმად გაზიარებული დიდი პალატის მოსამართლეების მიერ და ამ ყველაფრის ახსნა ძალზედ კვალიფიციურად და დასაბუთებულად მოახერხა მოსამართლემ საქართველოდან – ლადო ჭანტურიამ მის განსხვავებულ მოსაზრებაში, რომელიც ასევე დართულია სასამართლოს საქმეზე“.

ამასთან, ჟღენტს რუსული პროპაგანდა იუსტიციის ყოფილი მინისტრის თეა წულუკიანის დამოკიდებულების პოზიციონირებას აგონებს:

„რუსული პროპაგანდა, რომელიც სასამართლოს ზემოაღნიშნულ მიდგომაზეა დაფუძნებული, წააგავს საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრის არგუმენტაციას, როდესაც „ვანო მერაბიშვილი – საქართველოს წინააღმდეგ“ წაგებულ საქმეში არგუმენტად მოჰყავდა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მერაბიშვილის ადვოკატების სარჩელის ნაწილი სხვადასხვა მუხლთან მიმართებაში. რეალურად, კი სასამართლომ, როგორც მერაბიშვილის, აგვისტოს ომის საქმეშიც აღიარა კონვენციის უმნიშვნელოვანესი მუხლების დარღვევა მოპასუხე მხარეების მიერ“.

იხილეთ ასევე:

აგვისტოს ომი: სტრასბურგის გადაწყვეტილების რუსული ინტერპრეტაცია

რას შეცვლის სტრასბურგის ისტორიული გადაწყვეტილება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები