აგვისტოს ომი: სტრასბურგის გადაწყვეტილების რუსული ინტერპრეტაცია

21-01-2021 19:17:37 პოლიტიკა

2008 წლის აგვისტოს ომზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ზეიმით მოსკოვშიც შეხვდნენ: კომენტარებსა თუ გადაწყვეტილებისადმი მიძღვნილ ინფორმაციებში ყურადღება მხოლოდ 2008 წლის 8–12 აგვისტოს ეპიზოდზე მახვილდება.

მაგალითად, „ეხო მასკვა“ მკითხველს უამბობს, რომ ევროსასამართლომ „დაუსაბუთებლად მიიჩნია საქართველოს ბრალდება რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთისა და ცხინვალის გამო“.

რაც შეეხება სასამართლოს მიერ ევროკონვენციის მთელი რიგი მუხლების დარღვევას, მათ შორის – წამების, მკვლელობის თაობაზე, მედიასაშუალება მათზე ყურადღებას არ ამახვილებს, მხოლოდ აღნიშნავს, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მოსკოვი „შესაძლოა, იყოს პასუხსიმგებელი ომის აქტიური ფაზის შემდეგ მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე“ და რომ ეს „ვარაუდი“ მიიჩნიეს თბილისში წარმატებად.

ანალოგიური სულისკვეთებაა გადაწყვეტილებისადმი rtvi–ს მიერ მიძღვნილ ინფორმაციაში.

მათ არც რუსული „კომერსანტი“, „ლენტა.რუ“, ნიუს.რუ“ და სხვა რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ჩამორჩნენ.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ხაზი გაუსვა სტრასბურგის გადაწყვეტილებას 8-12 აგვისტოს მონაკვეთთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ „უსაფუძვლოდ მიიჩნია საქართველოს ბრალდებები რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის 8-12 აგვისტოს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“.

„ჩვენ შევძელით ევროპელი მოსამართლეების დარწმუნება იმაში, რომ 2008 წლის 8-12 აგვისტოს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების სამართლებრივი შეფასება რუსეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება“,– განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა სტრასბურგის სასამართლოში მ.ლ. ხალპენინმა.

მისი თქმით, „ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ვერ იქნა ნაპოვნი რუს სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამოქალაქო უფლებების დარღვევის ერთი შემთხვევაც კი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს“.

ამასთანავე, რუსეთის იუსტიციის სამინისტრო წერს, რომ ის „არ ეთანხმება რიგ დასკვნებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მომხდარ ინციდენტებზე რუსული მხარის პასუხისმგებლობის [ფაქტობრივი კონტროლის] საკითხს, იმის გათვალისწინებით, რომ მოვლენებში რუს სამხედრო მოსამსახურეთა უშუალო მონაწილეობა არ დადგენილა“.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, როგორი ინტერპრეტაციებიც არ უნდა მოჰყვეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის მხრიდან, 8 აგვისტოდან ოქტომბრამდე პერიოდი არის “ერთიანი პროცესი” და ევროპული სასამართლოს მიერ უკვე სამართლებრივად დადასტურებულია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეთქნიკური წმენდა რუსეთის მიერ.

"სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი საქმეები თითზეა ჩამოსათვლელი და კიდევ უფრო იშვიათია, როდესაც ასეთ საქმეებში მოპასუხე სახელმწიფოს მიიჩნევენ კონვენციისა და მისი ოქმების ისეთი მნიშვნელოვანი მუხლების დამრღვევად, რაც დღეს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ვიხილეთ საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღდმდეგ“. მეტიც, ევროპულმა სასამართლომ, რუსეთი ასევე სცნო კონვენციის 38-ე მუხლის დამრღვევად, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი სრულად არ თანამშრომლობა სასამართლოსთან ამ საქმის მსველობისას.

რუსულ მედიაში გავრცელებული „ფეიქ“–ნიუსები, თითქოს, სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს სარჩელი, დაახლოებით, იგივე კატეგორიის ინფორმაციაა, როგორიც მაგალითად, ჩრდილო კორეის მედიით გავრცელებული ნიუსი, რომ ამ ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა გაიმარჯვა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე“,– ასე აფასებს რუსული მედიის სულისკვეთებას საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის (GIEV) დამფუძნებელი, ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილ ელჩი მამუკა ჟღენტი.

რა დაადგინა სტრასბურგმა ომიდან 13 წლის შემდეგ

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის 17-მოსამართლიანმა კოლეგიამ დაადგინა:

1. 11 ხმით 6-ის წინააღმდეგ, რომ საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში (8-დან 12 აგვისტომდე პერიოდში) განვითარებული მოვლენები არ იყო მოქცეული რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის;

2. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ცეცხლის შეწყვეტის (12 აგვისტოს) შემდეგ განვითარებული მოვლენები ექცეოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში;

3. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა) მუხლებისა და პირველი მუხლის პირველი პროტოკოლით გათვალისწინებული უფლებების (საკუთრების უფლების) დარღვევის პრაქტიკას;

4. ერთხმად, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სამხრეთ ოსურმა ძალებმა დააკავეს ცხინვალში დაახლოებით 10-დან 27 აგვისტომდე პერიოდში, ექცეოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში პირველი მუხლის მიზნებიდან გამომდინარე;

5. ერთხმად, რომ ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების (წმების აკრძლვა) დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას, — საქართველოს 160-მდე დაკავებული მოქალაქის მდგომარეობისა და მათდამი ჩადენილი ღირსების შემლახავი აქტების სახით, რამაც მათი ტანჯვა გამოიწვია და ჩაითვალა, როგორც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა;

6. ერთხმად, რომ ადგილი ჰქონდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული უფლებების (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რაც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეების შერჩევით დაკავებასთან 2008 წლის აგვისტოში;

7. ერთხმად, რომ ცხინვალში 8-17 აგვისტოს პერიოდში დაკავებული ქართველი პატიმრები ექცეოდნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში, პირველი მუხლის მიზნებისათვის;

8. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების (წამების აკრძალვა) ადმინისტრაციულ დარღვევას — წამების მსხვერპლნიც ქართველი პატიმრები იყვნენ;

9. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სამხრეთ ოსეთში ან აფხაზეთში დაბრუნების საშუალება არ მიეცათ, რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში მოექცნენ;

10. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა მე-4 პროტოკოლის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უფლებების (გადაადგილების თავისუფლების) დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას, — ქართველების საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალება არ მიეცათ;

11. ერთხმად, რომ არ დადგინდა 1-ლი პროტოკოლის მე-2 მუხლის (განათლების უფლების) დარღვევა;

12. ერთხმად, რომ რუსეთის ფედერაციას ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულება, რომ ადეკვატურად და ეფექტურად გამოძიებინა არა მხოლოდ ის მოვლენები, რაც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ (12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ) მოხდა, არამედ ცეცხლის აქტიურ ფაზაში (8-დან 12 აგვისტომდე პერიოდში) მომხდარი ფაქტებიც;

13. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტი;

14. ერთხმად, რომ არ იყოს საჭიროება, სასამართლოს ცალკე შეესწავლა აპლიკანტი მთავრობის (საქართველოს) საჩივარი მე-13 მუხლის დარღვევის შესახებ სხვა მუხლებთან მიმართებაში;1. [მე-13 მუხლი სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალების უფლებას იძლევა ყველასთვის, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, — მას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა]

15. 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ რესპონდენტმა სახელმწიფომ (რუსეთმა) არ შეასრულა 38-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები;1. [38-ე მუხლი ამბობს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს მხარეთა წარმომადგენლებთან ერთად და, საჭიროების შემთხვევაში, აწარმოებს გამოძიებას, რომლის ეფექტიანად წარმართვისათვის შესაბამისი სახელმწიფოები მას უზრუნველყოფენ ყველა აუცილებელი საშუალებით].

16. ერთხმად, რომ ჯერჯერობით ვერ იქნება გადაწყვეტილება მიღებული 41-ე მუხლთან დაკავშირებით (ეს მუხლი გულისმხობს სამართლიან დაკმაყოფილებას)სასამართლომ გამიჯნა 8-12 აგვისტოს, ანუ ცეცხლის აქტიურ ფაზაში განვითარებული მოვლენები იმ მოვლენებისგან, რაც ცეცხლის შეწყვეტის შემდგომი (12 აგვისტოდან) პერიოდში განვითარდა.სასამართლომ 11 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში (8-დან 12 აგვისტომდე პერიოდში) განვითარებული მოვლენები არ იყო მოქცეული რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის [კონვენციის პირველი მუხლი ამბობს, რომ მხარეები დაიცავენ ყველას უფლებებსა და თავისუფლებებს თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში]. შესაბამისად, სასამართლომ საქართველოს ეს მოთხოვნა დაუშვებლად სცნო.

ამ ეპიზოდის გასაანალიზებლად საქართველოში სტრასბურგის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს ელიან.

„სასამართლო აღნიშნავს, რომ რუსეთს აქვს პასუხსიმგებლობა, გამოიძიოს ფაქტები. ეს არ ნიშნავს რუსეთის როლის გამოთიშვას 6–12 აგვისტოს ფარგლებში. როგორც ჩანს, სასამართლომ იმსჯელა დარღვევებზე, რაც სეპარატისტული ძალების მიერ იყო ჩადენილი, მაგრამ რაკი რუსეთს ვალდებულება აქვს, გამოიძიოს, გულისხმობს, რომ აქვს პასუხისმგებლობაც“,– განმარტავს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი 2008-2016 წლებში ლევან მესხორაძე .

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არის სამი უმთავრესი ასპექტი, რომელსაც საქართველო წლების განმავლობაში სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე ამტკიცებდა და დღეს უკვე სასამართლოს იურიდიული დოკუმენტით გამყარებულია:

· ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი;

· რუსეთი ახორციელებდა და ახორციელებს ამ ტერიტორიების ოკუპაციას;

· რუსეთმა განახორციელა და ადგილი აქვს განგრძობად ეთნიკური წმენდას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც დღემდე ვერ ბრუნდებიან საკუთარ საცხოვრებელ სახლებში.

“რაც შეეხება 8-12 აგვისტოს პერიოდს, ეს არის აქტიური საბრძოლო მოქმედებების პერიოდი. სტრასბურგის სასამართლოს პირველად მოუწია მსგავსი ხასიათის საქმის განხილვა და პრეცედენტის დადგენა, რამდენად შეუძლია ზოგადად განიხილოს ხოლმე აქტიური [საომარი] მოქმედებების შედეგად წარმოშობილი დავები. ევროპული სასამართლო ადგენს ადამიანის უფლებების დარღვევას და ის მაინცდამაინც არ ერევა სამხედრო კონფლიქტების შეფასებაში.

აქედან გამომდინარეობს 8-12 აგვისტოს პერიოდზე შეფასება. სასამართლომ ფაქტობრივად მიანიშნა, რომ აქტიური მოქმედებების ფაზა არ არის მისი განსახილველი, რადგან ამ პერიოდში მოქმედებს ჰუმანიტარული სამართალი და ევროპული კონვენცია აქტიურად არ ერთვება. შესაბამისად, ეს მარტო საქართველოს კონტექსტში არ არის გასაგები — ევროპულმა სასამართლომ ზოგადი სტანდარტი დაადგინა, რომლის თანახმადაც აქტიურ საომარ მოქმედებებზე ჰუმანიტარული სამართალი (შესაბამისად, სხვა სასამართლოები) უნდა იქნას გამოყენებული”, – განაცხადა ძამაშვილმა და დასძინა, “8-12 აგვისტოს პერიოდიდანაც მთლიანად მშრალად არ გამოსულა რუსეთი — სასამართლომ თქვა, რომ აღნიშნულ პერიოდში ჩადენილი მკვლელობები გამოუძიებლობა სწორედ რუსეთის პასუხისმგებლობაა”.

უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ კონკრეტულ დანაშაულებებზე იმსჯელა და არ ყოფილა დავის საგანი, ვინ დაიწყო ომი. უშუალოდ ფაქტების აღწერაში ნათქვამია, რომ „2008 წლის ომი მოჰყვა ორ ქვეყანას შორის მუდმივი დაძაბულობის ხანგრძლივ პერიოდს, პროვოკაციებსა და ინციდენტებს“.

აღწერით ნაწილში ასევე ნათქვამია: „ღამით, 7-დან 8 აგვისტოსკენ გარდამავალ პერიოდში, ქართულმა ძალებმა საარტილერიო შეტევა დაიწყეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ დედაქალაქ ცხინვალზე. 2008 წლის 8 აგვისტოდან რუსეთის სახმელეთო ძალები შეიჭრნენ საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით და შევიდნენ მეზობელ რეგიონებში“, იმ ტერიტორიებზე, რომლებიც სადავო ტერიტორიები არ ყოფილა და საქართველოს კონტროლი ვრცელდებოდა.

იხილეთ ასევე: რას შეცვლის სტრასბურგის ისტორიული გადაწყვეტილება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები