„გაზპრომი“: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შესაძლოა, გაიყინოს"
19/01/2021 13:52:35 მსოფლიო
რუსეთის „გაზპრომმა“ ინვესტორები გააფრთხილა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი შესაძლოა, გაიყინოს მთელი რიგი გარემოებების, მათ შორის - პოლიტიკური ზეწოლის გამო,– იუწყება Reuters.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ დაადასტურა მონაცემები, რომ აშშ სანქციების გამოყენებას აპირებს რუსეთის გემი Fortuna-ს მიმართ, რომელიც პროექტის დასამთავრებელ სამუშაოებში მონაწილეობს.
სანქციების შემოღების თაობაზე ინფორმაცია გერმანიამ კვირის დასაწყისში აშშ-ის საელჩოს გზით მიიღო და ცნობის გამო მწუხარება გამოთქვა.
როგორც ანონსდება, ვაშინგტონი გადაწყვეტილებას ოფიციალურად 19 იანვარს გამოაცხადებს.
ეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისთვის აშშ-ის სანქციების გამოყენების პირველი შემთხვევა იქნება. სამუშაოები თითქმის ერთი წლით იყო შეწყვეტილი სანქციების მუქარის გამო. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 2019 წელს შემოღებული ზომები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას და სავიზო სანქციებს პროექტში მონაწილე კომპანიებისთვის.18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ თავის ტერიტორიულ წყლებში გაზსადენის მშენებლობის ნებართვა შეაჩერა ადგილობრივი ეკოლოგების საჩივრების გამო.
„ჩრდილოების ნაკადი 2“-ით გათვალისწინებულია ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი მილსადენით რუსეთის გაზის მიწოდება პირდაპირ ევროპისთვის უკრაინის გვერდის ავლით. პროექტის ბოლომდე მისაყვანად სადღეისოდ დარჩენილია 16 კილომეტრის სიგრძის მილსადენის მშენებლობა ბალტიის ზღვის ფსკერზე გერმანიის წყლებში და კიდევ 60 კილომეტრის – დანიის სექციაში.
პროექტი "ჩრდილოეთ ნაკადი -2"
პროექტი "ჩრდილოეთ ნაკადი -2", რომელიც რუსული გაზის გერმანიისკენ ბალტიის ზღვის ფსკერით ტრანსპორტირებას ითვალისწინებს, თითქმის დასრულებული იყო, როდესაც ამერიკული სანქციების გამო “გაიყინა”. 2019 წლის დეკემბრიდან სამუშაოები შეწყდა. თუმცა 2020-ის მაისის დასაწყისში გაჩნდა ცნობა: რუსეთი გეგმავს, მშენებლობა უცხოელი კონტრაქტორების გარეშე, ხომალდ "Академик Черский"-ს მეშვეობით დაასრულოს, რომელიც გერმანულ პორტ მუკრანის აკვატორიაში ჩამოდგა.
ამ ცნობის საპასუხოდ აშშ რუსული “გაზპრომისა” და რამდენიმე ევროპული ენერგოკომპანიის ერთობლივ პროექტს ახალი სანქციებით დაემუქრა. საჯარიმო ზომები შესაძლოა, სწრაფად იქნას მიღებული, განაცხადა გერმანიაში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ გრენელმა გაზეთ Handelsblatt-თან ინტერვიუში, რომელიც 26 მაისს გამოქვეყნდა.
რატომ ეწინააღმდეგება აშშ გაზსადენს, რომლითაც რუსული გაზის ევროპაში ტრანსპორტირებაა დაგეგმილი? - DW-ს ამის სამი მთავარი მიზეზი მოჰყავს.
ვაშიგტონის პოლიტიკური არგუმენტები
აშშ "ჩრდილოეთ ნაკად-2"-ს არა იმდენად ეკონომიკურ, რამდენადაც პოლიტიკურ პროექტად განიხილავს. ამიტომაც თავის პოზიციას გაზსადენის მეორე შტოს (პირველი შტო 2011 წლიდან მოქმედებს) წინააღმდეგ ვაშინგტონი უპირველესად პოლიტიკური შეხედულებებით ხსნის. სანქციების კონკრეტულ მიზნად კი იგი ევროპაში რუსეთის გავლენის ზრდის შეკავებას ასახელებს. შემთხვევითი არ არის, რომ იმავე ელჩმა – გრენელმა ფედერალურ მთავრობას სანქციების საფრთხესთან დაკავშირებით რუსეთის მიმართ პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ “გერმანიამ მხეცის კვება უნდა შეწყვიტოს". ვაშინგტონის აზრით, მოსკოვი გაზის გაყიდვით მიღებულ მილიარდებს მადესტაბილიზებელ საგარეო პოლიტიკაზე მიმართავს.
აშშ-ის მეორე დეკლარირებადი მიზანი – ეს ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერაა. ამერიკელთა განცხადებით, სანქციებს არა იმდენად ანტირუსული, რამდენადაც პროევროპული ხასიათი აქვს. ადრე, მაგალითად, გრენელმა “ჩრდილოეთ ნაკად-2”-ს უწოდა "რუსეთის ხელისუფლების უცერემონიო მცდელობა, ენერგომომარაგების კუთხით ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების ხრჩობა გააძლიეროს". პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ამ გაზსადენზე საუბრისას არაერთგზის გააკრიტიკა გერმანია იმის გამო, რომ “ბერლინს თან რუსეთისგან დაცვის იმედი აქვს და თან თავად დებს მოსკოვთან გაზისა და ნავთობის სფეროში ძალიან მსხვილ გარიგებებს, რომელთა საფუძველზეც რუსეთს ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს უხდის". თავად გერმანიას ტრამპმა “მოსკოვის მძევალი” უწოდა.
თუმცა ამერიკელების განცხადებას სანქციების პროევროპული ხასიათის შესახებ ევროკავშირის ყველა ლიდერი როდი იზიარებს. ევროკავშირში ხსენებული გაზსადენის მიმართ ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არის: ქვეყნების ნაწილი, მათ შორის გერმანი მისი რეალიზების მომხრეა, ნაწილი კი, მათ შორის პოლონეთი - წინააღმდეგი. სანქციებმა ბერლინსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა გამოიწვია. ასევე სადავოა, გაძლიერდება თუ არა ევროკავშირის რუსულ მიწოდებებზე დამოკიდებულება იმის ფონზე, რომ პროქტი ევროკავშირის მესამე ენერგოპაკეტის პირობებისგან არ გაუთავისუფლებიათ.
გეოპოლიტიკური მიზეზები: უკრაინის მხარეს
ნათელია, რომ თავისი სანქციებით აშშ-მა უკვე შეუშალა ხელი რუსეთის გეოპოლიტიკური გეგმის რეალიზებას, უკრაინის ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტი შეეწყვიტა.
“ჩრდილოეთ ნაკადი-2”-ის ექსპლუატაციაში ჩაშვების თავდაპირველ თარიღად 2019 წლის ბოლო იყო განსაზღვრული. ეს დრო რუსული გაზის ევროკავშირში უკრაინის ტერიტორიით ტრანსპორტირების შესახებ 10-წლიანი კონტრაქტის ვადის ამოწურვას ემთხვეოდა. თუმცა პროექტის დათქმულ ვადებში რეალიზების შეუძლებლობის ფონზე მოსკოვი იძულებული შეიქმნა, 2019 წლის ბოლოს კიევს მიწოდებების 5 წლით გახანგრძლივებაზე დასთანხმებოდა.
მსხვილი გაზსადენები – “ჩრდილოეთ ნაკადი” და “თურქული ნაკადი” – მოწოდებულებია, უზრუნველჰყონ რუსული ენერგორესურსების მიწოდება კიევისგან დამოუკიდებლად, რომელთანაც მოსკოვს უკვე მრავალწლიანი კონფლიქტი აქვს, მათ შორის – გაზის ტრანზიტის საკითხთან დაკავშირებით. სწორედ პროექტის გეოპოლიტიკურმა შემადგენელმა აქცია, სავარაუდოდ, იგი მნიშვნელოვან თემად საერთაშორისო დღის წესრიგში და გამოიწვია განსაკუთრებული ინტერესი რუსეთში. “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის დამუხრუჭებით აშშ-მა რუსეთთან კონფლიქტში უკრაინის მხარე დაიჭირა და კიევს გაზის ტრანზიტისგან შემოსავლის შენარჩუნებაში დაეხმარა.
რუსეთი სანქციებში პროტექციონიზმს ხედავს, აშშ - კონკურენციას
ბევრი გარეშე დამკვირვებლისთვის, მათ შორის გერმანელისთვის ამერიკულ სანქციებს უპირველესად ეკონომიკური მიზნები აქვს – საკუთარი თხევადი გაზის ევროპულ ბაზარზე ექსპორტს შეუწყოს ხელი. "ეს უმთავრესად კომერციულ ინტერესებს უკავშირდება” - განაცხადა DW-სთან ინტერვიუში რუსეთ-გერმანიის საგარეო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა მატიას შეპმა.
აშშ-დან უცხოეთში თხევადი გაზის მიწოდებების მოცულობა 2016 წლიდან იზრდება, სადღეისოდ ამერიკა ამ მხრივ ყატარისა და ავსტრალიის შემდეგ მესამე ადგილზეა და თუ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზს დავუჯერებთ, ქვეყანას შეუძლია, უკვე 2024 წლისთვის პირველ პოზიციაზე აინაცვლოს. ამასთან, ევროპას ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება: მის ბაზარზე ამერიკული თხევადი გაზის მიწოდებების 40% მოდის. თუმცა რუსეთთან შედარებით, აშშ ევროკავშირის გაზის ბაზარზე ჯერ-ჯერობით მეორეხარისხოვანი მოთამაშეა: ევროკომისიის 2019 წლის პირველი დეკადის მონაცემების თანახმად, რუსეთზე ევროკავშირში იმპორტირებული გაზის მთელი მოცულობის 39,4 პროცენტი მოდის, აშშ-ზე კი – მხოლოდ 3,4.


