„ამ „თამაშში“ კრემლი ნავალნისთან დამარცხდა, მაგრამ სხვა საქმეა, რამდენად აწუხებთ ეს“

18-01-2021 14:30:32 კომენტარი

დღეს ნავალნი მსოფლიოს თვალში სინდისის პატიმარია,– ასე აფასებს საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი დავით ბრაგვაძე „აქცენტთან“ რუსი ოპოზიციონერის ხუთი თვის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებისა და აეროპორტშივე მისი დაკავების ფაქტს.

რას ცვლის ნავალნის მოსკოვში დაბრუნება

ბრაგვაძე ელის, რომ ნავალნის „თავგადასავლის“ ირგვლივ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაცია კონკრეტულ ქმედებებშიც გადაიზარდება:

„ბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ, ნავალნი პრაქტიკულად ერთადერთი პოლიტიკოსია, ვინც შეიძლება, კრემლისთვის სახიფათოდ თუ არა, სერიოზული დისკომფორტის შემქმნელად მივიჩნიოთ. ამის ნათელი მაგალითი პუტინის რეჟიმის მიერ მისი მოწამვლაა: ადამიანებისთვის, რომლებიც საფრთხეს არ წარმოადგენენ, რეჟიმს „ნოვიჩოკიც“ არ ემეტება. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ნავალნი, კრემლისთვის კიდევ უფრო დიდი დისკომფორტია: ნავალნის მოწამვლამ მის სასარგებლოდ საერთაშორისო საზოგადოების აზრის კონსოლიდაცია გამოიწვია. რუსეთში დაბრუნების შემდეგ მისმა მყისიერმა დაკავებამ ეს აზრი კიდევ უფრო მკაფიო გახადა – დღეს ნავალნი მსოფლიოს თვალში სინდისის პატიმარია. უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა მთელ რიგ საკითხებზე მის ნაციონალისტურ და ხშირ შემთხვევაში, შოვინისტურ შეხედულებებს – ეს ახლა არავის ახსენდება: მთავარია, რომ ნავალნი არის ადამიანი, რომელიც ვერ მოკლეს და ახლა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დააპატიმრეს. ეს გარემოება, ცხადია, კრემლს კარგს არაფერს მოუტანს და შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ მოწოდებებისა და რიტორიკის მიღმა გარკვეული ქმედითი ნაბიჯებიც გადაიდგმება – მაგალითად, სანქციების გაფართოება“.

მისი შეფასებით, ნავალნის ჯერ მკვლელობის მცდელობის, შემდეგ კი დაკავების ფაქტი კიდევ ერთხელ ნათლად უსვამს ხაზს პუტინის რეჟიმის ბუნებას:

„იმის მიუხედავად, რომ ნავალნის რეიტინგი მის ხელისუფლებაში მოსვლას განჭვრეტად მომავალში საერთოდ არ მოასწავებს, პუტინს არ შეუძლია, მსგავს ადამიანებს ცოცხლებს უყუროს. რადგან მკვლელობა არ გამოვიდა, მისი დაკავება უკიდურესი გამოსავალია, რამაც წესით, რეჟიმისთვის მხოლოდ პრობლები შეიძლება, მოიტანოს“.

რა პერსპექტივა აქვს ოპოზიციონერ ლიდერს კრემლთან დაპირისპირებაში

ბრაგვაძე რუსეთში სისტემური ცვლილებების პერსპექტივას ამ ეტაპზე ვერ ხედავს:

„მე ვერ ვხედავ რუსეთს, რომლის სათავეშიც ნავალნი, ან მისი მსგავსი ლიდერი იქნება: თუ პუტინი არ იქნება, იქნება ვინმე სხვა, მაგრამ ისევ სისტემის „პირმშო“. ამ თვალსაზრისით, ცვლილებებს არ ველი, თუმცა გულწრფელად მსურს, ვცდებოდე.

რაც შეეხება უშუალოდ ნავალნის პერსპექტივას, ვფიქრობ, ამჟამინდელი პროცესები მისთვის ყოველხრივ მომგებიანია (ცხადია, სანამ ცოცხალია): ის ან პუტინის სინდისის პატიმარი იქნება, ან ადამიანი, რომელიც კრემლმა პატიმრობიდან საერთაშორისო ზეწოლის გამო გაათავისუფლა. მორალური თვალსაზრისით, ამ „თამაშში“ კრემლი ნავალნისთან უკვე დამარცხებულია. სხვა საქმეა რამდენად აწუხებს კრემლს ეს მორალური მარცხი“,– აღნიშნავს ბრაგვაძე და იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი განცხადებები რეალურ ქმედებებში გადაიზარდება, რათა შეიქმნას მკაფიო პრეცედენტი, რომ „პუტინს ადამიანის უფლებების მსგავსი უხეში დარღვევა არ ეპატიება“.

საერთაშორისო რეაქცია

სამწუხაროდ, ერთადერთი ნაბიჯი რისი გადადგმაც დასავლეთს შეუძლია, სანქციებია,– ასე ხედავს დასავლეთის რეაგირების პერსპექტივას ბრაგვაძე.

მისი განმარტებით, ეს შეიძლება, იყოს ეკონომიკური შინაარსის, ან რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის გადაადგილების შეზღუდვის გამკაცრება:

„მსგავს შეზღუდვებს მნიშვნელოვანი ზიანის მოტანა შეუძლია. მაგრამ სამწუხაროდ, ისიც რთული სათქმელია, რამდენად მზადაა დასავლეთი მსგავსი ქმედითი და მკაცრი ზომებისთვის: მიუხედავად იმისა, რომ ნავალნის ირგვლივ პოზიციები იდენტურია, პუტინის რეჟიმთან ურთიერთობა ლიდერებს სხვადასხვაგვარად წარმოუდგენიათ. და რამდენად შეუწყობს ხელს ნავალნის საქმე ამ უკანასკნელ საკითხში აზრთა სხვადასხვაობის დაძლევას, ამის დღეს ცალსახად თქმა რთულია“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები