ნავალნი აეროპორტში დააკავეს: „არ მეშინია!“

17-01-2021 22:03:09 მსოფლიო

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში, აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის გავლისთანავე დააკავეს.

მანამდე მან აეროპორტში მცირე კომენტარი გააკეთა:

„ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი. ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ეს ჩემთვის საუკეთესო დღეა, რადგან შინ დავბრუნდი, ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ჩამოვედი და ეს ჩემთვის საუკეთესო დღეა ბოლო 5 თვის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ძალიან მაგარი ქვეყანაა და მადლობას ვუხდი ადგილობრივ ექიმებს ყველაფრისთვის.

ვიცი, რომ მართალი ვარ! ჩემს წინააღმდეგ ფალსიფიცირებული საქმეა აღძრული, ამიტომ, არაფრის მეშინია და თქვენც მოგწოდებთ, რომ ნუ შეგეშინდებათ“.

მან ბოდიში მოუხადა თანამგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო: თვითმფრინავმა, რომელიც ბერლინიდან მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა და ვნუკოვოს აეროპორტში უნდა დამჯდარიყო, მიმართულება შეიცვალა და შერემეტიევოს აეროპორტში დაჯდა.

"ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს ვინც ჩემთან ერთად, ერთი რეისით მოფრინავდნენ, ასევე ათასობით ადამიანს, რომელიც სხვა რეისებით მიფრინავდა ვნუკოვოში და დისკომფორტი შეექმნათ... ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, თუ რა ხდება რუსეთში. ამან განაპირობა ჩემი დაბრუნება და გადაწყვეტილება".

შესაბამისმა უწყებებმა დაადასტურეს, რომ ნავალნი სასამართლოს გადაწყვეტილებამდეა დაკავებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ვნუკოვოს აეროპორტმა თვითმფრინავების მიღებაზე უარი უამინდობის გამო თქვა, თუმცა ეს ცნობები ჯერ დაზუსტებული არ არის.

ცნობისთვის: ვნუკოვოს აეროპორტში ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის ალექსეი ნავალნის ძმა, აქტივისტები და მხარდამჭერები.

ნავალნი მოსკოვში ბერლინიდან ოჯახთან ერთად ჩავიდა, სადაც მას თვეების განმავლობაში მკურნალობდნენ, მას მერე, რაც მოწამლეს - რაშიც თავად ის რუსეთის ხელისუფლებას სდებს ბრალს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები