ახალი შეთანხმება: „ყველა ეს ასპექტი ეჭვქვეშ დააყენებს ამერიკის შესაძლო როლს, მათ შორის – როგორც საქართველოს პარტნიორისას“

14-01-2021 14:58:08 კომენტარი

შიდაპოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ კრიზისში მყოფ ქვეყანაში ხშირად სათანადო ყურადღების მიღმა გვრჩება მოვლენები, რომლებიც აქვე – ჩვენს ირგვლივ მიმდინარეობს და არცთუ შორეულ მომავალში ჩვენს ცხოვრებაზე უთუოდ მოახდენს გავლენას. რეგიონში მიმდინარეობს არასასურველი ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, გავლენების გაფართოება, ანონსდება ახალი ალიანსები და მართალია, ანალიტიკოსთა ნაწილს სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა ყარაბაღის მეორე ომის დასასრულს – 2020 წლის 9–10 ნოემბერს დადებული სამმხრივი შეთანხმებისადმი, რომელშიც რეგიონში ბლოკირებული სატრანსპორტო დერეფნების გახსნაზეა საუბარი, თუმცა ამას მოჰყვა 2021 წლის 11 იანვრის ასევე სამმხრივი შეთანხმება და როგორც აზერბაიჯანის პრეზიდეტმა საზოგადოებას ამცნო, ის მიზნად ისახავს, შექმნას სრულიად ახალი ვითარება ჩვენს რეგიონში – გახსნას სატრანსპორტო გზები:

„აზერბაიჯანს სომხეთის სატრანსპორტო კომუნიკაციების გამოყენებით, კავშირი ექნება ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, სომხეთის რესპუბლიკას კი აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენებით სარკინიგზო კავშირი ექნება რუსეთთან და ირანთან. ასევე, ჩვენ კავშირი გვექნება თურქეთის ბაზარზე ნახიჩევანის რესპუბლიკის გავლით. თურქეთისა და რუსეთის სარკინიგზო არტერიები ერთმანეთს დაუკავშირდება. ამრიგად, განცხადება ხსნის ფართო შესაძლებლობებს”.

სარგებელი და რისკები საქართველოსთვის

„აქცენტთან“ ვითარების კომენტირებისას ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოების ფონდის პრეზიდენტი ოლევს ნიკერსი აღნიშნავს, რომ მოდელმა შესაძლოა, საქართველოს სარგებელი მოუტანოს, თუ ეს შეამცირებს ბაქოსა და ერევანს შორის საომარი მოქმედებების განახლების ალბათობას, თუმცა მეორეს მხრივ – სომხეთს შესაძლებლობა მიეცემა, დაარღვიოს საქართველოს სარკინიგზო მონოპოლია:

„ერთის მხრივ, სომხეთისთვის ტრანზიტის ბლოკადის მოხსნა უზრუნველყოფს ეკონომიკურ სტიმულს მშვიდობის შენარჩუნებისა და სომხეთ–აზერბაიჯანის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

სომხეთის მონაწილეობით შიდა რეგიონული და საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებამ შესაძლოა, გააძლიეროს რეგიონალური სტაბილურობა გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს მოდელი მუშაობდა ევროკავშირისთვის ბალტიის ქვეყნების შეერთების დროს. ეს ასევე არის ისრაელ-არაბული დიპლომატიური შეთანხმებების სერიის ერთ-ერთი მოტივი. ამ მოდელმა შესაძლოა, სარგებელი მოუტანოს საქართველოს, თუ ეს შეამცირებს ბაქოსა და ერევანს შორის საომარი მოქმედებების განახლების ალბათობას.

თუმცა მეორეს მხრივ, ეს ნაბიჯი საშუალებას მისცემს სომხეთს, დაარღვიოს საქართველოს რეგიონალური სატრანზიტო მონოპოლია, რომელიც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ შეიქმნა სომხეთის სატრანზიტო კავშირების ბლოკადით“.

ამასთან, ოლევს ნიკერსი ფიქრობს, რომ სომხეთი გახსნილი სატრანზიტო დერეფნებიდან მოტანილ სარგებელს რუსეთთან ერთად გაინაწილებს, ვინაიდან სომხეთის რკინიგზას რუსული რკინიგზა ამუშავებს:

„ასე რომ, სომხეთი სარგებელს მიიღებს მხოლოდ იმ სომხებისთვის, რომლებიც რკინიგზაში არიან დასაქმებულები: მხოლოდ იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც შეეძლებათ განახლებული მარშრუტებით სარგებლობა. ასევე სარგებელს მიიღებს ქვეყნის მთავრობა ნებისმიერი იმპორტის ან ტრანზიტის ტარიფების თვალსაზრისით. თურქეთი ასევე დადებითად შეხედავს ამას, როგორც აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გაღრმავების საშუალებას“.

რაც შეეხება საქართველოს, ნიკერსი ფიქრობს, რომ „მას შესაძლოა, სურს, ჩაერთოს პროცესში, რათა მისი ბიზნეს ინტერესებიც იყოს წარმოდგენილი. თუმცა ასეთი ჩარჩო მოითხოვს რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას და კომპრომისების დაშვებას, რაც ქართულ საზოგადოებას დაყოფს“:

„თურქეთთან და აზერბაიჯანთან გაფართოებული თანამშრომლობა შეიძლება, რეკომენდებული იყოს, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო მრისხანე რუსული სტრატეგიები, როგორიცაა პოლიტიკურად მოტივირებული ტვირთის გადამისამართება“.

რეგიონული კონტექსტი

ზემოთხსენებულის გარდა, ნიკერსი ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტზეც ამახვილებს ყურადღებას:

„მოსკოვი სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი რკინიგზის ოპერატორის საშუალებით დააგროვებს არა მხოლოდ პოტენციური შემოსავლის მნიშვნელოვან წილს, არამედ გაზრდის რკინიგზასთან დაკავშირებული სტრატეგიული ინფრასტრუქტურასაც. ახალმა კავშირებმა შესაძლოა, გააძლიეროს რუსეთ-ირანის ურთიერთობები, რომ თეირანისთვის კიდევ ერთი გზა შეიქმნას, თუ როგორ აიცილონ იზოლირება. ამასთან, შესაძლოა, გაფართოვდეს რუსეთის ურთიერთობები პაკისტანთან და ინდოეთთან. ყველა ეს ასპექტი ეჭვქვეშ დააყენებს ამერიკის ინტერესებს და მის შესაძლო როლს რეგიონში, მათ შორის, როგორც საქართველოს პარტნიორის როლს“.

ამავე თემაზე:

რეგიონში ბლოკირებული გზები იხსნება: როგორ ხვდება კონკურენციას თბილისი

შეთახმება თბილისს მიღმა: რისკები და შესაძლებლობები საქართველოსთვის

ახალი ამბები

სხვა სიახლეები