რეგიონში ბლოკირებული გზები იხსნება: როგორ ხვდება კონკურენციას თბილისი

12-01-2021 15:38:35 ეკონომიკა ,კომენტარი

კონკურენტულ გარემოს აბსოლუტურად მოუმზადებლები შევხვდით,– ასე აფასებს „აქცენტთან“ „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის" დამფუძნებელი, ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმის Hub Georgia-ს წევრი დათო გოჩავა აზერბაჯანის, რუსეთისა და სომხეთის 11 იანვრის შეთანხმებას, რეგიონის სატრანსპორტო ინფრასტუქტურის ეტაპობრივ გახსნასთან დაკავშირებით.

გოჩავას შეფასებით, რეგიონში კონკურენცია იზრდება, რამაც მომსახურეობის ხარისხის ამაღლებისკენ უნდა გვიბიძგოს:

„11 იანვრის განცხადებაში საუბარია, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფები, დღის წერიგი უნდა ჩამოყალიბდეს და მარტიდან დაიწყება მუშაობა საკომუნიკაციო დერეფნების ინფრაქტრუქტურის აღდგენასთან, ან ახალი სარკინიგზო ხაზების, საავტომობილო გზების აშენებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება თურქეთისა და რუსეთის სარკინიგზო ხაზების ერთმანეთთან დაკავშირებას, თუ თურქეთი აზერბაიჯანის რკინიგზას პირდაპირ დაუკავშირდება ნახიჩევანის გავლით, აზერბაიჯანს დერბენტის გავლით კავშირი აქვს რუსეთის სარკინიგზო სისტემასთან. ამ შემთხვევაში ჩვენი ყარსი–ახალქალაქი–ბაქოს რკინიგზის მნიშვნელობა იკლებს და იმისდა მიხედვით, როგორ განვითარდება მოვლენები, შესაძლოა, ფუნქციაც დაკარგოს. ყველაფერი დამოკიდებულია ქართული მხარის მოქმედებაზე“,– ამბობს გოჩავა.

„პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის" დამფუძნებელი იხსენებს, რომ ყარსი–ახალქალაქი–ბაქოს რკინიგზის მშენებლობისას საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროებს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ხსენებულ რკინიგზაზე მატარებლის გავლისთანავე უნდა შექმილიყო ერთობლივი საერთაშორისო სარკინიგზო კომპანია:

„ამ კომპანიის შექმნას ქართული მხარე აჭიანურებს, არ აქტიურობს, არადა ეს რკინიგზა უკვე სამი წელია, ფუნქციონირებს. ვხედავთ, რომ მეზობლები სამუშაო გეგმას სახავენ, რასაც დრო სჭირდება – მინიმუმ, ორი წლის განმავლობაში მატარებელი არ გაივლის [განახლებულ სატრანსპორტო ხაზებზე – რედ.]. ეს დრო ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყარსის რკინიგზის მოდერნიზებისთვის – მატარებლის მოძრაობის სიჩქარე უნდა გაიზარდოს: თურქეთიდან ჩინეთისკენ საექსპორტო მატარებელმა რომ გაიარა, 11 საათის განმავლობაში იდგა ახალქალაქის სადგურში, რაც ძალიან ცუდია. უნდა ვმუშაობდეთ, რომ ეს დაყოვნების დრო მაქსიმალურად შემცირდეს. მომსახურეობის ხარისხი უნდა ამაღლდეს, რომ ტვირთმფლობელს არ გაუჩნდეს ალტერნატიული გზსი ძებნის სურვილი“.

გოჩავა ფიქრობს, რომ საქართველოს რკინიგზაში ფუნდამენტური ცვლილებებია დასაწყები, რასაც პოლიტიკური ნება სჭირდება:

„სატრანსპორტო კომუნიკაციებზეც კი არავინ არაფერს გვეკითხება. მაგალითად, ყარსის რკინიგზაზე სატვირთო გადაზიდვების განვითარებასთან დაკავშირებით ბახტაძის პრემიერ–მინისტრობის დროს თურქეთის, რუსეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები შეხვდნენ ერთმანეთს თურქეთში და მემორანდუმი გააფორმეს. მაშინ კი თქვა ბახტაძემ, ჩვენს გარეშე მუშაობის სქემა არ შეიცვლებაო, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს გარეშე ლაგდება ყველაფერი და ესაა პრობლემა.

ფუნდამენტური ცვლილებები უნდა მოხდეს საქართველოს რკინიგზაში. არ გვაქვს საქართველოს რკინიგზის განვითარების სტრატეგია და მსგავსი რამ ბუნებაში არ ხდება“.

ცნობისთვის: 11 იანვარს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კრემლის ლიდერთან გამართული ორმხრივი სეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სომხეთი რუსეთის ფედერაციას აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით დაუკავშირდება. შეხვედრას წინ სომხეთის პრემიერ–მინისტრის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრა უძღოდა.

“შეხვედრა ძალიან სასარგებლო და ვფიქრობ, გულწრფელი გამოდგა, რადგან შეხვედრის დასასრულს შევძელით, ხელი მოგვეწერა განცხადებისთვის. ეს არის მეორე განცხადება ომის დასრულების შემდეგ, რომელსაც ხელი მოეწერა და არსებითად ხაზს უსვამს იმას, რაც გასულ წელს მოხდა. განცხადება მიზნად ისახავს, შექმნას სრულიად ახალი ვითარება ჩვენს რეგიონში – გახსნას სატრანსპორტო გზები: სატრანსპორტო გზების გახსნა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან დაახლოებით, 30 წლის შემდეგ, აზერბაიჯანს სომხეთის სატრანსპორტო კომუნიკაციების გამოყენებით, კავშირი ექნება ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, სომხეთის რესპუბლიკას კი აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენებით სარკინიგზო კავშირი ექნება რუსეთთან და ირანთან. ასევე, ჩვენ კავშირი გვექნება თურქეთის ბაზარზე ნახიჩევანის რესპუბლიკის გავლით. თურქეთისა და რუსეთის სარკინიგზო არტერიები ერთმანეთს დაუკავშირდება. ამრიგად, განცხადება ხსნის ფართო შესაძლებლობებს”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები