
რას გულისხმობს 3 ახალი ინიციატივა, რომელიც "NATO-საქართველოს არსებით პაკეტს" დაემატა
10/12/2020 09:13:00 საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა 2 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე "NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის" (Substantial NATO-Georgia Package, SNGP) განახლებული ვერსია დაამტკიცეს.
განახლებული SNGP–ს შინაარსზე ზოგადად ისაუბრეს როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. ვინაიდან "არსებითი პაკეტის" შინაარსზე საკმაოდ მწირი ინფორმაცია გავრცელდა, „აქცენტი“ დაინტერესდა კონკრეტულად რა ახალი კომპონენტები დაემატა SNGP–ს და შესაბამისი კითხვით ნატო–ს მიმართა.
როგორ ნატო–ს მიერ „აქცენტისთვის“ გამოგზავნილი პასუხიდან ირკვევა, განახლებული ვერსიით, "NATO-საქართველოს არსებითი პაკეტს" 3 ახალი ინიციატივა დაემატა, ხოლო უკვე არსებული კომპონენტები მნიშვნელოვნად გაძლიერდა.
კერძოდ, ალიანსი განმარტავს, რას ითვალისწინებს „არსებითი პაკეტის“ განახლებული ვერსია და რას გულისხმობს მისი 3 ახალი ინიციატივა:
„2014 წელს უელსში გამართულ NATO–ს სამიტზე საქართველომ, "NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი" (Substantial NATO-Georgia Package, SNGP) მიიღო და ამავე პერიოდიდან იგი საქართველოსა და ალიანსს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის მთავარი საშუალება გახდა. პაკეტს ორი ძირითადი მიზანი აქვს:
- ხელი შეუწყოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდას;
- ხელი შეუწყოს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მზადების პროცესში;
კერძოდ, "NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი" მიზნად ისახავს შემდეგი მიმართულებებით მხარდაჭერას:
- ხელი შეუწყოს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების, ინსტიტუტებისა და სტრუქტურების რეფორმების განხორციელებას;
- ხელი შეუწყოს საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას, ეფექტურად იმოქმედოს მოკავშირეთა ძალებთან;
- მხარი დაუჭიროს საქართველოს ძალისხმევას, გააგრძელოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების დაცვაში წვლილის შეტანა;
- ხელი შეუწყოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ამაღლებას;
- ხელი შეუწყოს საქართველოს გამძლეობის ამაღლებას;
- ხელი შეუწყოს კოორდინაციის დონის ამაღლებას სხვადასხვა უწყებებს შორის, რომლებიც უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროებში მუშაობენ;
- ხელი შეუწყოს საქართველოს ალიანსთან დაახლოებას;
ამ მიზნების განხორციელებაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი შთამბეჭდავია. მიუხედავად ამისა, NATO–ს მოკავშირეებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, პაკეტის კიდევ უფრო გაძლიერება. 2019 წლის შემოდგომაზე ბათუმში ვიზიტის დროს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ პაკეტის გადახედვის საკითხი დააყენა. გასულ თვეებში NATO-ს მიერ ჩატარდა საფუძვლიანი მიმოხილვა, საქართველოს სხვადასხვა სამინისტროებთან ერთად, მათ შორის – თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალებსა და სანაპირო დაცვის ხელმძღვანელობასთან. ამ განხილვების შედეგად 2 დეკემბერს ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა SNGP–ს გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღეს.
განახლებული პაკეტის მიზნებია:
- საქართველოსა და მისი სამეთაურო სტრუქტურის სხვადასხვა ნაწილებს შორის ურთიერთქმედების უფრო მეტად გაძლიერება;
- საზღვაო კომპონენტის გაძლიერება;
- გამძლეობაზე ყურადღების უფრო მეტად გამახვილება;
ამასთან, "არსებითი პაკეტი" ხელს შეუწყობს საქართველოში უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესებას. იგი მოიცავს ტაქტიკურ, ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეზე მხარდამჭერ ღონისძიებებს, მათ შორის ნატო-საქართველოს რეგულარული წვრთნების ჩატარებას.
SNGP შედგება 16 ინიციატივისგან, რომელთაგან 3 სრულიად ახალია.
3 ახალი ინიციატივა:
- პირველი მიზნად ისახავს საქართველოს დახმარებას სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარებაში, რომელის შეძლებს, უპასუხოს როგორც შიდა, ასევე გლობალურ სამედიცინო გადაუდებელ შემთხვევებს.
- მეორე ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში ინგლისურენოვანი ტრენინგების გაუმჯობესებას.
- მესამე მიზნად ისახავს კოდიფიკაციისა და სტანდარტიზაციის სისტემის გაუმჯობესებას, რაც უზრუნველყოფს თავდაცვის ახალი პროექტების / პროგრამების NATO–ს სტანდარტებთან მაღალ დონეზე თავსებადობას.
სხვა ინიციატივები ახალი არ არის, მაგრამ ამბიციის დონე გაიზარდა. ეს ეხება "სწავლებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს" და "თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას", რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოსა და NATO–ს შორის კომუნიკაცია, ეს ეხება კიბერ–უსაფრთხოებას, ასევე სხვადასხვა ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს სამხედრო სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობების გაუმჯობესებას. განახლებული საავიაციო და საზღვაო ინიციატივები ხელს შეუწყობენ საქართველოს სიტუაციური ცოდნის ამაღლებას.
ყველა ამ ინიციატივის ფარგლებში, იქნება ეს განახლებული თუ ახალი ინიციატივა, NATO და საქართველო მომავალი წლების განმავლობაში განსახორციელებელ გეგმებზე შეთანხმდნენ. ბევრ მოკავშირეს ინდივიდუალურად უკვე აქვს აღებული პასუხისმგებლობა, რომ მხარს დაუჭერს ამ პაკეტის განხორციელებას, იქნება ეს პერსონალის სახით, თუ ფინანსური მხარდაჭერის სახით გაწეული დახმარება. "არსებითი პაკეტის" ფართო და ამბიციური ხასიათი ასახავს NATO–ს მტკიცე ერთგულებას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მისი წევრობისკენ მისწრაფებისადმი“.