ჰერბსტი ​აშშ–საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ერთ–ერთ შემაფერხებელ ფაქტორად ანაკლიის პორტის საკითხს ასახელებს

23-11-2020 14:50:50 საგარეო პოლიტიკა

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ანალიტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი ​აშშ–საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევის ერთ–ერთ შემაფერხებელ ფაქტორად ანაკლიის პორტის საკითხს ასახელებს.

ამის შესახებ ჰერბსტმა "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.

"ბაიდენის ადმინისტრაციას სავარაუდოდ, უფრო მჭიდრო ურთიერთობები ექნება საქართველოსთან, ვიდრე ტრამპისას ჰქონდა. ჯო ბაიდენი აცნობიერებს საქართველოს დახმარების მნიშვნელობას, რათა თბილისმა განაგრძოს თავისი საგარეო და შიდა პოლიტიკური მიმართულებით არჩეული კურსი. მიმაჩნია, რომ საქართველო უფრო მეტ ყურადღებას მიიღებს ახალი ადმინისტრაციიდან, თუმცა აშშ–საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე შეთანხმების დადება შესაძლოა, რთულად მისაღწევი იყოს და საქართველოს მოქმედი მთავრობის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით კითხვების არსებობა, მაგალითად, ანაკლიის პორტის საკითხის თაობაზე, რა თქმა უნდა, ასევე არის ფაქტორი", – განაცხადა ჰერბსტმა.

ცნობისთვის: აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი "დემოკრატიული პარტიის" წევრი ჯო ბაიდენი ხდება. მან გამარჯვების მოსაპოვებლად წარმომადგენელთა კოლეგიაში საჭირო 270–ხმიანი ზღვარი 7 ნოემბერს გადალახა. იმავე დღესვე მსოფლიო ლიდერების ნაწილმა და საერთაშორისო მედიასაშუალებების უმეტესობამ ბაიდენს ქვეყნის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადებას აპროტესტებს და შედეგები სასამართლოში გაასაჩივრა.

იხილეთ ასევე: ვინ არის ჯო ბაიდენი: აშშ-ის ახალი პრეზიდენტის პორტრეტი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები