ვინ არის ჯო ბაიდენი: აშშ-ის ახალი პრეზიდენტის პორტრეტი

08-11-2020 14:56:09 მსოფლიო

აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიის 77 წლის წარმომადგენელი ჯო ბაიდენი ხდება.

ბაიდენი, რომელიც 35-ზე მეტი წლის განმავლობაში სენატორი გახლდათ დელავერის შტატიდან და აშშ-ის 44-ე პრეზიდენტ ბარაქ ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და გამოცდილ წარმომადგენლად ითვლება. ინაუგურაციის მომენტისთვის – 2021 წლის 20 იანვრისთვის იგი 78 წლის იქნება და ამგვარად, აშშ-ის მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი გახდება.

კორონავირუსთან ბრძოლა ბაიდენის პრიორიტეტებს შორისაა

პანდემიის დაწყების მომენტიდან ჯო ბაიდენს არაერთგზის მიუმართავს მოსახლეობისთვის და ხშირად გამოუნახავს დრო გარდაცვლილთა ახლობლებისთვის მისასამძიმრებლად. სადღეისოდ აშშ-ში COVID-19-ისგან 225 000-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

ამ თემაზე ბაიდენის გამონათქვამები მკვეთრ კონტრასტშია მოქმედი პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის მოსაზრებებთან. ტრამპმა კორონავირუსი თავად გადაიტანა და თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ ეს დაავადება საშიში არ არის.

თავის მხრივ, ჯო ბაიდენი ამერიკელებს მოუწოდებს, მუდმივად ატარონ ნიღბები, დაიცვან სოციალური დისტანცია და სერიოზულად მიუდგნენ ინფიცირების რისკს. ბაიდენმა პირობა დადო, რომ თეთრ სახლში გადასვლიდან პირველივე დღეს წარმოადგენს პანდემიასთან ბრძოლის გეგმას, რომელიც, მათ შორის, ფედერალურ სანიღბე რეჟიმს მოიცავს.

მეუღლისა და ქალიშვილის გარდაცვალება

ჯო ბაიდენს პირადად აქვს გამოცდილი, რას ნიშნავს უახლოესი ადამიანების დაკარგვა. ოჯახური ტრაგედიების გამო იგი ორჯერ კინაღამ დაემშვიდობა პოლიტიკურ კარიერას.

პირველად ეს 1972 წელს მოხდა. ბაიდენი – სირაკუზის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, 29 წლის იყო, როდესაც გამოცდილ რესპუბლიკელს – ჯეიმს ქალებ ბოგგს შეებრძოლა დელავერის შტატიდან სენატორის თანამდებობისთვის. საკმაოდ მწირი წინასაარჩევნო ბიუჯეტის მიუხედავად, მან არჩევნებში გაიმარჯვა. თუმცა სულ რამდენიმე კვირაში მოხდა ტრაგედია, რომელმაც ახალგაზრდა პოლიტიკოსის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა: ავტოკატასტროფაში ბაიდენის მეუღლე ნელია და მათი 1 წლის ქალიშვილი ნაომი დაიღუპნენ, ვაჟები – ბო და ჰანტერი კი სერიოზულად დაშავდნენ.

30 წლის სენატორი

თავიდან ბაიდენმა სენატორის სავარძელზე უარის თქმა გადაწყვიტა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება შეაცვლევინეს. სენატორის ფიცი მან იმ საავადმყოფოში დადო, სადაც მისი ვაჟები მკურნალობდნენ.

ახალგაზრდა სენატორმა ყოველდღე დელავერიდან ვაშინგტონამდე მატარებლით დაიწყო მგზავრობა და უკანაც მატარებლით ბრუნდებოდა.

მისი და – ვალერი ძმისშვილებზე საზრუნავად მათთან გადავიდა საცხოვრებლად და ძმის სახლში 1977 წლამდე ცხოვრობდა, სანამ ჯო ბაიდენმა მეორე ცოლი – ამჟამინდელი მეუღლე ჯილ ჯეოკობსი არ შეირთო. მალევე მათ ქალიშვილი ეშლი შეეძინათ.

თუმცა ტრაგედიები ბაიდენს მომავალშიც ელოდა. 2015 წელს, როდესაც მას ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა და მასთან ერთად მუშაობდა კანონპროექტზე, რომელსაც დაბალი შემოსავლის მქონე მილიონობით ამერიკელისთვის სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა უნდა უზრუნველეყო, ბაიდენის უფროსი ვაჟი – ბო თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. ჯო ბაიდენმა, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა მონაწილეობას, წინასაარჩევნო ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

“ზანტი ჯოს” დრო, როგორც იქნა, დადგა

მიუხედავად ამისა, სულ ოთხიოდე წელიწადში ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტი ხდება.

ის ფაქტი, რომ დემოკრატებმა ფსონი არა ახალგაზრდებზე, არამედ გამოცდილ პოლიტიკოსზე დადეს, გასაკვირი არ უნდა იყოს, - ამბობს მისურის უნივერსიტეტის პროფესორი მიტჩელ მაკკინი. იგი ბაიდენს საღად მოაზროვნე, მიზანმიმარულ, ალღოიან და თანაგრძნობის მაღალი უნარის მქონე პოლიტიკოსად აფასებს – “სრულ ანტიპოდად ტრამპისა, რომელიც მას “ზანტ ჯოდ” მოიხსენიებდა”.

ბაიდენი ცნობილია იმით, რომ კოლეგებთან ადვილად პოულობს საერთო ენას - მაშინაც კი, როცა მათი ხედვები არ ემთხვევა. "იგი დიდხანს მუშაობდა კონგრესში და იცის, როგორ იპოვოს ყველასთან საერთო ენა", - ამბობს ტექსასის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი ბრიუს ბიუკენენი.

"ვაშინგტონში ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ბაიდენი მართლაც არ მოსწონს. მას სასიამოვნო, კეთილგანწყობილი ადამიანის რეპუტაცია აქვს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საკმაოდ წარმატებულად თანამშრომლობდა კონგრესში რესპუბლიკელებთან", - აღნიშნავს ბიუკენენი. ზოგიერთი რესპუბლიკელი სენატორი წინასაარჩევნო პერიოდში უკვე გამოთქვამდა ბაიდენთან თანამშრომლობის მზადყოფნას, თუკი ის პრეზიენტი გახდებოდა.

ბაიდენის მიზანი ამერიკის გაერთიანებაა

ჯო ბაიდენს დაგეგმილი აქვს, “წინააღმდეგობებით გახლეჩილი ამერიკა გააერთიანოს”. "თუ პრეზიდენტობას მომანდობთ, ხელს შევუწყობ ჩვენში მხოლოდ კარგის და არა ცუდის აღმოჩენას, ვიქნები სინათლის და არა სიბნელის მოკავშირე", - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა 20 აგვისტოს, როდესაც დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ნომინაციას იღებდა. "დადგა დრო, ყველანი გავერთიანდეთ", - აღნიშნა პოლიტიკოსმა და პირობა დადო, რომ ძალ-ღონეს არ დაიშურებდა მათთვისაც, ვინც მის წინააღმდეგ მისცემდა ხმას.

ამასთან, ბაიდენი ამომრჩეველს მილიონობით სამუშაო ადგილის შექმნას დაჰპირდა და დააზუსტა, რომ აუცილებელი ინვესტიციები გაჩნდება, თუ ქვეყანა უარს იტყვის შეძლებულთათვის გადასახადების დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ შემცირებაზე.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ასევე გეგმავს, კლიმატის საკითხებს დაუთმოს განსაკუთრებული ყურადღება. მაშინ, როცა ტრამპს არაერთხელ გამოუთქვამს ეჭვი იმაში, რომ გლობალური დათბობა ადამიანის საქმიანობას უკავშირდება, ბაიდენი გეგმავს, 2050 წლისთვის აშშ-ის სრულად განახლებად ენერგიაზე გადასვლას მიაღწიოს.

როგორი იქნება ბაიდენის პოლიტიკა რუსეთის მიმართ?

ბაიდენის საგარეო პოლიტიკური ხედვები ასევე კარგადაა ცნობილი. მისი მთავარი დაპირებაა, “მსოფლიო არენაზე აშშ-ის ღირსეული ლიდერობა აღადგინოს". მარშალის ფონდის ექსპერტი ბრუნო ლეტე აღნიშნავს, რომ ბაიდენისთვის ფასეულობითი ასპექტი ცოტა უფრო ღირებულია, ვიდრე ტრამპისთვის, რომელიც, მაგალითად, ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლობას პრიზმიდან "შენ - მე, მე – შენ" განიხილავდა.

ლეტე იხსენებს, რომ ბაიდენმა აშშ-რუსეთის ურთიერთობების კუთხით მრავალი იმედგაცრუება გადაიტანა. ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი ქლინთონმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად 2009 წელს “გადატვირთვის” ღილაკს დააჭირა ხელი, რაც მოსკოვთან ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყების ნიშანი უნდა ყოფილიყო. "და ბაიდენი ხედავდა, რაოდენ დიდი კრახით დასრულდა მოსკოვისთვის მეგობრობის ხელის გაწოდება", - განმარტავს ექსპერტი.

ჰანს ზაიდელის სახელობის ფონდის (Hanns-Seidel-Stiftung) ვაშინგტონის განყოფილების ხელმძღვანელი კრისტიან ფორსტნერი (Christian Forstner) თვლის, რომ პრეზიდენტ ბაიდენის მმართველობის პირობებში რუსეთის მიმართ ვაშინგონის პოლიტიკა არ შეიცვლება. "მოსკოვის მიმართ ნდობა ამჟამად ამერიკაში უკიდურესად დაბალია. კონგრესსაც, სენატსაც, დემოკრატებსაც და რესპუბლიკელებსაც რუსეთის მიმართ კურსის გამკაცრება სურთ. ეს უკავშირდება უკრაინას, საქართველოს და სხვა მიზეზებს", - განმარტავს ექსპერტი. ამდენად, ბაიდენს ხელი ექნება შეკრული, რომც მოინდომოს რამის შეცვლა, ასკვნის ფორსტნერი.

ბრალდებები კორუფციაში და ჯანმრთელობის შესაძლო პრობლემებზე მითითება

უკრაინას ბაიდენისთვის ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ობამას ადმინისტრაციაში იგი კიევთან ურთიერთობებს კურირებდა. მეორეს მხრივ, ამის გამო ბაიდენი კორუფციული სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. 2014 წელს მისი ვაჟი ჰანტერი გაზის მომპოვებელი უკრაინული კომპანია Burisma-ს სამეთვლყურეო საბჭოში შევიდა.

უმცროსი ბაიდენის გადაწყვეტილებამ, რომელიც მანამდე არასოდეს ყოფილა დაკავშირებული გაზის ბიზნესთან და Burisma-ში მაღალ ხელფასს (მედიის მონაცემებით, თვეში 50 ათას დოლამადე) იღებდა, აშშ-ში კრიტიკა გამოიწვია ინტერესთა შესაძლო კონფლიქტის გამო. უფროს ბაიდენს კერძოდ, უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლაში ადანაშაულებდნენ იმ მიზნით, რომ თანამდებობიდან გადაეყენებინათ იმჟამინდელი გენერალური პროკურორი ვიქტორ შოკინი, რომელიც მაშინ Burisma-ს წინააღმდეგ გამოძიებას ედგა სათავეში. თუმცა თავად ჯოზეფ ბაიდენი ყველა ამ ბრალდებას უარყოფს.

23 სექტემბერს რესპუბლიკელმა სენატორებმა რონ ჯონსონმა და ჩაკ გრესლიმ გამოაქვეყნეს მოხსენება ჰანტერ ბაიდენის საეჭვო გარიგებების თაობაზე. დოკუმენტი აღწერს მრავალმილიონიან ფულად გადარიცხვებს, რომელიც უმცროსი ბაიდენის უკრაინაში, კომპანია Burisma-ში მუშაობას უკავშირდება. გარდა ამისა, მოხსენების თანახმად, იგი დიდძალ თანხებს იღებდა ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისა და მოსკოვის ყოფილი მერის – იური ლუჟკოვის მეუღლის ელენა ბატურინასგან.

ჯო ბაიდენის კრიტიკოსები ასევე არ იღლებიან მის ასაკზე და ჯანმრთელობის კუთხით შესაძლო პრობლემებზე მითითებით. მას შემდეგ, რაც 2020 წლის მარტში ლოს-ანჯელესში ამომრჩევლებთან შეხვედრისას ბაიდენი მათ თავის დას – ვალერის აცნობდა, თუმცა ხელით გვერდზე მდგომ მეუღლეზე მიუთითა, ამ კუთხით კრიტიკოსთა შფოთვა კიდევ უფრო გამწვავდა. მსგავსი ინციდენტები მოწინააღმდეგეებს ათასგვარი სპეკულაციების საბაბს აძლევთ იმაზე სასაუბროდ, რომ ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ასაკობრივი დემენცია აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მისთვის მსგავსი დიაგნოზი არავის არასოდეს დაუსვამს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები