ჰერბსტი: "ბაიდენი მეტ დროს დაუთმობს მოკავშირეებთან მუშაობას, რათა რუსეთისთვის ფასი გაზარდოს და კრემლის აგრესია შეაჩეროს"

23-11-2020 14:46:15 საგარეო პოლიტიკა

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ანალიტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი მიიჩნევს, რომ "აშშ–ის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მეტ დროს დაუთმობს მოკავშირეებთან მუშაობას, რათა რუსეთისთვის ფასი გაზარდოს და კრემლის აგრესია შეაჩეროს".

ამის შესახებ ჰერბსტმა "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.

"ბაიდენი კარგად აცნობიერებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვალადიმირ პუტინი რევიზიონისტულ პოლიტიკას ახორციელებს, რაც ამერიკის ინტერესებს საფრთხეს უქმნის. ვფიქრობ, იგი ამ პოლიტიკის წინააღმდეგ უფრო ენერგიულად და თანმიმდევრულად იმუშავებს. იგი მეტ დროს დაუთმობს მოკავშირეებთან მუშაობას, რათა გაზარდოს ფასი და შეაჩეროს კრემლის აგრესია", – განაცხადა ჰერბსტმა.

მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას უფრო მჭიდრო ურთიერთობები ექნება საქართველოსთან, ვიდრე ტრამპისას ჰქონდა:

"ჯო ბაიდენი აცნობიერებს საქართველოს დახმარების მნიშვნელობას, რათა თბილისმა განაგრძოს თავისი საგარეო და შიდა პოლიტიკური მიმართულებით არჩეული კურსი. მიმაჩნია, რომ საქართველო უფრო მეტ ყურადღებას მიიღებს ახალი ადმინისტრაციიდან, თუმცა აშშ–საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე შეთანხმების დადება შესაძლოა, რთულად მისაღწევი იყოს და საქართველოს მოქმედი მთავრობის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით კითხვების არსებობა, მაგალითად, ანაკლიის პორტის საკითხის თაობაზე, რა თქმა უნდა, ასევე არის ფაქტორი".

რაც შეეხება ნატო–ს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერას და ზოგადად აშშ–ის ახალი ადმინისტრაციის ურთიერთობას ალიანსთან, ჰერბსტის შეფასებით, "ბაიდენი ნატო–ში აშშ–ის ლიდერობას და თავად ალიანსს გააძლიერებს":

"მისი ადმინისტრაცია სიმპათიით იქნება განწყობილი საქართველოს ინტერესებისადმი, გახდეს ნატო–ს წევრი. თუმცა ეს სიმპათია არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაცია ამას [საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატო–ს წევრი] აუცილებლად მისცემს ბიძგს".

ამასთან, ანალიტიკოს მიიჩნევს, რომ "ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო მეტად გაამახვილებს ყურადღებას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, სადაც, ვიცით, რომ ახალი რეალობა შეიქმნა".

ცნობისთვის: აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი "დემოკრატიული პარტიის" წევრი ჯო ბაიდენი ხდება. მან გამარჯვების მოსაპოვებლად წარმომადგენელთა კოლეგიაში საჭირო 270–ხმიანი ზღვარი 7 ნოემბერს გადალახა. იმავე დღესვე მსოფლიო ლიდერების ნაწილმა და საერთაშორისო მედიასაშუალებების უმეტესობამ ბაიდენს ქვეყნის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადებას აპროტესტებს და შედეგები სასამართლოში გაასაჩივრა.

იხილეთ ასევე: ვინ არის ჯო ბაიდენი: აშშ-ის ახალი პრეზიდენტის პორტრეტი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები