ახალი სტატუს–კვო რეგიონში: რა სახის ცვლილებებია მოსალოდნელი საქართველოსთვის

10-11-2020 17:06:53 ,

კავკასიოლოგი გიორგი კანაშვილი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რუსეთის „შუამავლობით“ მიღწეულ შეთანხმებას ეხმიანება და სადღეისოდ გამოკვეთილ შედეგებს თუ სამომავლო რისკებს აანალიზებს.

„მივიღეთ [შეთანხმებით – რედ.] ის, რომ რეგიონში დამატებით 2 ათასი რუსი ჯარისკაცი გვეყოლება; რაც აშკარად ზრდის რუსეთის ბერკეტებს, როგორც სომხეთზე, ისე აზერბაიჯანზე; და, ბუნებრივია, ჩვენზეც;

ანუ საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წლის თავზე, რუსეთი სამხედრო ძალით სამხრეთ კავკასიის ყველა სუბიექტშია წარმოგენილი;

ნაწილობრივ მოძლიერდა თურქეთიც, თუმცა ეს მოძლიერება მაინც უფრო სიმბოლურია;

სომხეთს ამ ომის შედეგად, საბოლოო ჯამში, იმაზე უარეს პირობებზე დათანხმება მოუწია, ვიდრე მშვიდობით შეეძლო მიღება: ანუ დათმო ყველა რაიონი, პლიუს უშუალოდ ყარაბაღის ტერიტორიის გარკვეული ნაწილები (მათ შორის შუშა); ამ ყველაფერს დამატებული - ადამიანური დანაკარგები, ეკონომიკური ზარალი, ფსიქოლოგიური ტრავმა, და როგორც ჩანს, პოლიტიკური არასატაბილურობა და სავარაუდოდ, კიდევ უფრო მიბმა რუსეთთან (თუმცა ანტირუსული განწყობები შეუძლებელია, არ გაძლიერდეს);

ალიევთა ოჯახის მმართველობა აზერბაიჯანში, გაურკვეველი ვადით გახანძლივდა; მან მიაღწია, იმის მაქსიმუმს, რაც შეეძლო, დაედო ამ ვითარებაში; იგი რეალისტია და ძალიან კარგად ესმოდა, რომ ყარაბაღის მთლიანად ხელში ჩაგდება - შეუსრულებელი მისია იყო; ამასთან, შეთანხმების ტექსტში, აღარაა ნახსენები ყარაბაღის სტატუსზე შემდგომი დისკუსიები - ანუ ეს თემაც დაიხურა, აზერბაიჯანის სასარგებლოდ;

შეთანხმების თანახმად, კონტინენტური აზერბაიჯანი ნახიჩევანს უკავშირდება და შესაბამისად, – თურქეთს; ნიშნავს ეს, რომ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია გადახედვას ექვემდებარება? დღეს და ხვალ არა, მე მგონი, წლების ამბავია, თუმცა ამ მიმართულებით აშკარად გველის ცვლილებები; საფიქრალია – (დაკავშირება ნიშნავს, იქ არსებული ინფრასტრუქტურის აზერბაიჯანის მიერ გამოყენებას და არა ამ ტერიტორიაზე აზერბაიჯანულ იურისდიქციას);

ამ ყველაფრის შემხედვარე, ცხინვალში, კიდევ უფრო განმტკიცდებიან აზრში, რომ რუსეთთან მიერთებაა საჭირო (თორე შეიძლება, დადგეს დრო და ჩვენც გაგვცვალონ რამეშიო). არაა გამორიცხული, ფიქრი სოხუმშიც აქეთ გაექცეთ.

ჩვენ, თუ არ მოვეშვებით, უკაცრავად და „მაიმუნობას“, თუ არ ავუწყობთ დროსა და ჟამს ფეხს, არც ჩვენ გველის წინ უკეთესი დღეები! ყარაბაღის ამბავი ერთსაც გვასწავლის - რთულმა კომპრომისმა, თუ იგი დროულადაა მიღწეული, შესაძლოა, თავიდან ბევრი უბედრურება აგვარიდოს“,– წერს კანაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბერს, დილით დაიძაბა, სომხეთი და აზერბაიჯანი ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. ორივე მხარეს არის დიდი მსხვერპლი. გუშინ ცნობილი გახდა აზერბაიჯანული ჯარის მიერ შუშის აღების შესახებ, რის შემდეგაც აზერბაიჯანის ძალები უკვე დედაქალაქ სტეპანაკერტს მიუახლოვდნენ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან 10 ნოემბრის 01:00-დან ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ მან მოსახლეობას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მიმართვით აცნობა.

"შუამავალი" რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა იჩქარა, ეცნობებინა საზოგადოებისთვის, რომ მთიან ყარაბაღში რუსი "სამშვიდობოები" ჩადგებიან. "აზერბაიჯანული და სომხური ძალები ყარაბაღში მათ მიერ დაკავებულ პოზიციებზე შეჩერდებიან. ბაქომ და ერევანმა ასევე ტყვეები უნდა გაცვალონ, ყარაბაღში კი ყველა სატრანსპორტო კვანძი უნდა განიბლოკოს. ვიმედოვნებ, შეთანხმება შექმნის პირობებს კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარებისთვის" - აღნიშნა მან.

ერევანში კი ფაშინიანის განცხადებიდან მალევე არეულობა დაიწყო. აღშფოთებული მოქალაქეები სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ, სკანდირებენ „ჩვენს მიწას არ ვთმობთ!“ და თანამემამულეებს "კაპიტულაციის გაპროტესტებისკენ" მუწოდებენ. სომხეთში ვიტარება დაძაბულია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები