26-წლიანი კონფლიქტის "დასასრული": ყარაბაღში რუსული ჯარი დგება, ერევანში კი არეულობა დაიწყო

10-11-2020 02:27:57 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან 10 ნოემბრის 01:00-დან ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ მან მოსახლეობას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მიმართვით აცნობა.

"ძვირფასო თანამემამულეებო, დებო და ძმებო! ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის. 01.00 საათიდან ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ განცხადებას მოვაწერე ხელი რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან. უკვე გამოქვეყნებული ტექსტი დაუჯერებლად მტკივნეულია ჩემთვის და ჩვენი ხალხისთვის. ეს გადაწყვეტილება მივიღე სამხედრო სიტუაციის ღრმა ანალიზის შედეგად და იმ ადამიანების რჩევით, რომლებსაც აქვთ სიტუაციის საუკეთესო ხედვა. ის ასევე ეფუძნება რწმენას, რომ ეს არის საუკეთესო გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში. დიახ, ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ არც მარცხია, სანამ თავს დამარცხებულად არ ჩავთვლით. ჩვენ კი ამას არასოდეს გავაკეთებთ და ეს უნდა იყოს ეროვნული ერთიანობის, ხელახლა დაბადების ეპოქის დასაწყისი. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ჩვენი დამოუკიდებლობის წლები, რათა დავგეგმოთ მომავალი და აღარ გავიმეოროთ წარსულის შეცდომები. მუხლს ვიდრეკ თითოეული ჩვენი მოწამის წინაშე. ქედს ვიხრი ყველა ჩვენი ჯარისკაცის, ოფიცრის, გენერლის, მოხალისეს წინაშე, რომლებიც იცავდნენ და იცავენ სამშობლოს! მათ არცახის [თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის - რედ.] სომხები საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს! ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ! და ჩვენ გავიმარჯვებთ! არცახი დგას! გაუმარჯოს სომხეთს! მრავალჟამიერ არცახს" - წერს ნიკოლ ფაშინიანი და დასძენს, რომ შესაბამისი პირობები უახლოეს დღეებში განსაჯაროვდება.

ამასობაში "შუამავალი" რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა იჩქარა, ეცნობებინა საზოგადოებისთვის, რომ მთიან ყარაბაღში რუსი "სამშვიდობოები" ჩადგებიან. "აზერბაიჯანული და სომხური ძალები ყარაბაღში მათ მიერ დაკავებულ პოზიციებზე შეჩერდებიან. ბაქომ და ერევანმა ასევე ტყვეები უნდა გაცვალონ, ყარაბაღში კი ყველა სატრანსპორტო კვანძი უნდა განიბლოკოს. ვიმედოვნებ, შეთანხმება შექმნის პირობებს კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარებისთვის" - აღნიშნა მან. არსებული ინფორმაციით, საუბარია 1960 სამხედროზე შესაბამისი ტექნიკით.

ერევანში კი ფაშინიანის განცხადებიდან მალევე არეულობა დაიწყო. აღშფოთებული მოქალაქეები მთავრობის კანცელარიაში შეიჭრნენ. ვითარება დაძაბულია. დემონსტრანტები სკანდირებენ „ჩვენს მიწას არ ვთმობთ!“ და თანამემამულეებს "კაპიტულაციის გაპროტესტებისკენ" მუწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გუშინ, როცა დადასტურდა აზერბაიჯანული მხარის ინფორმაცია სტრატეგიულ ქალაქ შუშის აღების თაობაზე, სომხურმა ოპოზიციამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც ომში მარცხის გამო ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მთავრობის გადადგომა მოითხოვა.

ცნობისთვის: მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბერს, დილით დაიძაბა, სომხეთი და აზერბაიჯანი ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. ორივე მხარეს არის დიდი მსხვერპლი. გუშინ ცნობილი გახდა აზერბაიჯანული ჯარის მიერ შუშის აღების შესახებ, რის შემდეგაც აზერბაიჯანის ძალები უკვე დედაქალაქ სტეპანაკერტს მიუახლოვდნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები