საქართველოში COVID-19–ის დღიურ მაჩვენებლებში ანტირეკორდთან ერთად პოზიტიური რეკორდიც ფიქსირდება
27/10/2020 07:18:00 საზოგადოება
საქართველოში COVID-19–ის დღიურ მაჩვენებლებში ანტირეკორდთან ერთად პოზიტიური რეკორდიც დამყარდა. კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელება 1 262 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ქვეყნისთვის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ამ მიმართულებით რეკორდული მაჩვენებელია. ამრიგად, ჯამში 12 632–მდე გაიზარდა განკურნებულ მოქალაქეთა რაოდენობა.
ოფიციალური მონაცემებითვე, გასული დღე–ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 23 პაციენტი, რაც ქვეყნისთვის ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ვირუსმა ჯამში 238 პაციენტი იმსხვერპლა.
რაც შეეხება ინფიცირებას, გასული დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსი 1 824 პირს დაუდასტურდა და 32 127–მდე გაიზარდა გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში ინფიცირების დღიურ მაჩვენებლებში კლება შეინიშნება: 25 ოქტომბერს 1900–ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 26 ოქტომბერს – 1872, მაგრამ როგორც ცნობილია, ჩატარდა ნაკლები ტესტირებაც.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 3769 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 832, კოვიდ–სასტუმროებში – 2 249, ხოლო თვითიზოლაციაში – 28 067 მოქალაქე.
იხილეთ ასევე: როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით


