
გარეჯი – არჩევნები და აზერბაიჯანთან ურთიერთობები: რას ფიქრობენ „ქართული ოცნებაში“
07/10/2020 12:13:13 პოლიტიკა
დავით–გარეჯის ირგვლივ წარმოებული გამოძიების ფონზე კითხვები რამდენიმე მიმართულებით გაჩნდა და ეს გამოძიების დაწყების დროსა და კონტექსტს შეეხება. კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი მგრძნობიარე თემის გააქტიურება მიმართულია თუ არა ოპონენტების დისკრედიტაციისკენ? და როგორ აისახება მსგავსი ქმედებები საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობაზე: ამ შემთხვევაში ყურადღება ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები სახელდება. კერძოდ, აღიქვამს თუ არა ფრონტის მეორე ხაზის გახსნად საქართველოს კიდევ ერთ მეზობელთან – სომხეთთან საბრძოლო მოქმედებებში ჩართული ბაქო სტრაქტეგიული პარტნიორისგან მსგავს აქტივობას? ბაქოს ოფიციალური პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ „ქართული ოცნების“ წევრებს ორივე შემთხვევაში უარყოფითი პასუხი აქვთ.
მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გვარწმუნებს, რომ სართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოძიება აზერბაიჯანთან ორმხრივ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ თანამშრომლობას არ შეეხება.
მისი თქმით, აზერბაიჯანი იყო, არის და იქნება საქართველოს სტატეგიული პარტნიორი, მოკავშირე და გამოძიების ფარგლებში დადგენილი ახალი გარემოებები ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთოიბებზე გავლენას ვერ მოახდენს.
„გამოძიების ფარგლებში დადგენილი ახალი გარემოებებით, რა თქმა უნდა, ვეცდებით განვაგრძოთ მოლაპარაკებები და მივაღწიოთ პირველადი შეთანხმებების გადახედვას, რომელიც კომისიებს შორის მოლაპარაკებების წინა ეტაპზე იყო მიღწეული. დაწყებული გამოძიება, სავარაუდო ბრალდება და მომხდარი დანაშაული, რაც პროკურატურამ გააჟღერა, არის ჩვენი შიდა სახელმწიფოებრივი, საშინაო საქმე. არც შეიძლება და ვერც გვექნება ვერანაირი პრეტენზიები აზერბაიჯანულ მხარესთან. ჯერ უნდა გავარკვიოთ, თუ რა მოხდა კომისიის ფარგლებში. პასუხები უნდა გაეცეს ძალიან მძიმე კითხვებს, თუ რატომ მოხდა 1945 და შემდგომ წლებში გამოშვებული რუკების გამოყენება საზღვრის დემილიტაცია-დემარკაციის პროცესში, მაშინ როდესაც ოფიციალურად შეთანხმებული 1938 წლის რუკა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისათვის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის უფრო სამართლიან პირობებს ადგენდა. ამას უნდა გაეცეს პასუხი სანამ საზღვრის დემილიტაციასთან დაკავშიურებით მოლაპარაკებებს განვაგრძობთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კი გამოძიების არჩევნებთან კავშირს ვერ ხედავს.
"ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობაა. საკითხს, რომელსაც ვიხილავთ, მე ვერანაირად ვერ დავუკავშირებ არჩევნებს, რადგან ქვეყანაში არჩევნები ბევრჯერ ტარდება. როცა ვსაუბრობთ სახ ინტერესებზე, ეს დღის წესრიგში დგას ყოველ დღე", - ამბობს დეპუტატი.
ხოლო საქართველოს პრემიერის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომრისა და პარტიის პრემიერ–მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასთვის მიუღებელია კითხვა, რატომ დაიწყო გამოძიება ახლა და ამ ფორმით.
„ყოველთვის ვამბობდი, რომ ღირსეული პოლიციელი, მესაზღვრე, ჯარისკაცი, ჩვენი ქვეყნის არის ფუნდამენტი და საფუძველი. დავით გარეჯის საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში, შესაბამისად, სრული ინფორმაცია არის პროკურატურაში. რა თქმა უნდა, იქ თუ არსებობდა დანაშაულის შემადგენლობა, ყველა პირობის დაცვით და ყველა მდგენელის მიუხედავად, პროკურატურა ვალდებული იყო ეს გამოძიება დაეწყო და დაასრულოს, ასევე ვალდებულია. განსკაუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ქვეყნისთვის სენსიტიურ საკითხს და უამრავ კითხვას აჩენს ჩვენს მოქალაქეებში. რატომ ახლა ან რატომ ასეთი ფორმით - ეს კითხვები აბსოლუტურად მიუღებელია. საქმე ეხება დანაშაულის შემადგენლობას, რომელიც ასევე ქვეყნის ინტერესებს ეხება“, - განაცხადა გახარიამ თემის კომენტირებისას.
ცნობისთვის: 7 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენის ბრალდებით 2 პირი დააკავა. დაკავებული არიან საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდებულები საზღვრის დადგენის კომისიის წევრებს გაზრახ უმალავდნენ მნიშვნელოვან კარტოგრაფიულ მასალას, თუმცა რა მოტივაციით ხელმძღვანელობდნენ ისინი, უცნობია.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე გადაწყვეტილებას ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გალაშქრებად აფასებს.
"მთლიანად პოლიტიზირებულია ეს საქმე. მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რატომ შეიძლებოდა ამ საქმეზე ვინმე დაეკავებინათ, როდესაც არავისთვის არაფერია დათმობილი. ახლა რასაც აკეთებენ არის პირდაპირ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გალაშქრება. ვითომ ისე წარმოაჩენენ საქმეს, რომ საქართველომ რაღაც დათმო, არაფერი დაუთმია არავისთვის. ეს არის თითიდან გამოწოვილი საქმე, რომელსაც პოლიტიკური მოტივაცია აქვს", - განაცხადა კაპანაძემ.
პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე ფორმულასთან საუბარში გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პროკურატურის ბრალდება აბსურდულია და ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიას ემსახურება.
პოლიტოლოგი და ყოფილი დიპლომატი გია ჯაფარიძე გამოძიებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს, ამასთან საგამოძიებო უწყებას მიუთითებს, რომ ტერმინის „ისტორიული ტერიტორია“ გამოყენება სახიფათოა.
"26 წელია, ივერი მელაშვილი ამ კომისიის წევრია და 26 წელი რუკებს მალავდა? რა სიგიჟეა... ბევრი სხვადასხვა ვერსია მიტრიალებს თავში, მათ შორის რომელიმე სახელმწიფოს ხომ არ მიართვეს ივერი მელაშვილის თავი?!. სტალინური ტერმინებით ლაპარაკობდა პროკურორი - „ისტორიული ტერიტორიებიო“. „ისტორიული ტერიტორიები“ სტალინის მოგონილი ტერმინია და საიდან გააცოცხლეს? უაღრესად სახიფათოა ეს ჩვენთის, რას ნიშნავს ისტორიული ტერიტორიები და სად გადის საქართველოს ისტორიული ზღვარი? საქართველო როგორც „ნაციონალური სახელმწიფო“ 1918 წლამდე არ არსებობდა. სად ავლებენ ამ საზღვრებს?", - აცხადებს ჯაფარიძე და მელაშვილის კოლეგებს "უსამართლობის წინააღმდეგ ხმა ამაღლებისკენ" მოუწოდებს.
"შიდა დღის წესრიგით ნაკარნახევ არამეგობრულ ნაბიჯად" აფასებს მიმდინარე გამოძიებას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი:
"აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანია, რომ შიდაპარტიული დღის წესრიგით არის ეს მოქმედება გამოწვეული და სწორედ ესაა სამწუხარო ამ ისტორიაში. შიდა პოლიტიკური, პარტიული დღის წესრიგი არ შეიძლება, იყოს შენი მოქმედების ერთადერთი კრიტერიუმი და მსაზღვრელი. დიახ, ქვეყნის ინტერესი უნდა იყოს ერთადერთი მსაზღვრელი, მაგრამ არა შენი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესი, რადგან ის აუცილებლად და სავალდებულოდ ყოველთვის არ ემთხვევა ქვეყნის ინტერესს. დავფიქრდეთ, 2008 წელს ჩვენ რა რეაქცია გვექნებოდა, 11 აგვისტოს აზერბაიჯანელებს გარეჯთან დაკავშირებით საგამოძიებო კი არა, ზოგადად, რაიმე მოქმედება რომ განეხორციელებინათ?! ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამბავი მოჰყვებოდა ამას საქართველოში და ეს ჯანსაღი რეაქცია იქნებოდა. ძალიან სამარცხვინოა ის, რასაც ახლა ყველანი ვადევნებთ თვალს".