გვენეტაძე განმარტავს, როდის დაუბრუნდება ლარი "წონასწორობის ნიშნულს"

23-09-2020 15:42:41 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის პროგნოზით, პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობისა და წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, ლარი "წონასწორობის ნიშნულს" დაუბრუნდება. გვენეტაძე ფეისბუკით გავრცელებულ მიმართვაში არ აკონკრეტებს რა არის ლარის "წონასწორობის ნიშნული", თუმცა მიაჩნია, რომ "მეტად გაუფასურებულია".

მისივე განმარტებით, უცხოური ვალუტის გაყიდვით ეროვნული ბანკის მიზანი არა ლარის კურსის შენარჩუნება, არამედ ბაზრისთვის მისი მიწოდებაა.

"ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა პანდემიის მიერ დაზიანებული ეკონომიკის დასახმარებლად დროის უმოკლეს პერიოდში უცხოური ვალუტით მოცულობითი დახმარება მოიზიდა, რომლის ნაწილიც, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მეშვეობით, მიმდინარე წელს და, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველ ნახევარშიც, ეკონომიკას ეტაპობრივად მიეწოდება", - აღნიშნავს გვენეტაძე.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მიერ ლარის ვერგამყარებაზე საუბარი მოსახლეობას და ბიზნესს არასწორი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს და აზარალებს.

ეროვნული ვალუტა გაუფასურების ტენდენციას ინარჩუნებს, ეროვნული ბანკი კი გაუფასურების ხელოვნურად შესაჩერებლად უცხოურ ვალუტას ყიდის, თუმცა ამას კურსის გამყარებაზე გავლენა მაინც არ აქვს.

იხილეთ ასევე: რამდენით და რა სახის პროდუქტზე მოიმატებს ფასები ოქტომბრიდან – პროგნოზი და გამოსავალი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები