რამდენით და რა სახის პროდუქტზე მოიმატებს ფასები ოქტომბრიდან – პროგნოზი და გამოსავალი

22-09-2020 15:37:42 ეკონომიკა ,კომენტარი

მიუხედავად ლარის სტაბილურობის თაობაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდის დამაიმედებელი პროგნოზისა და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციებისა, ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს, დისტრიბუტორი კომპანიები კი ოქტომბრიდან პროდუქტზე ფასების მატებას პროგნოზირებენ.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია „აქცენტთან“ საუბრისას ვარაუდობს, რომ დაახლოებით, 10 ოქტომბრიდან ყველა სახის პროდუქტზე ფასები 2%–ით და მეტით მოიმატებს.

როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, ფასების მატება შეეხება მათ შორის ადგილობრივი წარმოების პროდუქტს, ვინაიდან წარმოებისთვის საჭირო ნედლეულიც იმპორტირებულია.

მაგალითად, ადგილობრივი წარმოების პომიდორისთვის შესაწამლი საშუალებები ხომ უცხოეთიდან შემოდის. ეს საშუალებები კი მწარმოებელმა დოლარში უნდა იყიდოს და ბუნებრივია ეროვნული ვალუტის ცვალებადობა მასზეც აისახება – ყველა ადგილობრივი მწარმოებელი დამოკიდებულია იმპორტირებულ ნედლეულზე“,– განმარტავს ჭყონია და დასძენს, რომ „ბიზნესი დიდი ხანია, გადარჩენის რეჟიმში მუშაობს, იძულებულნი არიან, ფასები გაზარდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპერირებას ვეღარ გააგრძელებენ“.

ჭყონია ამბობს, რომ მიუხედავად დრამატული ვითარებისა და კიდევ უფრო მძიმე მოლოდინებისა, მთავრობის ეკონომიკური გუნდის მხრიდან გარდა „არარეალური განცხადებებისა“, კომუნიკაცია არ ყოფილა. დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი იხსენებს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების განცხადებებს ლარის სტაბილურობის თაობაზე.

„ბოლო 5 წელია, ვსაუბრობ, რომ ლართან დაკავშირებული პრობლემები ინფლაციას იწვევს. თავადაც [ეკონომიკურ გუნდში] იციან, რა როგორ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ არაადეკვატურ განცხადებებს ვიღებთ, რაც ვფიქრობ, ჯამში არაფერს ემსახურება – ნეგატიურ შედეგად ვიღებთ: იზრდება ფასები, მსყიდველუნარიანობა ეცემა, ბიზნეს კი პრობლემა ექმნება: გასაგებია, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტი ბრუნვაში ყოველთვის იქნება, მაგრამ გარდა ამისა, უამრავ სხვა პროდუქტზეა საუბარი, რაზეც ეს ქვეყანა დგას. ამდენად, პროცესი ნებისმიერ კომპანიაზე ნეგატიურად აისახება – ყველას აქვს საბანკო ვალდებულებები, ვალდებულებები თანამშრომლებთან და ამ ვალდებულებების გაუსტუმრებლობის წინაშე დავდგებით. გავიდა ექვსთვიანი პერიოდიც [საბანკო ვალდებულებების გადავადების] და წარმოიდგინეთ, ეს რა მძიმე ტვირთად დააწვება ბიზნესსა და მოქალაქეებს“,– ამბობს ჭყონია.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე კიდევ ერთ პრობლემურ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას:

„თავისუფლების აქტში“ გაწერილია, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალი არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 60%–ს, თუმცა, პროგნოზით, ლარის კურსის გაუფასურების პირობებში, შესაძლებელია, ვალი მიუახლოვდეს ან გადასცდეს აღნიშნულ ზღვარს, რაც დამატებით პრობლემებს შექმნის: მთავრობის მიერ დამატებითი ვალის აღება შესაძლოა პრობლემური გახდეს და მოუწიოს სესხის უცხოელი დონორებისგან მაღალ პროცენტში აღება. გარდა ამისა, ლარის გაუფასურება ზრდის საგარეო ვალის წნეხს – იზრდება ყოველთვიური გადახდის ტვირთი“.

გამოსავალი

გიორგი კეპულაძე ყურადღებას სესხის სახით მოზიდული სახსრების რაციონალურად ხაჯვის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას:

ის, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში უნდა დაიხარჯოს, ცალსახაა. ასევე მნიშვნელოვანია, შემცირდეს სოციალურ დახმარებებში და მთავრობის ხარჯებში ვალით მოზიდული სახსრების ხარჯვა.

ყოველწლიურად ვსაუბრობთ ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე. იგივეა საზოგადოების აღქმა და სანამ ოპტიმიზმის ელემენტარული საფუძველი არ გაჩნდება, ვითარება შენარჩუნდება. ჯერ–ჯერობით, „ქართული ოცნების“ ეკონომიკური გეგმა, როგორ აპირებს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას, არ გვინახავს. სასურველია, ვნახოთ და შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სპეციალისტებმა ვიმსჯელოთ, რამდენად ადეკვატურია სხვადასხვა პარტიების გეგმები ამ მიმართულებით. ვიცით, რომ წელს ეკონომიკური ვარდნა გვექნება და მოლოდინი კიდევ უფრო უარესია, რაც ქვეყნის იმიჯზე დადებითად არ აისახება

ბიუჯეტის კორექტირების აუცილებლობაზე საუბრობს ივა ჭყონიაც:

ეროვნული ბანკი ფაქტობრივად, დროულად მოქმედებს, მაგრამ ეს საერთო სურათს აღარ შველის. შესაბამისად, ამ ეტაპზე, როდესაც ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინება ვერ ხდება, ბიუჯეტი უნდა გადაიხედოს – დაკორექტირდეს, დონაციაზე ნაკლები სახსრები მიემართოს. ბევრი ფაქტორი მუშაობს: „საერთაშორისო გამჭვირვალეობის“ კვლევის მიხედვით, პანდემიის პერიოდში შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა 20%–ით გაიზარდა, რაშიც ბიუჯეტიდან 11 მილიონამდე დაიხარჯა; 11 მილიონივე დაიხარჯა ანალოგიურ პერიოდში მივლინებებში – ეს წარმოუდგენელია და სხვა მიმართულებით რა ხდება, არ ვიცით. ხარჯების ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს, სხვა გამოსავალი არაა. მეტი თანხები უნდა მიემართოს ინფრასტრუქტურული პროექტებისკენ, რათა ფულმა იბრუნოს – ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.

ახალი ამბები