ვაშაძე ლარის გამყარების საკუთარ ხედვას ასახელებს

23-09-2020 13:52:27 პოლიტიკა ,ეკონომიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ლარის კურსის გასამყარებლად ერთადერთ გზას ხელისუფლების ცვლილებაში ხედავს.

„დღეს ეროვნული ბანკი ჩვენი 40 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებს. სამწუხაროდ, დახარჯულმა ჩვენმა ფულმა არაფერი შედეგი არ გამოიღო, ასევე იქნება 40 მილიონი დოლარის შემთხვევაშიც. ბოლო 4 დღის მანძილზე ქართველ და უცხოელ ფინანსისტებთან ერთად დღე და ღამე ვიმუშავეთ იმისთვის, რომ მიგვეკვლია რაიმე ფორმულისთვის, რა შეიძლება, გავაკეთოთ იმისთვის, რომ ლარის კურსი გამყარდეს, თუნდაც საჯაროდ შეგვეთავაზებინა ეს ხელისუფლებისთვის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ლარის კურსმა გამყარება და მკვეთრად გაუმჯობესება დაიწყოს, ხელისუფლების ცვლილებაა. სხვა გზა არ არსებობს, გარდა ხელისუფლების ცვლილებისა და გეტყვით რატომ - ახლა ეკონომიკაში საშინელი, ნეგატიური მოლოდინებია, რადგან არაფერი გააკეთა კრიზისის დროს „ქართული ოცნების“ მთავრობამ, არაფერი შესთავაზა მცირე და საშუალო ბიზნესს, მხარი არ დაუჭირა მათ, ახალი თაობის რეფორმები არ დაიწყო, პირიქით, ისინი გამოდიან და ამბობენ, ყველაფერი კარგად არისო. სწორედ ამაზე ვრეაგირებთ თითოეული მოქალაქე. ეს ნიშნავს, რომ ეს კოლაფსი, კრიზისული მდგომარეობა, მათ პირობებში დიდხანს გაგრძელდება“,-აცხადებს ვაშაძე.

მისი შეფასებით, გაჩერებული ბიზნესი შემოდგომისთვის ანტიკრიზისულ გეგმას ელოდა,

სანაცვლოდ კი მოისმინა, რომ „ეკონომიკაში ყველაფერი კარგადაა“. „აღნიშნულის გათვალისწინებით, ეს უბრალოდ, ავტომატური რეაქციაა მთელი საზოგადოების, იმ შიშის, რომელიც ზოგადად, ეკონომიკურ პრობლემებთან მიმართებით აქვთ. ლარის კურსი განწყობებზეც არის დამოკიდებული და არა მხოლოდ იმაზე, რამდენი დოლარი გაიყიდება და რამდენ ლარს ვიყიდით“,-განაცხადა ვაშაძემ.

მან მთავრობის წევრებს, მათ შორის პრემიერ–მინისტრს ურჩია, „ცოტა ილაპარაკონ:

„ძალიან გთხოვთ, ცოტა ილაპარაკეთ, ნუ აკეთებთ უაზრო განცხადებებს, ნუ დადიხართ კომუნისტურ, გამოწკეპილ პიჯაკებში და ნუ აკეთებთ განცხადებებს, რომ ყველაფერი კარგადაა. ნუ აკეთებთ განცხადებას, რომ თურმე საჩხერის მოდელი საქართველოს განვითარების მოდელია. ამ ყველაფერზე რეაგირებს ეკონომიკა, ამ ყველაფერზე რეაგირებს საქართველოს თითოეული მოქალაქე“.

იხილეთ ასევე: რამდენით და რა სახის პროდუქტზე მოიმატებს ფასები ოქტომბრიდან – პროგნოზი და გამოსავალი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები