„უნდა დაეფასებინათ და ეს დროც დადგა!“ - ნაცნობი, მაგრამ უცნობი ამბები
22/09/2020 17:41:31 საზოგადოება
ექსტრემალურ პირობებში აღმოჩენილს, ალბათ, პირველი, რაც თითოეულ ჩვენგანს ახსენდება, ნომერი –112–ია. რეკავ და გჯერა, რომ გიპოვნიან, შენს გამო რისკზე წავლენ, მარტო არ დაგტოვებენ, გიგულშემატკივრებენ, შენთვის ან შენთან ერთად იბრძოლებენ, გადაგარჩენენ ან გადაარჩენენ, შემდეგ კი შესაძლოა, პირადი გასაჭირით თუ სანახაობით გართულებს, „მადლობის“ თქმაც გამოგვრჩეს.
ვარაზი გვეუბნება, მუშაობის დროს „ემოციების დრო არ არის, ხშირად ადამიანის სიცოცხლეს ეხები და მერე აღიქვამ მომხდარს მთელი სიმძაფრითო“ და ალბათ, მადლიერებას ჩვენგან არც არავინ ელის, თუმცა ქცევა ერთგვარი მენტალური დიაგნოზია – ვინ ვართ ჩვენ?!
თითოეული ეპიზოდის უკან კი, რომლის შესახებაც გვსმენია თუ გვინახავს, კონკრეტული გვარ–სახელები, კონკრეტული ისტორიებია – მათ გადაარჩინეს, ან სცადეს, გადაერჩინათ. ვარაზ წოწონავა 22 წლის იყო, როდესაც მათ რიგებში აღმოჩნდა და დღეს სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროსია 20–წლიანი გამოცდილებით. ამბობს, რომ მყვინთავ–მაშველობაზე არ უოცნებია, თუმცა თავგადასავლებით მოცული პროფესია პროცესში შეუყვარდა და მისი კოლეგების თუ პირადად მის მიერ განხორციელებული თითოეული წარმატებული ოპერაცია საკუთარი არჩევანით სიამაყის განცდას უფრო და უფრო ამძაფრებს. ამბობს იმასაც, რომ მყარი ფსიქიკა და ჟინია ის მთავარი მახასიათებლები, რაც პირს მაშველად აქცევს. პროცესში კი არის სირთულე, არის რისკი.
-78177.jpg)
"ახალბედა, ცოტა გამოუცდელი ვიყავი. „გაჩიანის ხიდის“ ქვეშ ვეძებდით მეთევზეს. კოლეგა კი მაფრთხილებდა, სიღრმეში არ შევსულიყავი, მაინც შევედი და წყალმა ჩამითრია. მაშინ სიკვდილს „თვალებში ჩავხედე“, მაგრამ კოლეგების დახმარებით გადავრჩი“,– იხსენებს „აქცენტთან“ ვარაზი და ერთგვარად მაშველის ფსიქოლოგიასაც გვანდობს: „მსგავს ვითარებაში რისკი არ გახსოვს – ცივი გონებით მოქმედებ. წარმოიდგინეთ, ადამინს ახლობელი დაეღუპა და მიცვალებულიც კი არ ჰყავს. ჩემს თავს მის ადგილზე წარმოვიდგენ ხოლმე".
მათ სამაშველო ოპერაციის წარმოება არა მხოლოდ წყალში, საჭიროების შემთხვავაში ავტოსაგზაო შემთხვევებისას და მთაშიც უწევთ.
კარიერული გზა არც სხვა ფაქტორების გათვალისწინებით იყო მარტივი. მაგალითად, 2001–2002 წლებში მაშველის შრომითი ანაზღაურება 60–70 ლარის ფარგლებში იყო და ისიც „გაყინვის“ პერსპექტივით:
"რომ ვკითხავდით, „სადაა ჩვენი ხელფასი–მეთქი“, გვეუბნებოდნენ „გაიყინაო“. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბიჭები ჩვენს საქმეს ერთგულად ვემსახურებით. დღეს ჩვენი ხელფასები გაორმაგდა, ძალიან კმაყოფილები და გახარებულები ვართ. ამისთვის მინდა, მადლობა პირადად მინისტრ, ვახტანგ გომელაურს გადავუხადო. თუ ინსპექტორის ანაზღაურება1000 ლარი იყო, ახლა 2000 ლარამდეა, უფროსი ინსპექტორის – 1200 ლარი იყო, ახლა კი –2200 ლარია. ბიჭები მადლიერები არიან: ბუნებრივია, ჩვენს საქმეს ვაკეთებდით, მაგრამ დაფასება და პატივისცემა მოტივაციას გვმატებს".
ვარაზმა მისი სამსახურის სიღრმეებშიც შეგვახედა და გვიამბობს, რომ სადღეისოდ სამმართველოში ორი – დასავლეთის და აღმოსავლეთის განყოფილებები არსებობს, სადაც ჯამში 27 მყვინთავ–მაშველია დასაქმებული.
"ყველას თანაბრად – 100%–ით გაეზარდა ხელფასი. დიდი ხანია, ეს ბიჭები დასაფასებლები იყვნენ და ეს დროც დადგა!“,– კმაყოფილებით აღნიშნავს ვარაზი.
20–წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე მაშველი მოქალაქეებს ახსენებს, რომ ჩვენ პასუხისმგებლობისგან არაფერი გვათავისუფლებს და გვთხოვს, "გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, მაქსიმალურად ყურადღებით ვიყოთ და თუ ვხედავთ, რომ საშიშროებაა, დროულად მოვახდინოთ რეაგირება“.


