2020 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის მოლოდინი: რა მიმართულებით უნდა გაამახვილოს ყურადღება საქართველომ

21-09-2020 14:09:10 საგარეო პოლიტიკა

აშშ–ის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტი სტივენ ბლენკი მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით, რუსეთის საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრისთვის დაგეგმილ არჩევნებში ჩაერევა და იმ მიმართულებებს ასახელებს, რაზეც, მისი აზრით, თბილისმა ყურადღება უნდა გაამახვილოს. ამის შესახებ ბლენკმა "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.

"ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოსკოვის ჩარევის მოლოდინი უნდა გვქონდეს, რადგან სტრუქტურები, რომელთა მისიაა საინფორმაციო ომის წარმოება და ჩარევა, უკვე შექმნილია და მოქმედებს. არსებულ ვითარებაში საქართველომ ყურადღება უნდა გაამახვილოს დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების, კრიმინალური საქმიანობის (რომელშიც კანდიდატები, პარტიები და მოძრაობები არიან ჩართულნი), რუსული სუბსიდიების მიღების, მათ შორის – რუსული ბიზნესის შექმნის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით", – განუცხადა "აქცენტს" ბლენკმა.

მისივე თქმით, არჩევნებში რუსეთის ჩარევის მიზანი საქართველოში პროდასავლური ძალების დასუსტებაა.

"რუსეთი საინფორმაციო და პოლიტიკურ ბერკეტებს რელიგიურ, ეთნიკურ და სხვა საკითხებზე ზეგავლენისთვის, ასევე, დასავლეთის მიერ საქართველოს ევროკავშირთან და ნატო–სთან უფრო მეტად ვერდაახლოებით გამოწვეული იმედგაცრუების გაღვივებისთვის იყენებს. მისი მიზანია, გაზარდოს საქართველოში ანტიდასავლურად განწყობილი ელექტორატი და ამით შეამციროს პროდასავლური პარტიების ძალა და ძირი გამოუთხაროს მათ საქმიანობას", – განაცხადა ბლენკმა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოსკოვის მხრიდან შესაძლო ჩარევის საკითხზე ყურადღება საქართველოში აშშ–ის ელჩმაც გაამახვილა:

"საქართველო უნდა ელოდოს, რომ რუსეთი ჩაერევა არჩევნებში, რადგან რუსეთს აქვს ჩარევის სქემა, მათ შორის – დეზინფორმაციული კამპანიები. [...] აშშ-სა და საერთაშორისო დონორებს აქვთ ინიციატივა, რომელიც მიმართულია საქართველოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ, რათა დაეხმარონ ქართველებს, შეძლონ ყალბი ამბების გარჩევა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა მიაწოდონ ამომრჩეველს სწორი ინფორმაცია, აამაღლონ მათი ცნობიერება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკის აღდგენა, განათლება, ჯანდაცვა და ა.შ. ეს საჭიროა, რათა ამომრჩეველი მომზადებული და ინფორმირებული მივიდეს უბანზე. ეს არის საუკეთესო გზა რუსეთიდან ან ნებისმიერი სხვა მიმართულებიდან მომავალი დეზინფორმაციის დასაძლევად", – განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს 31 აგვისტოს.

იხილეთ ასევე: "დოსიეს" გამოძიება: „პატრიოტთა ალიანსი“ კრემლისგან 8 მილიონს ითხოვს“

“პატრიოტთა ალიანსის” კავშირი კრემლთან, ანუ როგორ ერევა მოსკოვი ქართულ არჩევნებში: ცენტრ “დოსიეს” გამოძიება, ნაწილი II

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები