ჰონგ კონგისა და რუსეთის შემდეგ კორონავირუსით ხელახლა ინფიცირების შემთხვევები ბელგიასა და ნიდერლანდებშიც დადასტურდა
25/08/2020 19:22:29 მსოფლიო
ჰონგ კონგისა და რუსეთის შემდეგ კორონავირუსით ხელახლა ინფიცირების შემთხვევები ბელგიასა და ნიდერლანდებშიც დადასტურდა. ბელგიელი ვიროლოგის მარკ ვან რანსტის განცხადებით, ქალბატონი, რომელსაც COVID-19 პირველად მარტში დაუდგინდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ დაავადებისგან განიკურნა, კორონავირუსით კვლავ დაინფიცირდა. მსგავსი შემთხვევის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია ნიდერლანდებმაც.
ხელახლა ინფიცირების შემთხვევების გამო მეცნიერთა ნაწილი შიშობს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა შესაძლოა, სათანადოდ ეფექტური არ იყოს. თუმცა, მათივე თქმით, ხელახალი ინფიცირების ერთეული შემთხვევების ფონზე ვაქცინის ეფექტურობაზე საუბარი ნაადრევია.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 817 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 23 812 000–ს გადააჭარბა, 16 364 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1429-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1150 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.


