რუსეთში Covid-19-სგან 3 თვის წინ განკურნებული პაციენტი კორონავირუსით ხელახლა დაავადდა
25/08/2020 09:09:22 მსოფლიო
რუსეთში Covid-19-სგან 3 თვის წინ განკურნებული პაციენტი კორონავირუსით ხელახლა დაავადდა. პაციენტი ტუვის რესპუბლიკის ხელმძღვანელი შოლბან კარა-ოოლია.
როგორც კარა-ოოლი წერს, ამჯერად დაავადების სიმპტომები განსხვავებულია იმისგან, რაც პირველად ინფიცირების დროს ჰქონდა.
ტუვის ლიდერის თქმით, მას სჯეროდა, რომ COVID-19-ით მეორედ დაავადება შეუძლებელი იყო. „შესაძლოა, ამ თავდაჯერებულობამ მომატყუა", – განაცხადა შოლბან კარა-ოოლმა.
იგი მოსკოვში გაგზავნეს დამატებით გამოკვლევებზე.
შოლბან კარა-ოოლის კორონავირუსის ინფექცია პირველად სამი თვის წინ შეეყარა. მაშინ საავადმყოფოში ამავე დიაგნოზით მოხვდა ტუვის ხელისუფლების რამდენიმე სხვა წარმომადგენელიც.
ამჟამად რუსეთში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 960 000–ზე მეტი შემთხვევა, აქედან, ოფიციალური მონაცემებით, გარდაიცვალა თითქმის 16 500.
24 აგვისტოს COVID-19-ით ხელახლა დაავადების პირველი დადასტურებული შემთხვევის შესახებ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაცხადეს.
ცნობისათვის: მსოფლიოში COVID-19–მა 817 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 23 812 000–ს გადააჭარბა, 16 364 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1429-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1150 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.


