კრემლი: “ნავალნის მოწამლვის გამოძიების საფუძვლები ჯერ არ არსებობს”
25/08/2020 10:17:05 მსოფლიო
კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა “ცარიელი ხმაური” უწოდა ბერლინის კლინიკა “შარიტეს” განცხადებას ოპოზიციონერ ლიდერ ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამლვის თაობაზე.
"არ გვესმის, რის საფუძველზე ჩქარობენ ასე ჩვენი გერმანელი კოლეგები სიტყვა “მოწამლვის” გამოყენებას. ეს ერთ-ერთი პირველი ვერსია იყო, რომელსაც ჩვენი ექიმები განიხილავდნენ, მაგრამ ნივთიერება ჯერ დადგენილი არ არის", - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პესკოვმა.
მისივე თქმით, შესაძლო გამოძიებისთვის საფუძველი მაშინ გაჩნდება, როცა დადგინდება, რა ნივთიერებამ ჩააგდო ოპოზიციონერი კომის მდგომარეობაში.
გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სავარუდოდ, მოწამლეს.
”ჩვენ საქმე გვაქვს პაციენტთან, რომელიც, სავარაუდოდ, მოწამლეს”, - განაცხადა 24 აგვისტოს გამართულ პრეს–კონფერენციაზე ანგელა მერკელის პრეს–სპიკერმა შტეფენ ზაიბერტმა.
ცნობისთვის: რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა. ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ პოლიტიკოსი მოწამლეს.
21 აგვისტოს ომსკის სასწრაფო დახმარების №1 საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ალექსანდრ მურახოვსკიმ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მთავარი დიაგნოზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა:
"ამ ეტაპზე გვაქვს სამუშაო დიაგნოზი. ყველაზე მეტად ამ დიაგნოზს ვემხრობით - ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული სისხლში შაქრის მკვეთრი ვარდნით, რამაც შემდგომში ნავალნის ცუდად გახდომა გამოიწვია. ჩავატარეთ გამოკვლევები და შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ ოქსიბუტირატი ნავალნის ორგანიზმში ვერ აღმოვაჩინეთ".
კომაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ომსკის საავადმყოფოდან ბერლინში სამკურნალოდ 22 აგვისტოს გადაიყვანეს. გერმანელი ექიმები აცხადებენ, რომ ნავალნი მოწამლულია.
იხილეთ ასევე: „სატრანსპორტო პოლიციამ იპოვა საწამლავი, რომლითაც ნავალნი მოწამლეს და ის გარშემომყოფთათვისაც საშიშია”


