Accentnews.ge
“ხელისუფლების ადგილზე, საქართველოში Интер РАО-ს შემოშვების გადაწყვეტილებაზე კიდევ ერთხელ დავფიქრდებოდი”

“ხელისუფლების ადგილზე, საქართველოში Интер РАО-ს შემოშვების გადაწყვეტილებაზე კიდევ ერთხელ დავფიქრდებოდი”

20/06/2019 06:56:31 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა

ბაიდენის ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი ქართულ ენერგობაზარზე რუსული კომპანია Интер РАО-ს შემოშვების სტრატეგიულ რისკებზე საუბრობს და საქართველოს ხელისუფლებას ამ რისკების სათანადოდ გაცნობიერებას ურჩევს.

როგორც კარპენტერმა სპეცპროექტ “Пограничная ZONA”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ეს თემა მას საკვანძოდ და სტრატეგიულად მიაჩნია საქართველოს მოწყვლადობის თვალსაზრისით. 

“Интер РАО მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებდა ინვესტირებას საქართველოში, იგივე ენგურჰესში. ისტორიულად ასე ჩამოყალიბდა და ეს ნორმალურია, თუ ეს იქნება ლიმიტირებულად, შეზღუდულად. საქართველოს მაშინ ალტერნატივა არ გააჩნდა. მაგრამ დღეს მათი ინვესტიციების შემოშვება?... მე რომ ვიყო საქართველოს ხელისუფლების ადგილზე, ამ გადაწყვეტილებაზე კიდევ ერთხელ დავფიქრდებოდი, რადგან სწორედ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ და თითქოს შეუმჩნევლად ხორციელდება ის გავლენა. რომელსაც რუსეთი აქ სულ უფრო მეტად ზრდის და გარკვეული დროის შემდეგ ეს რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის შესაძლებლობას მისცემს. ამდენად, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას თბილისს დიდი სიფრთხილე ჰმართებს” - აღნიშნა კარპენტერმა.

რუსული გავლენის კონტექსტში მან ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის სხვა მიმართულებებზე, კერძოდ, საგარეო ვაჭრობაზე, ტურიზმზე, მიწების გასხვისებაზეც გაამახვილა ყურადღება და საქართველოს ხელისუფლებას ფინეთის მაგალითის გათვალისწინება ურჩია:

“შევხედოთ ფინეთის მაგალითს: მასაც საერთო საზღვარი აქვს რუსეთთან და 1990-იანი წლების ბოლოს, სსრკ-ის დაშლის შემდეგ, ასევე 2000-იანების დასაწყისში  მათაც შეექმნათ პრობლემები იმის გამო, რომ სათანადოდ არ იკვლევდნენ, ვინ ყიდულობდა მიწებს, ვინ იდგა მათ უკან, ვინც მათ ბიზნესს ყიდულობდა. შემდეგ მათ აღმოაჩინეს, რომ ბევრი გაყიდული მიწის ნაკვეთი სტრატეგიული სამხედრო ობიექტების სიახლოვეს მდებარეობდა, რომ ჰელსინკიში სახელგანთქმული კუნძულის  ჩრდილოვან მყიდველს კავშირები ჰქონდა რუსულ დაზვერვასთან”. 

თვალსაჩინოებისთვის კარპენტერს რუსეთთან ვაჭრობის და ტურიზმის მაგალითებიც მოჰყავს:

“ეს [რუსეთთან ვაჭრობა] ნორმალურია და საჭიროა, რუსეთი ხომ საქართველოს მეზობელია, მაგრამ საქართველომ არ უნდა დაივიწყოს საკუთარი პროდუქციის დასავლურ ბაზარზე გატანის საჭიროებაც და უფრო აგრესიული მონდომება გამოიჩინოს ამ მიმართულებით. ღვინო ამ მხრივ კარგი მაგალითია: 2008 წლის ომის შემდეგ ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი დასავლეთისკენ გადააორიენტირეს, დღეს კი უდიდესი ნაწილი კვლავ რუსულ ბაზარზე გადის… არაფერია ცუდი იმაში, რომ ღვინო რუსულ ბაზარზე გაიყიდოს, მაგრამ თუკი საქართველო რუსეთში ხარისხიან პროდუქციას ყიდის, გაყიდოს იგი დასავლეთშიც! იგივე ეხება ტურიზმს: არაფერია ცუდი იმაში, რომ აქ ბევრი რუსი ტურისტი ჩამოდის – ამას მხოლოდ მივესალმები, მაგრამ ხელისუფლება ასევე უნდა ცდილობდეს, საქართველო მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად აქციოს ფრანგი, გერმანელი, სხვა ევროპელი ტურისტებისთვისაც. მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება თქვენი ქვეყანა მდგრადი”. 

“საქართველო, ერთის მხრივ, სათანადოდ, სისტემურად უნდა აფასებდეს, რომელ პროექტებს აქვთ სტრატეგიული რისკები და ამ მიზნით უნდა ჩალიყალიბდეს რაღაც კომიტეტი, რაღაც პროცესი, ხოლო მეორეს მხრივ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, გამოიძებნოს გზები გლობალური ეკონომიკური წარმოდგენილობის დივერსიფიცირებისთვის” - ასკვნის მაიკლ კარპენტერი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S