"რადიო თავისუფლების" პრეზიდენტი ჯეიმი ფლაი თანამდებობას ტოვებს
18/06/2020 09:24:34 მსოფლიო
მედიაკორპორაცია "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების" პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ გადადგომის შესახებ განაცხადა.
როგორც ფლაი თანამშრომლებისადმი განმარტებით წერილში აღნიშნავს, მისი გადაყენების გადაწყვეტილება აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს ახალმა მმართველმა მაიკ პეკმა მიიღო.
“Associated Press”-ის ცნობით, პეკმა მისი სააგენტოს სტრუქტურაში შემავალი სამი სხვა მედია-ორგანიზაციის ხელმძღვანელებიც გადააყენა, კერძოდ, “რადიო თავისუფალი აზიის”, ახლოაღმოსავლური სამაუწყებლო ქსელისა და კუბაზე მაუწყებლობის ბიუროს თავკაცები.
გარდა ამისა, სააგენტოს ახალმა მმართველმა სამსახურიდან გაათავისუფლა ღია ტექნოლოგიების ფონდის უფროსი.
პეკი სააგენტოს ორი კვირის წინ ჩაუდგა სათავეში. ამ ხნის განმავლობაში მან "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების", “რადიო თავისუფალი აზიის”, ახლოაღმოსავლური სამაუწყებლო ქსელის დირექტორთა საბჭოს ყველა წევრის შეცვლა მოასწრო და თავი საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.
იხილეთ ასევე: “ამერიკის ხმის” ორი ხელმძღვანელი გადადგა


