
რომელი ქვეყნები დაინტერესდნენ საქართველოს მიერ შეთავაზებული „ტურისტული დერეფნებით“
08/05/2020 14:24:42 ეკონომიკა
პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, უსაფრთხო დერეფნებზე სხვადასხვა სახელმწიფოებთან შედგა კომუნიკაცია და ინტერესი გამოითქვა ისრაელის, ავსტრიის მხრიდან.
მისივე თქმით, არსებობს ინტერესი მეზობელი სახელმწიფოების მხრიდანაც.
„გვესმის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის რისკი არის და გახსნის ეს გრაფიკი, რომელიც თარიღების მიხედვით გამოვაცხადეთ, მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას სრულად ვმართავთ. ერთ თვეზე მეტი გვაქვს იმისთვის, რომ შიდა ტურიზმისთვის ინფრასტრუქტურა მოვამზადოთ. გვესმის, რომ კრიტიკული წერტილებია ტრანსპორტი, აეროპორტი, სახმელეთო საზღვარი, სასტუმრო. ველოდებით თქვენს ინსტრუქციებს, რას გამოაცხადებთ საერთაშორისო დონეზე ტურისტულად უსაფრთხო ზონებად და რა ინსტრუმენტები და წესები იქნება დასაცავი. უსაფრთხო დერეფნებზე ჩვენი საელჩოები უკვე ესაუბრებიან სახელმწიფოებს. ინტერესი უკვე გამოთქვა ისრაელმა, ინტერესი არის ავსტრიიდან, დიდი ხანია, მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან არსებობს ინტერესი და გვინდა, ამ მიმართულებით ვითანამშრომლოთ. ჩვენთვის ეს ყველაფერი არის შესაძლებლობა, ტურიზმი, როგორც ეკონომიკის დარგი, ნელ-ნელა გავხსნათ, ჯერ შიდა, შემდეგ - საერთაშორისო დონეზე; შეძლებისდაგვარად, იმ ხარისხიდან გამომდინარე, რა ხარისხითაც შევასრულებთ თქვენს და ჩვენს შიდა მოთხოვნებს, შევუერთდეთ ევროპის ტურისტულ ბაზარს და ამაში გვჭირდება თქვენთან თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება“, - აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გახარიამ გაერო–ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილთან ვიდეოკონფერენციისას.
კომუნიკაციის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა პოლოლიკაშვილმა
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აღვუთქვი რეგიონის ტურიზმის ინდუსტრიაში ახალი კორონავირუსის გავლენის განეიტრალებისკენ მიმართული ძლიერი და ეფექტური რეაგირების შემდგომ კოორდინაციაში“, - წერს ზურაბ პოლოლიკაშვილი „ტვიტერში“.
ცნობისთვის: როგორც მთავრობის წევრებმა 7 მაისს განაცხადეს, 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი ნებადართული იქნება, ხოლო ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს 1 ივლისიდან მიიღებს.
განიმარტა, რომ სხვადასხვა ქვეყნებთან კოორდინაციის გზით შეიქმნება „ტურისტული დერეფნები“ და განოიყოფა უსაფრთხო საკურორტო ზონები.
7 მაისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, ევროპელი ტურისტების მოსაზიდად სახელმწიფო ენერგიას არ დაიშურებს, თუმცა პირველ ეტაპზე ტურისტებს მეზობელი სახელმწიფოებიდან ელიან. კითხვაზე, მიიღებ თუ არა საქართველო ტურისტებს მეზობელი რუსეთიდან ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით და მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები მასთან „ტურისტული დერეფნების“ თაობაზე, მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს.