COVID-19-თან ბრძოლა შვედურად: წარმატებული მოდელი, თუ ახალგაზრდებისთვის მოხუცების შეწირვა?
05/05/2020 19:33:28 მსოფლიო
ევროპის ქვეყნების უმრავლესობისგან განსხვავებით, შვედეთს პანდემიის დაწყებისას მკაცრი კარანტინი არ შემოუღია და ქვეყნის მოსახლეობისთვის შედარებით რბილი რეკომენდაციებით შემოიფარგლა. ახლა ზოგიერთები “შვედურ მოდელს” აღფრთოვანებითა და შურით შესცქერიან, სხვანი კი მას “ახალგაზრდა თაობისთვის მოხუცებულთა შეწირვად” აფასებენ.
21 აპრილს შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის თანახმად, 1 მაისისთვის ახალი ტიპის კორონავირუსით სტოკჰოლმის მოსახლეობის 1/3 (თითქმის 600 ათასი მოქალაქე) იქნებოდა ინფიცირებული, თუმცა მალევე ეს პროგნოზი უკან გაიწვია, ოფიციალური ვერსიით – გათვლებში ავტორების შეცდომის გამო. ეს გათვლები მათემატიკურ მოდელირებას ემყარება, და ვირუსის გამოვლენილი მატარებლების შესახებ ოფიციალური ციფრები მათგან მართლაც შორსაა: 4 მაისისთვის სტოკჰოლმში მხოლოდ 8500 შემთხვევა იყო აღრიცხული, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების ციფრები დასტაბილურდა და კლების ტენდენციას ავლენს. თუ ახალზელანდიური ოკლენდის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის მონაცემებს დავუჯერებთ, რეპროდუქციის ინდექსი R0, რომელიც ადგენს, საშუალოდ რამდენ ადამიანს აინფიცირებს ერთი ინფიცირებული, შვედეთში 1-ს უკვე აპრილის შუა რიცხვებისთვის ჩამოსცდა – ანუ ვირუსის მეასე მატარებლის აღრიცხვიდან დაახლოებით 40 დღეში. ანალოგიური მონაცემები ფიქსირდება მეზობელ დანიაშიც, რომელსაც შვედეთს ყველაზე ხშირად ადარებენ. სხვა მონაცემებით, შვედეთში R0 ინდექსი კვლავინდებურად ოდნავ აღემატება 1-ს მას შემდეგ, რაც მასობრივი ღონისძიებების გაუქმების კვალდაკვალ იგი 2,3-იან ნიშნულს ჩამოსცდა.
ეპიდემია შვედეთსა და დანიაში პრაქტიკულად სინქრონულად ვითარდებოდა, ამიტომ “შვედური მოდელის” ჰუმანურობასა და ეფექტურობაზე დავები ამ დრომდე არ წყდება: საქმე ისაა, რომ ამ სინქრონულობის მიუხედავად, COVID-19-ისგან გარდაცვლილთა რაოდენობა 1 მლნ მაცხოვრებელზე აქ კვლავინდებურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში და გაცილებით მაღალი, ვიდრე მეზობლებთან – არა მარტო დანიელებთან, არამედ ნორვეგიელებთან და ფინელებთანაც. ამ მონაცემით (1 მლნ მოქალაქეზე 265 გარდაცვლილი) შვედეთი ნიდერლანდებს ემეზობლება, სადაც პანდემიის დაწყებისას მკაცრი შეზღუდვები ასევე არ შემოუღიათ და ქვეყანა მსოფლიოს სახელმწიფოების ათეულში შედის, უსწრებს რა მაგალითად, აშშ-ს, გერმანიას, ავსტრიასა და ირანს. მაგალითისთვის, დანიაში 1 მლნ მაცხოვრებლიდან COVID-19-ისგან მხოლოდ 85 კვდება.

სულ ქვეყანაში ვირუსის თითქმის 23 000 მატარებელია გამოვლენილი, 2700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 1 მლნ მაცხოვრებელზე ტესტების რაოდენობით შვედეთი მსოფლიოს ამ ნაწილში სულაც არ ლიდერობს, რაც ნაწილობრივ ხსნის გამოვლენილი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაღალ თანაფარდობას, რომელსაც პერიოდულად შეგვახსენებენ “შვედური მოდელის” კრიტიკოსები. დანიაში, რომელმაც საკმაოდ სწრაფად შემოიღო მკაცრი კარანტინი, ინფიცირებულთა რაოდენობა ორჯერ ნაკლებია, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობაც რაოდენობრივად თითქმის ორჯერ მცირეა შვედურზე (5,8 მლნ და 10,2 მლნ). აი, გარდაცვლილების რაოდენობა კი დანიაში უკვე 5-ჯერ ჩამორჩება შვედურს.
ამის მიუხედავად, შვედეთის შიგნით მოქალაქეთა უმრავლესობა “რბილ კარანტინს” ემხრობა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, გააგრძელონ მუშაობა კაფეებმა, რესტორნებმა და მომსახურების სფეროს სხვა ძირითადმა ობიექტებმა, რომლებიც პანდემიის გამო მნიშვნელოვნად ზარალდებოდნენ სხვა ქვეყნებში. პრემიერ სტეფან ლიოვენისა და მისი მთავრობის რეიტინგი გაიზარდა, ოპოზიცია, რომელიც მათ ჯერ კიდევ ზამთარში მკაცრად აკრიტიკებდა, ახლა მხარს უჭერს, ანტიკრიზისული ღონისძიებების შემმუშავებელ საპარლამენტო ჯგუფში კი 8-ვე საპარლამენტო პარტია მონაწილეობს.

ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ “შვედური მოდელის” კრიტიკოსები დადუმდნენ – როგორც თავად ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მათი ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი გამოსვლა 22 შვედი მედიკოსის ღია წერილი იყო: 14 აპრილს მათ მოითხოვეს ხელისუფლებისგან უფრო მკაცრი შეზღუდვების შემოღება კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად, აპელირებდნენ რა ხანდაზმულებში სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელზე, განსაკუთრებით – მოხუცთა თავშესაფრებში. თუმცა თავად ამ წერილის ავტორებიც გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მათ მეტისმეტად ხანმოკლე დროის პერიოდისთვის მეტისმეტად ვიწრო სტატისტიკური პლასტი აირჩიეს. ასეა თუ ისე, ამ წერილში გამოთქმული პროგნოზი ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობის მკვეთრი ზრდის შესახებ ამ დრომდე არ გამართლებულა.
შვედეთის მთავარ ეპიდემიოლოგ ანდერს ტეგნელს, რომლის გადაწყვეტილებებსაც, ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობა ემორჩილება, არაერთგზის უღიარებია, რომ პანდემიაზე რეაგირების კუთხით ერთ-ერთ შეცდომად იქცა ხანდაზმულთა დაცვაზე მიმართული ზომების დაგვიანება, უპირველესად – მოხუცთა თავშესაფრებში, – სწორედ ამან გამოიწვია გარკვეული მომენტისთვის ინფიცირების ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება. მოგვიანებით მთავრობა ამ პრობლემის გადაჭრას შეეცადა და სხვა ზომებთან ერთად, 7 აპრილს მსგავსი დაწესებულებების მიერ მნახველების მიღება აკრძალა.
მთავრობა ასევე არ ეშვება მცდელობებს, ვირუსის გავრცელება შეაჩეროს სტოკჰოლმის ემიგრანტებით დასახლებულ რაიონებში, სადაც უმთავრესად აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული ადამიანები სახლობენ. მჭიდრო დასახლებულობის, ბევრი მოსახლის მიერ შვედურის არცოდნისა და ეროვნული ტრადიციების მიმდევრობის გამო, რომლებიც დიდ ოჯახებში თვითიზოლაციას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის, ეს რაიონები ინფექციის კერებად გადაიქცა. მთავრობამ პრობლემა აღიარა და მოსახლეობის მშობლიურ ენებზე ინფორმირების პირობა დადო, ზოგიერთ რაიონში კი მრავაშვილიან ოჯახებს დროებით ბინებიც უქირავა იმ წევრებისთვის, რომლებიც თვითიზოლაციაში ყოფნას ამჯობინებენ.
ასეა თუ ისე, ტეგნელი პანდემიის დროს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შვედ ჩინოსნად იქცა: მის პორტრეტებს ბეჭდავენ მაისურებზე და ტატუებსაც კი იკეთებენ.

რას წარმოადგენს "შვედური მოდელი" პრაქტიკაში? "ვერ ვიტყვი, რომ ცხოვრება არ შეცვლილა, ბევრი ცვლილება მოხდა, თუმცა ყოველდღიურობის კუთხით სრული კომფორტი გვაქვს: მუშაობს ყველა მაღაზია, საბავშვო ბაღი, სკოლა, სპორტული დაწესებულებები, უწყებები; შეგვიძლია, დავკავდეთ სპორტით, ვისეირნოთ, ვიაროთ სხვადასხვა სექციებზე, ბიბლიოთეკაში… მეორეს მხრივ, ქალაქის ცენტრი, განსაკუთრებვით ცუდ ამინდში სრულიად დაცარიელებულია, ბევრი ადამიანი საკუთარი ინიციატივით ცხოვრობს თვითიზოლაციაში", – ამბობს შვედეთის დედაქალაქის კიდევ ერთი მაცხოვრებელი, სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი ირინა სეიცი.
ვერ ვიტყვით, რომ ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ვითარება სრულად თვითდინებაზე მიუშვა. მარტის ბოლოს შვედეთში 50 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა, რამაც ავტომატურად გამოიწვია მუზეუმების, თეატრებისა და კინოთეატრების უმრავლესობის დახურვა, კონცერტებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების გაუქმება. კომპანიებისა და სასწავლებლების უმრავლესობამ თანამშრომლები დისტანციურ შრომაზე გადაიყვანა. რისკ-ჯგუფის წარმომადგენლებს – მათ, ვინც 70 წელსაა გადაცილებული, აქტიურად ეხმარებიან თვითიზოლაციის რეჟიმში ყოფნისას სოციალური სამსახურები.
თუმცა სიმართლისგან შორს იქნება მტკიცება, რომ შვედები მცირერიცხოვან საკარანტინე რეკომენდაციებს ზედმიწევნით ასრულებენ. მაგალითად, გასულ კვირას მთავრობამ დროებით დახურა 5 რესტორანი სტოკჰოლმში, სადაც 1,5-მეტრიანი დისტანცია გამუდმებით ირღვეოდა. ამაში საკუთარი როლი შეასრულა საგაზაფხულო დათბობამ, რომელიც ესოდენ მოკლეა ჩრდილოეთის ამ ქვეყანაში. ადგილობრივი მედია ასევე შეშფოთებულია იმით, რომ ათასობით ადამიანი ეწვია უქმე დღეებში ისეთ ჰიპერმარკეტებს, როგორიცაა მსოფლიოში ცნობილი “IKEA”.

"ეს ქვეყნის შიგნით “შვედური მოდელის” მოწინააღმდეგეთა კიდევ ერთი არგუმენტია, – ამბობს სტოკჰოლმის მცხოვრები, მეცნიერებათა დოქტორი, შვედური იონჩეპინგის უნივერსიტეტის ლექტორი ეკატერინა კალინინა. – სამწუხაროდ, ადამიანების მხოლოდ დაახლოებით 70% ითვალისწინებს რეკომენდაციებს. მაგალითად, ადამიანები სხდებიან კაფეებში და აერთებენ მაგიდებს. მკაცრი კარანტინის მომხრეები ჯარიმების შემოღებას მოითხოვენ, რომლებიც ახლა გათვალისწინებული საერთოდ არ არის".
და მაინც, შვედების უმრავლესობა ერთმანეთისგან დისტანცირდება, ხანდახან – მთავრობის რეკომენდაციებზე უფრო მეტადაც კი. "ჩემი შვილები სტოკჰოლმში საერთაშორისო სკოლაში დადიან, – ყვება ირინა სეიცი. – სააღდგომო არდადეგებამდე სკოლაში ბავშვების 40%-მდე დადიოდა, დანარჩენებს მშობლები არ უშვებდნენ. პედაგოგები სანახევროდ ონლაინ-სწავლების ორგანიზებას ცდილობდნენ, თუმცა არდადეგების შემდეგ ეს მცდელობები შეწყვიტეს და ახლა სკოლაში სიარული ყველასთვის სავალდებულოა. შვედეთში დაწყებითი და საშუალო განათლება სავალდებულოა, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ სკოლები გაგებით ეკიდებოდნენ მშობლების ნაწილის შიშს, შვილები სასწავლებელში გაეშვათ. ამის მიუხედავად, მშობლების მესამედს ამის დღესაც ეშინია”.
მეტრო ქალაქში აბსოლუტურად ცარიელია, მისით მოსახლეობის ძალზე მცირე რაოდენობა სარგებლობს. ყველგან გაკრულია განცხადებები: "ისარგებლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში". ძირითადად შვედები მთავრობისა და მოსახლეობის ურთიერთნდობის პოლიტიკას ემხრობიან. მთავრობა ამბობს: “თქვენ გონიერი ხალხი ხართ, თავად იცით, რა უკეთესია თქვენთვის და შეგიძლიათ, საკუთარი კეთილდღეობისთვის ფიზიკური კონტაქტები შეამციროთ".

ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიის თანახმად, პანდემიისადმი ლიბერალური მიდგომის მეშვეობით შვედეთი ცდილობს, რაც შეიძლება, სწრაფად მიაღწიოს ე.წ. “კოლექტიურ იმუნიტეტს” და მოახერხოს, რომ ახალგაზრდა ჯანმრთელი ადამიანების უმრავლესობა დაინფიცირდეს, რითაც სამომავლოდ საზოგადოების უფრო მოწყვლადი ფენების უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი. თუმცა ანდერს ტეგნელი ამ მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ “კოლექტიური იმუნიტეტი” შეიძლება, “შვედური მოდელის” მხოლოდ გვერდითი ეფექტი იყოს. მისი განმარტებით, მთავარია, გამოიმუშავო სტრატეგია, რომელიც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მეტ-ნაკლებად ნორმალურად იცხოვროს, რადგან ცოტა თუ ელის მსოფლიოში იმას, რომ ერთ მშვენიერ დღეს კორონავირუსი ადგება და გაქრება. შვედეთის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროს რანდომიზირებულ ტესტირებებზე დაფუძნებული შეფასების თანახმად, COVID-19-ის ყოველ დადასტურებულ შემთხვევაზე ქვეყანაში 75 არგამოვლენილი შემთხვევა მოდის. და ასეთ შემთხვევაშიც კი “კოლექტიური იმუნიტეტის” გამომუშავებამდე, რომლის შესახებაც პანდემიის დასაწყისში ბრიტანეთის, ნიდერლანდების და ზოგიერთი სხვა ქწვეყნის ხელისუფლებები საუბრობდნენ, რამდენიმე წელი გაივლის, განსაკუთრებით - ვირუსის რეპროდუქციის ამჟამინდელი დაბალი ინდექსის შენარჩუნების შემთხვევაში.
ბოლო დღეებში “შვედურ მოდელს” პოპულარობა შესძინა ჯანმო-ს საგანგებო სიტუაციათა ექსპერტის, დოქტორ მაიკ რაიანის ფართოდ განხილვადმა განცხადებამ, რომ “შვედური მოდელი” შესაძლოა, მაგალითად იქცეს მთელი მსოფლიოსთვის იმაში, რაც მკაცრი საკარანტინე ღონისძიებების მოხსნის შემდგომ ცხოვრებას ეხება”. "ალბათ, ბევრს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ შვედეთმა საწინააღმდეგო ზომები არ მიიღო და ეპიდემიას დაუბრკოლებლად გავრცელების შესაძლებლობა მისცა. არ არსებობს რაიმე უფრო შორი სიმართლისგან", – განუცხადა 1 მაისს ჟურნალისტებს რაიანმა.

კიდევ ერთი გარემოება, რომელიც შვედეთის ხელისუფლების მიერ შერჩეული პოლიტიკის სასარგებლოდ მეტყველებს, ეს ეპიდემიის პიკზეც კი გამართულად მომუშავე ჯანდაცვის სისტემაა. "ამ სისტემის კოლაფსი არ მომხდარა, – ამბობს ირინა სეიცი. – აშენდა რამდენიმე საველე ჰოსპიტალი ქვეყნის უმსხვილესი ქალაქების სიახლოვეს. ახლა ისინი ცარიელია. არ იგრძნობა ხელოვნური სუნთქვის აპარატების ნაკლებობა, არ გადადებულა გეგმიური ოპერაციები. პირიქით, ადამიანებს მოუწოდებენ, საჭიროების შემთხვევაში არ შეუშინდნენ ექიმებთან ვიზიტს და არა მხოლოდ კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენისას, არამედ სხვა დაავადებების სამკურნალოდ. სადღეისოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით კრიტიკულ ან მძიმე მდგომარეობაში 500-ზე ცოტა მეტი პაციენტი იმყოფება. ეს ხომ სულაც არ არის დიდი ციფრი ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც შვედეთია".
შეშფოთებას, პირიქით, “ჩვეულებრივი” ექიმები გამოთქვამენ: შვედეთის სტომატოლოგთა ასოციაციამ, მაგალითად, გაავრცელა გაფრთხილება, რომ მკურნალობის გადავადებამ შესაძლოა, დიდი პრობლემები გამოიწვიოს, ინფექციური დაავადებების განვითარების ჩათვლით, განსაკუთრებით - ხანდაზმულებში.

შვედეთში შეზღუდვების მთელი სირბილის მიუხედავად, ისინი სერიოზული პრობლემებისგან უფრო საშუალო და მცირე ბიზნესის ნაწილს იცავენ, ვიდრე მსხვილ კომპანიებს – ისეთს, მაგალითად, როგორიცაა ავიაგადამზიდი SAS, რომელიც იძულებული გახდა, რეისების შემცირების გამო ათასობით თანამშრომელი გაეშვა სახლში. ექსპერტების გათვლით, “შვედური მოდელის” სირბილის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა წელს სულ მცირე, 7%-ით შემცირდება. დაზარალდებიან მცირე კომპანიებიც, პირველ რიგში – ისინი, რომელთა საქმიანობაც ტურიზმს უკავშირდება. ერთ-ერთი ასეთი კომპანიის მფლობელია ირინა სეიცის მეუღლე: "ოტელებს, რესტორნებს, ტურისტულ კომპანიებს შესაძლოა, გადასახადებისა და საკრედიტო პროცენტების ხდა ნახევარი წლით გადაუვადონ. გათვალისწინებულია ასევე საიპოთეკო არდადეგები, შეღავათები კერძო კრედიტების დაფარვაში. მიუხედავად ამისა, ბევრი მეწარმე საიჯარო გადასახადების ხდის გადავადებასაც ითხოვს. ამ მხრივ ჯერ მხოლოდ დაპირებები მოვისმინეთ და ამისგან არაერთი სასტუმრო და რესტორანი ზარალდება, რომელმაც საიჯარო თანხა ვერ გადაიხადა. შემუშავებულია გარკვეული მიახლოებითი პაკეტი, თუმცა იგი რეალურად, ჯერ არ ამოქმედებულა. მეუღლეს პატარა ტურისტული ფირმა აქვს და რეალური დახმარება ჯერ არ მიგვიღია. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან გვაშფოთებს".

რამდენად ფართო მხარდაჭერით სარგებლობს “შვედური მოდელი” ადგილობრივ საზოგადოებაში? ეკატერინა კალინინას თქმით, მხარდაჭერის მაჩვენებელი დაახლოებით 60–70%-ია: "რა თქმა უნდა, თუ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება შეიცვლება, ეს ციფრებიც არ დარჩება უცვლელი. ჯერ-ჯერობით კი, ბოლო 3 თვის განმავლობაში სოციალ-დემოკრატების მთავრობის ელექტრონული მხარდაჭერა 7%-ით გაიზარდა. მეზობელ ქვეყნებში სტატისტიკა მართლაც უმჯობესია, ვიდრე შვედეთში, მაგრამ მთავრობის მთავარი არგუმენტია – ჯერ ნაადრევია იმაზე მსჯელობა, ვინ გაიმარჯვებს საბოლოოდ".
ეკატერინა კალინინა შვედეთში უკვე 13 წელია, ცხოვრობს, მაგრამ ამჟამად სანქტ-პეტერბურგში იმყოფება: იგი რუსეთში ჯერ კიდევ საზღვრების ჩაკეტვამდე ჩავიდა (შვედეთის საზღვრები ფორმალურად დღემდე ღიაა) და ახლა ფაქტობრივად ჩაკეტილი აღმოჩნდა. "ჩემი აზრით, “შვედური მოდელის” მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა კამათში უპრიანი იქნება, ცოტა ღრმად ჩავიხედოთ შვედეთის ისტორიაში: ეს არის სახელმწიფო სიტყვის თავისუფლების გრძელი ისტორიით – ცენზურა აქ ჯერ კიდევ 1766 წელს აღმოიფხვრა. უკვე 250 წელია, შვედები მიეჩვივნენ, რომ მედია – ეს მართლაც მესამე ხელისუფლებაა, ამიტომაც ძალიან ენდობიან იმას, რაც ქვეყანაში იწერება. თუმცა არანაკლებ ენდობიან საკუთარ მთავრობასაც, რომელსაც მედია მუდმივად რეალურად აკონტროლებს და, ასე ვთქვათ, “შემოწმებულია”. აქედან გამომდინარეობს მტკიცე რწმენა, რომ პანდემიის ვითარებაში მთავრობა არ დაუშვებს რაიმე ისეთს, რაც საზოგადოებას დააზიანებდა".

“შვედური მოდელის” კრიტიკოსებს შორის ისმის მათი ხმებიც, ვინც მასში ქვეყნისათვის გრძელვადიან და არცთუ სასიამოვნო პოლიტიკურ შედეგებს ხედავს – მაგალითად, მემარჯვენე პარტიებისა და მოძრაობების პოპულარობის ზრდას, თუმცა იგი, სხვათა შორის, კორონავირუსით მოცული მრავალი ქვეყნისთვისაცაა დამახასიათებელი. ირინა შეიცი ამ კონტექსტში “დარწმუნებულობის შეგრძნებაზე” ამჯობინებს საუბარს:
"არჩეული სტრატეგიის სისწორეში დარწმუნებულობა ამჟამად შვედების უმრავლესობაში მძლავრდება. აპრილის დასაწყისში მძლავრად იგრძნობოდა კრიტიკა მთელი მსოფლიოს მხრიდან, ამბობდნენ, რომ ჩვენ აქ საცდელი კურდღლების როლში ვიყავით, რომ სახელმწიფო ფეხებზე გვიკიდებდა და ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა ეკონომიკურ ინტერესს აყენებდა. მაგრამ ახლა უკვე შეიძლება, ითქვას, რომ არჩეული გზა სწორი იყო. ადამიანებს სულ უფრო მეტად ახარებთ, რომ ჩვენთან ის მდგომარეობა არაა, როგორიც მეზობლებთან, რომ ჩვენ უფრო თავისუფლად ვგრძნობთ თავს. ამასთანავე, ჯერ არ შემხვედრია გონივრული სამეცნიერო დასაბუთება, რატომ არის აუცილებელი მკაცრი ლოკდაუნის შემოღება აქ ან მისი შენარჩუნება სხვა ქვეყნებში".
სანამ შვედები და მთელი დანარჩენი სამყარო სიფრთხილით აკვირდებიან, ხომ არ შეიცვლება ამ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ვითარება უარესობისკენ, ხელისუფლებამ მაინც გადაწყვიტა, შეეხსენებინა მოქალაქეებისთვის, რომ არ აპირებს, სრულად მათ კეთილ ნებაზე იყოს დამოკიდებული: 1 მაისს – სახელგანთქმულ ვალპურგიევის ღამეს მსხვილ საუნივერსიტეტო ქალაქ ლუნდის მერიამ ცენტრალურ პარკში მიწა ქათმის ნაკელით გააფხვიერა, რათა ხალხი, რომელსაც იქ შეკრება და გაზაფხულის დადგომის აღნიშნვა სურდა, უსიამოვნო სუნით დაეფრთხო.
/სტატია ნათარგმნია "Радио Свобода"–დან


