გერმანიას მსოფლიოში კორონავირუსისგან ყველაზე მეტი განკურნებული პაციენტი ჰყავს
17/04/2020 12:21:46 მსოფლიო
გერმანიას მსოფლიოში ახალი კორონავირუსისგან ყველაზე მეტი განკურნებული პაციენტი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ 7–დღიანი კლების შემდეგ ბოლო 2 დღეა, გერმანიაში Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევები იზრდება, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც მკვეთრად იმატებს.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, გერმანიაში 138 221 ინფიცირებულიდან 81 800 უკვე გამოჯანმრთელებულია. განკურნებული პაციენტების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილს ჩინეთი იკავებს, მესამეს – ესპანეთი.
რას აკეთებს გერმანია სხვებისაგან განსხვავებულს
გერმანიაში ე.წ. მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს. გერმანელები კორონავირუსზე ტესტს ბევრად უფრო მეტ ადამიანს უტარებენ, ვიდრე მაგალითად, ბრიტანელები ან ფრანგები.
ქვეყნის მასშტაბით 132 ლაბორატორია დღეში საშუალოდ 116 655 ტესტს ატარებს.
რობერტ კოხის ინსტიტუტის ინსტრუქციის თანახმად, პრიორიტეტი ენიჭება სამედიცინო მუშაკების ტესტირებას, კორონავირუსის სიმპტომებს მქონე ადამიანებსა და მათთან კონტაქტში მყოფი პირებს.
ერთი რამ ცხადია: თუ შენ ბევრ ადამიანს შეამოწმებ კორონავირუსზე, მათ შორის მათაც ვისაც, მსუბუქი სიმპტომები აქვს, რა თქმა უნდა, გაცილებით ნაკლები სიკვდილიანობა გექნება იმასთან შედარებით, ვიდრე უკვე ჰოსპიტალიზებული პაციენტების ტესტირების დროს.
ტესტირების ბევრი ადამიანისთვის ჩატარების შედეგად ბევრი დადებითი შემთხვევა იქნება გამოვლენილი ადრეულ ეტაპზე, რაც საშუალებას აძლევს შესაბამის სტრუქტურებს დროულად მოიძიოს ინფიცირებულის კონტაქტები და თავიდან აიცილოს დაავადების კიდევ უფრო მეტად გავრცელება, სწრაფად მოახდინოს ინფიცრებულების იზოლირება და შემდგომი მკურნალობა.
გარდა ამისა, გერმანელები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფაქტორად სოციალურ დისტანცირებას მიიჩნევენ.
”ხალხს ჯერ კიდევ 1 თვის წინ მიმართეს რეკომენდაციით, დაიცვან იზოლაცია“ – განუცხადა BBC News– ს გერმანიის აკრედიტებული ლაბორატორიების ასოციაციის წარმომადგენელმა ევანგელოს კოტსოპოლოსმა.
„მყისიერად იკველევენ ინფიცირებულთა კონტაქტებს და ტესტებს უტარებენ. მიმაჩნია, რომ ხელისუფლების ასეთი სრაფი რეაგირება ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. ისინი ამ გზით ახერხებენ ინფიცირების შემთხვევათა შემცირებას. აქ არ იზრდება ისე სწრაფად Covid-19-ით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა, როგორც ევროპის რიგ ქვეყნებში“, – განაცხადა კოტსოპოლოსმა.
თუ გერმანიამ პანდემია უფრო ნაკლები დანაკარგებით დაძლია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებმა, ამ შედეგის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ადრეული ტესტირება იქნება. ის ფაქტი, რომ ქვეყანა ე.წ. მასობრივ ტესტირებას ატარებს, გერმანიის ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური ინდუსტრიების სიძლიერის შედეგია. გარდა ამისა, გერმანია მოქალაქის ჯანდაცვაზე უფრო მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე მაგალითად, დიდი ბრიტანეთი.
უკანასკნელი მონაცემებით, გერმანიაში Covid-19-ით 4 098 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 138 221, გამოჯანმრთელებულია 81 800.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 146 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 100 000–ს გადააჭარბა, 554 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 370 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 79 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


