კუბოების დეფიციტი და კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო სასაფლაოები (ვიდეო)
16/04/2020 12:15:13 მსოფლიო
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 134 000–ს გადააჭარბა. ყველაზე მეტი მსხვერპლი აშშ–სა და ევროპაშია. რიგი ევროპული ქვეყნების დამკრძალავი ბიუროები დაკრძალვის ცერემონიებს ვერ აუდიან. იტალიაში, ლომბარდიის რეგიონის ქალაქ ბერგამოში, რომელიც ეპიდემიის ეპიცენტრია, დაკრძალვის ცერემონია ყოველ 30 წუთში იმართება.
![]()
ევროპის რიგ ქვეყნებში დამკრძალავი ბიუროები იძულებულები არიან, გარდაცვლილი ადამიანები სასახლეში რამდენიმე დღით გააჩერონ.
იმ სახელმწიფოებში კი, ჭირისუფლებს, რომელთაც ვერც კუბოზე მიუწვდებათ ხელი და ვერც დამკრძალავი ბიურო ეხმარება, გვამებს ქუჩაში ტოვებენ. მაგალითად, ასე ხდება ეკვადორში.
![]()
„კორონავირუსის პანდემიის გამო საავადმყოფოებში აღარ არის თავისუფალი საწოლები, რომ დაავადებულებს უმკურნალონ, მორგები, სასაფლაოები და დამკრძალავი ბიუროები გარდაცვლილთა დაკრძალვის ცერემონიების ჩატარებას ვეღარ აუდიან. ადგილობრივთა ნაწილის განცხადებით, მათ უბრალოდ სხვა არჩევანი აღარ რჩებათ და გვამებს ქუჩებში ტოვებენ“, – იუწყება CNN.
ახალი კორონავირუსით გარდაცვლილების ნაწილს საერთო სასაფლაოებზე ასაფლავებენ.
ეს ფოტო მარტში სატელიტით არის გადაღებული და ირანში, ქალაქ ყომში არსებულ საერთო სასაფლაოს ასახავს.
ოფიციალური ინფორმაციით, ირანში Covid-19-მა 4 869 ადამიანი იმსხვერპლა, თუმცა არაოფიციალური ცნობებით, გარდაცვლილთა რაოდენობა გაცილებით დიდია და თეირანი რეალურ სურათს მალავს.
ნიუ–იორკის შტატში Covid-19–ით გარდაცვლილთა ნაწილიც საერთო სასაფლაოზე დამარხეს:
ნიუ–იორკში ახალმა კორონავირუსმა უფრო მეტი ადამიანი შეიწირა, ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტმა. ბოლო მონაცემებით, შტატში Covid-19-მა 10 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ ტერორისტული აქტს, რომელიც 2001 წლის 11 სექტებერს ნიუ–იორკში მოხდა, საერთო ჯამში 2977 ადამიანი შეეწირა.
ცნობისთვის: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს ორგვარი წესით კრძალავენ: ან წვავენ ინფიცირებულის გვამს და მერე ათავსებენ ფერფლს კუბოში, ან ინფიცირებულს კრემაციის გარეშე ათავსებენ კუბოში. თუმცა ორივე შემთხვევაში დაკრძალვის ცერემონია უმკაცრესი ზომებით ხორციელდება, რადგან უცნობია რამდენ ხანს რჩება ვირუსი გარდაცვლილის სხეულზე.
ქვეყნებში აკრძალულია დაკრძალვაზე ხალხმრავლობა.
დაკრძალვის ცერემონიას უმეტესად მხოლოდ სასულიერო პირები და სასაფლაოს თანამშრომლები ესწრებიან, რადგან ჭირისუფლები კარანტინში არიან. დამკრძალავი ბიუროები ასეთ დროს ვიდეო–ზარის განხორციელებით აძლევენ საშუალებას ჭირისუფლებს თვალი ადევნონ მათი ოჯახის წევრის დაკრძალვის ცერემონიას.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 74 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
საქართველოს ხელისუფლება, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს საგანგებო რეჟიმის დაცვისა და რეკომენდაციის ზედმიწევნით გათვალისწინებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.
იხილეთ ასევე: პაატა იმნაძე: „დარჩით სახლში! გაიგეთ ხალხო, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით! ჩვენ გევექნება უდიდესი მსხვერპლი! აი, ეს ყველამ უნდა გავიგოთ“.


