
მეცნიერი: "უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსით დაინფიცირება ანძით შეუძლებელია. Covid-19–ს ვირუსი იწვევს და არა 5G ქსელი"
14/04/2020 08:56:12 საზოგადოება
ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ მომხმარებლები, რომელთა მტკიცებით, ახალი კორონავირუსით (Covid-19) ინფიცირების ერთ-ერთი წყარო 5G ქსელია. ამ თეორიის აბსურდულობას მარტო ისიც ადასტურებს, რომ Covid-19–ით ინფიცირების შემთხვევებით ერთ–ერთ მოწინავე ქვეყანაში – ირანში 5G ქსელი საერთოდ არ არსებობს.
მეცნიერები Covid-19–სა და 5G ქსელს შორის კავშირს „აბსურდულს“ უწოდებენ.
„მთელ მსოფლიოში უამრავმა ექიმმა და მეცნიერმა განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის დაავადებას იწვევს ვირუსი, რომელიც, მობილური ტელეფონის სიგნალისგან განსხვავდება. 5G ელექტრომაგნიტური ტალღებია. ელექტრომაგნიტური ტალღები სხვა რამ არის, ვირუსები კი სხვა და უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსით დაინფიცირება ტელეფონის ანძით შეუძლებელია. გარდა ამისა, სადღეისოდ, მსოფლიო მასშტაბით ჩატარებულ არც ერთ კვლევას არ დაუდასტურებია, რომ 5G ანძების მიერ გამოცემული სიგნალები ჩვენი იმუნური სისტემის დაქვეითებას ახდენენ“, – აცხადებს Reading University–ს ფიჭური მიკრობიოლოგიის ასოცირებული პროფესორი სიმონ კლარკი.
აღსანიშნავია, რომ Covid-19–ის გარდა, მსოფლიოში იყო გავრცელებული დაავადება „სარსი“ და „ღორის გრიპი“, თუმცა ისინი ბევრად უფრო ადრე დაფიქსირდა ვიდრე 3G და 4G ქსელები დაინერგებოდა. რაც შეეხება Covid-19–ს, მიუხედავად იმისა, რომ მისი პირველი დადასტურებული შემთხვევის [ჩინური მედიის ცნობით, დაავდების პირველი შემთხვევა არა დეკემბერში, არამედ ნოემბერში დაფიქსირდა] ოფიციალური თარიღი და 5G ქსელის შექმნის დრო ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ ეს უბრალოდ დამთხვევაა, რადგან Covid-19 დაფიქსირებულია ისეთ ქვეყნებში, სადაც 5G ტექნოლოგია ჯერ არ შესულა.
2003 წელი – 3G და „სარსი"
3G ქსელი 2001 წლის ბოლოს იაპონიაში შეიქმნა. ტექნოლოგია შეერთებულ შტატებში 2002 წელს გავრცელდა. ჩინეთში 3G ტექნოლოგიის განხილვა 2005 წელს დაიწყეს, ხოლო 3G ტექნოლოგიის ფართო გამოყენება – 2008 წელს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, პირველად მწვავე რესპირატორული დაავადება „სარსის“ გავრცელება სამხრეთ ჩინეთის პროვინცია „Guangdong“- ში 2002 წელს დაიწყო. შესაბამისად, წლებით ადრე მანამდე, სანამ ჩინეთში 3G ქსელი დაინერგებოდა.
2009 წელი – 4G და „ღორის გრიპი“
4G ქსელი პირველად 2009 წლის ბოლოს ნორვეგიასა და შვედეთში დაინერგა. აშშ–ში 4G ქსელი 2010 წლის აპრილიდან შევიდა. „ღორის გრიპი“, რომელსაც H1N1 ვირუსი იწვევს, პირველად 2009 წლის აპრილში მექსიკასა და შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა. შესაბამისად, მანამდე გაცილებით ადრე, ვიდრე 4G ქსელის გამოყენებას დაიწყებდნენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ღორის გრიპი“ პანდემიად 2009 წლის 11 ივნისს გამოაცხადა.
2020 წელი – 5G ქსელი და Covid-19
ოფიციალური მონაცემებით, ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანში 2019 წლის 31 დეკემბერს დაფიქსირდა.
5G ქსელი 2019 წლის ბოლოს აშშ–ში ჩაეშვა. იგი გასული წლის ბოლოსთვის იყო ხელმისაწვდომი შვეიცარიაში, სამხრეთ კორეასა და ჩინეთში. მიუხედავად იმისა, რომ 5G ქსელის ჩაშვება და Covid-19–ის გავრცელების თარიღები ერთმანეთს ემთხვევა, ეს მხოლოდ დამთხვევაა. 5G ქსელი არ არსებობს ბევრ ქვეყანაში, სადაც Covid-19 დადასტურებულია. მაგალითად ასეთი ქვეყნებია, ლათინური ამერიკის სახელმწიფოები, მათ შორის – მექსიკა, კოლუმბია, ბრაზილია.