
South China Morning Post – ჩინეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა არა დეკემბერში, არამედ ნოემბერში დადასტურდა
13/03/2020 18:14:45 მსოფლიო
ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) პირველი შემთხვევა არა დეკემბერში, არამედ ნოემბერში დადასტურდა, – იუწყება South China Morning Post სამთავრობო დოკუმენტებზე დაყრდნობით.
„ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, COVID-19 ჰუბეის პროვინციის 55 წლის მოქალაქეს 17 ნოემბერს დაუდგინდა. უხანში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან მეცნიერები ვირუსის წარმომავლობის დადგენას ცდილობენ. იმის გაგება თუ როგორ გავრცელდა დაავადება და რამდენად იმოქმედა აღურიცხავმა ინფიცირების შემთხვევებმა ეპიდემიის გამწვავებაზე, მეცნიერებს საფრთხის მასშტაბების უკეთ გააზრებაში დაეხმარება“, – წერს გამოცემა.
მისივე ცნობით, 17 ნოემრიდან მოყოლებული კორონავირუსით ყოველდღე 1-დან 5 ადამიანამდე ინფიცირდებოდა. 20 დეკემბერისთვის უკვე ქვეყანაში COVID-19–ის 60 დადასტურებული შემთხვევა იყო.
27 დეკემბერს ექიმმა ჟანგ ჯიშენმა ჩინეთის მთავრობას აცნობა, რომ უხანში ადამიანების ინფიცირების მიზეზი ახალი კორონავირუსი იყო. ამ დროისთვის, COVID-19–ით უკვე 180 პირი იყო ინფიცირებული. 2020 წლის 1 იანვარს ინფიცირებულთა რაოდენობამ 381-ს მიაღწია.
მეცნიერები ცდილობენ, იპოვონ ადამიანი, რომელიც კორონავირუსით პირველი დაინფიცირდა. ეს მათ COVID-19-ის გავრცელების წყაროს პოვნაში დაეხმარებათ. ამ დროისთვის მიიჩნევა, რომ ადამიანებში დაავადება ველური ცხოველისგან გავრცელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში 8 დეკემბერს დადასტურდა.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 4 983 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 134 000–ს გადააჭარბა. 71 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა.
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. 25 ინფიცირებული პაციენტიდან 22 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.