Bloomberg – ინდოეთმა, რომელიც აშშ–ს მალარიის წამლების 47%–ით ამარაგებს, ჰიდროქსიქლოროქინის ექსპორტი აკრძალა
06/04/2020 11:44:40 მსოფლიო
ინდოეთმა, რომელიც აშშ–ს მალარიის წამლების 47%–ით ამარაგებს, აკრძალა მალარიის ყველა წამლის, მათ შორის ჰიდროქსიქლოროქინის ექსპორტი, – იუწყება Bloomberg.
„ჩვენს მიერ მოპოვებული მონაცემების თანახმად, 2019 წელს აშშ–ის ძირითადი მიმწოდებელი ინდოეთი იყო. დანარჩენი 10 მთავარი მომწოდებელი არაინდური კომპანიები არიან, მაგალითად, როგორიცაა ებრაული „Actavis“, – წერს გამოცემა.
"ინდოეთის გადაწყვეტილების მიზანია საჭიროების შემთხვევაში თავად უზრუნველყოს ქვეყნის მოქალაქეების მკურნალობა. მას შემდეგ რაც მსოფლიო პანდემიამ მოიცვა, რიგმა ქვეყნებმა სხვადასხვა სახის სამედიცინო მასალების ექსპორტი აკრძალეს.
მას შემდეგ რაც აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეპარატი ჰიდროქსიქლოროქინი ხალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში „გარდამტეხ საშუალებად“ დაასახელა, რიგმა ამერიკულმა კომპანიებმა, მათ შორის Mylan NV აღნიშნული წამლის წარმოება დაიწყო, რათა ქვეყნის მზარდი მოთხოვნილება დააკმაყოფილოს", – იუწყება Bloomberg.
ცნობისთვის: რიგი სხვა ქვეყნების მსგავსად, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების სამკურნალოდ ჰიდროქსიქლოროქინს საქართველოშიც იყენებენ. როგორც 23 მარტს "აქცენტს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში წამლის მარაგს ელოდებოდნენ. "რაც შეეხება წამლის მარაგს, რამდენიმე კვირაში ჩამოვა 3000 კოლოფი, და „ავერსის“ , PSP–სა და "გეფა"–ს ქსელებში გაიყიდება“, – განუცხადეს „აქცენტს“ სამინისტროში.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 69 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 270 000–ს გადააჭარბა, 265 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 188 შემთხვევაა დადასტურებული. 188 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.


